მამისონის ხიდი და პარალელური რეალობა მედიაში
12.08.2016
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მამისონის უღელტეხლზე ახალი ხიდი შენდება. ამის შესახებ სიუჟეტები 10 აგვისტოს რუსთავი 2 - ის დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში, ხოლო 11 აგვისტოს GDS - ის 2030 -ში გავიდა. ტელეკომპანიების მიერ ერთ თემაზე მომზადებული სიუჟეტები ურთიერთგამომრიცხავი იყო და გვიჩვენებდა პარალელურ რეალობას.

3 თუ 25?

რუსთავი 2: სიუჟეტის მიხედვით, მამისონის უღელტეხილზე, რუსეთ-საქართველოს საზღვრიდან 2-3 კილომეტრში ახალი ხიდი შენდება.

GDS: სიუჟეტის მიხედვით, “რუსეთ- საქართველოს საზღვართან ახლოს, მამისონის უღელტეხილიდან დაახლოებით 25 კმ- შიახალი ხიდი შენდება“.

ეს ის ხიდია/ ეს ის ხიდი არ არის

რუსთავი 2: სიუჟეტში მოვისმინეთ, რომ ხიდი, რომლის რეაბილიტაციაც ახლა მიმდინარეობს, ის ხიდია, რომელიც ქართულმა მხარემ რუსეთიდან მომავალი სამხედრო საფრთხის გამო ააფეთქა. „გზა, რომელიც საქართველოს რუსეთთან დააკავშირებს... ამ ეტაპზე მხოლოდ იმ ხიდის აღდგენა მიმდინარეობს, რომელიც თავის დროზე ქართულმა მხარემ შეგნებულად ააფეთქა, რათა რუსული არმიის შესაძლო ინტერვენცია, ამ მიმართულებიდან, აეცილებინა. ახლა კი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, რაც სავარაუდოდ, რუსულ მაგისტრალთან მიერთებით დასრულდება. თავად რუსეთის მხრიდან, სქართველოს საზღვრებამდე გზა, უკვე მოყვანილია“ - ასეთი იყო წამყვანის შესავალი ტექსტი, იგივე აზრი, ჟურნალისტის მიერ, გამეორდა სიუჟეტშიც, რომ „ეს ხიდი 2008 წელს ქართულმა მხარემ ააფეთქა, რადგან საზღვრიდან რუსი სამხედროების და მძიმე ტექნიკის გადმოსვლის საფრთხე არსებობდა“.

GDS: წამყვანის შესავალ ტექსტში მოვისმინეთ: „ხიდი, რომლის მშენებლობაც ახლა მიმდინარეობს,ის ხიდი არ არის, რომელიც 2009 წელს საქართველოს ხელისუფლებამ ააფეთქა. ხიდის რეაბილიტაცია მაშინდელი პრემიერის ნიკა გილაურის ბრძანებით 2009 წელსვე განხორციელდა“.

მოგვიანებით, სიუჟეტში საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რუკაზე გვიჩვენებს, რომ ის ხიდი, რომელიც აფეთქდა და 2009 წელს აღადგინეს და ის ხიდი, რომლის რეაბილიტაციაც ახლა მიმდინარეობს, სხვადასხვაა. ჩაწერილი ადგილობრივიც ადასტურებს, რომ ეს ორი სხვადასხვა ხიდია.

2030-ს, საკითხში მეტი სიცხადის შეტანის მიზნით, არ უჩვენებია ხიდი, რომელიც ააფეთქეს და 2009 წელს აღადგინეს და ახლადმშენებარე ხიდი.

ხიდი 2009 -ში აღადგინეს?

/media/1001663/2018/03/05/ae9d7e6426c10746fdb6757f239a00b3.jpg

რუსთავი 2: სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ ხიდი ქართულმა მხარემ აგვისტოს ომის დროს დაანგრია, რუსეთიდან მომავალი საფრთხის გამო, მაგრამ 2009 წელს მისი რეაბილიტაციის შესახებ აღნიშნული არ ყოფილა.

GDS: სიუჟეტის მიხედვით, კი "აგვისტოს ომის შემდეგ, ქართული მხარის მიერ აფეთქებული ხიდის რეაბილიტაცია მაშინდელი პრემიერის ნიკა გილაურის ბრძანებით 2009 წელსვე განხორციელდა“.

შეუერთდება თუ არა გზა, რუსეთის მიერ გაყვანილ გზას?

რუსთავი 2: სიუჟეტში ჟურნალისტების მხრიდან გამოთქმულია ვარაუდი, რომ ხიდთან ერთად მშენებარე გზაც საბოლოოდ, „სავარაუდოდ, რუსეთის მიერ საზღვრამდე მოყვანილი გზის გაგრძელება იქნება“. რა წყაროს ეყრდნობა ჟურნალისტი, ან რითი მტკიცდება მისი ვარაუდი, სიუჟეტში არ ჩანს, ის მხოლოდ პირად მოსაზრებას გვიზიარებს. არ ჩანს მცდელობა, ინფორმაციის ოფიციალურ წყაროებთან გადამოწმების.

GDS: წამყვანი შესავალ ტექსტში ამბობს: „ინფრასტურქტურის სამინისტროს განცხადებით, ხიდის მეორე მხარეს, რუსეთისკენ მიმავალი გზის მშენებლობა არ იგეგმება“. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე იმავეს, სინქრონშიც იმეორებს.

მოსახლეობა კმაყოფილი/ მოსახლეობა უკმაყოფილოა

რუსთავი 2: სიუჟეტში მოსახლეობის პოზიციაცაა წარმოჩენილი, ჟურნალისტი რესპონდენტების პერიფრაზირებისას ამბობს, რომ მოსახლეობა შიშობს,თუკი ეს ხიდი გაიხსნება, რუსები ქვეყნის ტერიტორიაზე გადმოსვლას უპრობლემოდ შეძლებენ. თავად ადგილობრივები კი, რომელთა კომენტარებიც ჟურნალისტის პერიფრაზს მოსდევს, ამბობენ:

„ხიდი კეთდება კი, ხიდი კეთდება“

ჟურნალისტი : რა ხიდი კეთდება?

„რა არის და მესაზღვრეები არიან ზემოთ და სათიბებია და საძოვრებია“

„სათიბების გულისთვის ამხელა ხიდს არ გაგვიკეთებდნენ, ზოგი ამბობს ჭორად, რომ ტუნელი იხსნებაო, ჩრ. ოსეთთან დამაკავშირებელი“

„ვიცი რომ გზა კეთდებაო და ხიდიო და რა დანიშნულება აქვს არ ვიცი.....თუ გაკეთდება გადმოვლენ, აბა რას იზამენ. საშიშროება იქნება?"

სხვა რესპონდენტი, რომელიც გზის აშენებით კმაყოფილია და მის დადებით მხარებზე საუბრობს, სიუჟეტში არ ჩანს.

GDS: წამყვანი: „ახალი ხიდი შენდება, რასაც მოსახლეობა მიესალმება. მათი განმარტებით, შესაძლებლობა ექნებათ, სახნავ-სათეს მიწებზე გადავიდნენ".

ადგილობრივი მოქალაქე:

„ყველაფერში გვჭირდება შვილო, იქიდან ჩვენ ვეზიდებით, თივას“.... სიუჟეტის ავტორი: „რუსეთ-საქართველოს საზღვრიდან, კერძოდ, მამისონის უღელტეხილიდან 25 კილომეტრში ხიდის მშენებლობას ადგილობრივები მხარს უჭერენ. მოსახლეობა ამბობს, რომ ხიდი მათ შესაძლებლობას მისცემს, სახნავ-სათეს მიწებზე გადავიდნენ, რასაც ადრე ვერ ახერხებდნენ. მათივე განმარტებით ხიდის მშენებლობას ტურისტული მნიშვნელობაც გააჩნია“. ამის შემდეგ, კიდევ ერთხელ ვისმენთ „კმაყოფილი მოსახლეობის“ პოზიციებს. არცერთი რესპონდენტი, რომელიც საფრთხეებზე საუბრობს, წარმოჩენილი არ არის.

საფრთხე არის/ საფრთხე არ არის

რუსთავი 2: სიუჟეტში ჩაწერილი ორივე ექსპერტი (ბათუ ქუთელია, ზურაბ აგლაძე) ამბობს, რომ გზა ქვეყნის უსაფრთხოებას ეჭვქვეშ აყენებს, რომ „არასწორი პოლიტიკით მთავრობა ქვეყანაში ოკუპანტის ინტერესებს ატარებს".

GDS: სიუჟეტში ორივე ტიპის მოსაზრებაა წარმოჩნელილი, ჯერ შოთა მალაშხიას პოზიცია მოვისმენთ, რომ ამგვარი ინფრასტრუქტურული პროექტებით ფაქტობრივად, რუსეთისთვის პლაცდარმი მზადდება, რომ ეს ყველაფერი ქვეყანას საფრთხეს უქმნის, შემდეგ კი, მამუკა არეშიძის აზრს ვისმენთ, რომ ამ ინფრასტრუქტურულ პროექტში სახიფათო არაფერია, თუკი რუსეთს ისევ მოუნდება ქვეყანაში შემოსვლა, ამას სხვა, უფრო მარტივი გზებითაც მოახერხებს.

საბოლოოდ, მამისონის უღელტეხილზე, ან მამისონის უღელტეხილთან (გააჩნია, რომელ არხს უყურებთ) მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, ორი არხის მიერ ურთიერთგამომრიცხავი სიუჟეტების ნახვის შემდეგ მაყურებელმა ვერ მიიღო სრული და ამომწურავი ინფორმაცია.

დამატებითი ინფორმაციის მოძიების გარეშე, მხოლოდ ამ ორი სიუჟეტის ყურებით, კვალავ გაუგებარი დარჩა:

1.ახლა სად მიმდინარეობს რეაბილიტაცია, მამისონის უღელტეხილზე, თუ მამისონის უღელტეხილთან? რუსეთ-სქართველოს საზღრიდან 3 კილომეტრში თუ 25 კილომეტრში?

2.არის თუ არა ახლა მშენებარე ხიდი, ის ხიდი, რომელიც 2009 წელს აფეთქდა და რომლის რეაბილიტაციაც 2009 წელსვე მოხდა...

3. შეუერთდება თუ არა გზა, რუსეთის მიერ საქართველოს საზღვრამდე მოყვანილ გზას?

რუსთავი 2 - ის სიუჟეტი

2030-ის სიუჟეტი

თეგები : პარალელური რეალობა;
ავტორი : სალომე აჩბა;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ