„აჭარის ტელევიზიის“ წამყვანი, მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე ბათუმის
საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ ადმინისტრაციულ
სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა.
კობა ფარტენაძე გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, პოლიციის შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობის გამო ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
„კობა ფარტენაძე, პოლიციის მიმართ სხვადასხვა დროს განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის, ასევ წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.
კობა ფარტენაძემ, 16 აგვისტოს, მასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხვისას, სამართალდამცველებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა – აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.
ასევე, აღნიშული პირი 17 აგვისტოს ღამის საათებში, ბათუმში, ხმამაღლა ლანძღვა-გინებით არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, სამართალდამცველებმა, არაერთხელ მოუწოდეს შეეწყვიტა კანონსაწინააღმდეგო ქმედება, თუმცა ის არ დაემორჩილა პოლიციელების მოთხოვნას, პოლიციელებს მიაყენა შეურაცხყოფა“.
მოგვიანებით „აჭარის ტელევიზიის“ მეტეოროლოგი ზესტაფონის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ის იზოლატორის დატოვების შემდეგ „აჭარა თაიმსმა“ ჩაწერა.
კობა ფარტენაძემ 10 აგვისტოს Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის მიხედვითაც, მას დაჭრით ემუქრებოდნენ და ჰომოფობიური ლექსიკის გამოყენებით მიმართავდნენ. მეორე დღეს, 11 აგვისტოს, შსს-მ ფარტენაძის მიმართ ბათუმში მომხდარ ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავა. 12 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა „კობა ფარტენაძეზე დისკრიმინაციული ნიშნით ძალადობის და მუქარის საქმეზე“ ბრალდებულ ორივე პირს 7 000-7 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. 16 აგვისტოს კი კობა ფარტენაძემ ისევ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას თავს მორიგჯერ დაესხნენ.
ფარტენაძეზე გახშირებული თავდასხმების სასწრაფოდ გამოძიებისა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა 10 აგვისტოს, შსს-ს „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“.

