რუსთავი 2-ის“ საქმის გაშუქება ონლაინმედიაში
08.03.2017
რუსთავი 2 -ის გარშემო განვითარებული მოვლენები აქტიურად და არაერთგვაროვნად შუქდებოდა ონლაინმედიაში. მედიის ნაწილი მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას ავლენდა ტელეკომპანიის ამჟამინდელი გუნდისა და მენეჯმენტის მიმართ, ისმოდა ანტიდასავლური გზავნილებიც. შეგახსენებთ, რომ 7 მარტს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება რუსთავი 2-ის საქმეზე, უვადოდ შეაჩერა. იქამდე კი, 2 მარტს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

„რუსთავი 2-ისადმი“ ცალსახად ტენდენციური და უარყოფითად განწყობილი იყო გამოცემების ნაწილი.

სააკაშვილმა გაიმარჯვა - ევროსასამართლომ „რუსთავი2“-ის საქმეზე შეჩერების გადაწყვეტილება უვადოდ გააგრძელა! – ამ სათაურით გამოეხმაურა „საქინფორმი“ ევროსასამართლოს მიერ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უვადოდ შეჩერებას. სიახლეს თან ერთვის ფოტო, რომელზეც ევოსასამართლოს შენობა ამოყირავებულია და რუსული ასოებით აწერია „ცრუსთავი 2“.

იქამდე კი, 3 მარტს, უზენაესი სასამართლოს მეირ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ საქინფორმი წერდა: „საქართველოში მართლმსაჯულება აღსრულდა- სააკაშვილის ტელეკომპანია „რუსთავი 2“ კანონიერ მფლობელს დაუბრუნდა!“.

ავტორმა სტატია ვრცელი, „საზეიმო“ ტექსტით დაიწყო: „2017 წლის 2 მარტს საქართველოში ადგილი ჰქონდა მოვლენას, რომელიც თავისი მნიშვნელობით, 2012 წლის 1 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების შედეგად, სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმის ჩამოგდებას უტოლდება. გუშინ საღამოს სააკაშვილმა და მისმა პარტია „ნაცმოძრაობამ“ წააგეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“ – თავისი ერთადერთი პროპაგანდისტული რუპორი, რომლის მეშვეობითაც 2003 წელს მათ საქართველოში „ფერადი“ სახელმწიფო გადატრიალება – „ვარდების რევოლუცია“ მოაწყვეს და ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება.“

სტატიაში ქიბარ ხალვაში - „კანონიერ მფლობელად,“ „რუსთავი 2“ კი „სააკაშვილის მიერ გარედან მართულ“ ტელევზიად იწოდებოდა. ცინიკური დამოკიდებულა ჩანდა ტელევიზიის ამჟამინდელი დირექტორისადმიც, დამაკნინებელი იყო ავტორის ტექსტი ტელეკომპანიის დასაცავად გამართული აქციის მონაწილეებისადმიც: „ისინი ცოტანი არიან –ლგბტ–ს ფანებსა და მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან ერთად – 500 კაცამდე.“

„მაშ ასე, ქართველი ხალხი ზეიმობს – ადამიანები ერთმანეთს ფეისბუქით ულოცავენ,“ - კიდევ ერთი „საზეიმო“ ფრაზა ავტორმა სტატიის ბოლოსაც შემოგვთავაზა.

მას შემდეგ რაც, ევროსასამათლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა, გამოცემების ნაწილში მკვეთრად უარყოფითი განწყობები შეინიშნებოდა „რუსთავი 2-ისა“ და დასავლელი პოლიტიკოსებისადმი „საქინფორმის“ კიდევ ერთი სტატია, რომელიც საინფორმაციო სააგენტოს ვებგვერდზე 6 იანვარს გამოქვეყნდა:

„გამორიცხული არ არის, რომ „ნაცმოძრაობის“ წევრები დიდძალ ფულსაც უხდიან ამ ევროპელ პოლიტიკოსებს (ეს არ არის ქრთამი, გაგიკვირდებათ და, ამას დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებში „შემოწირულობა“ ჰქვია), რათა კვლავ გააქტიურდნენ, აღიმაღლონ ხმა და შეეცადონ საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლა გადაავადონ გაურკვეველი ვადით. ეს ყველაფერი კი, „ნაცებს“ უნდათ თავიანთი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოიყენონ – ვიზალიბერალიზაციის შეჩერება დააბრალონ „ქოცებს“ და არსებულ მთავრობას,“ -ასე აფასებდა ავტორი მოვლენებს.

„ეს ორი დღეა, „რუსთავი 2“-ის ეთერით გაკეთებულ განცხადებებში უკვე იკითხება რევოლუციური შინაარსი,“ -წერს ავტორი და 12 მარტს „რუსთავი 2-ის“ დასაცავად დაგეგმილ აქციას „უკრაინულ რევოლუციად“ აანონსებს.

„საქინფორმს“ ეკუთვნის კიდევ ერთი სტატია („ჩვენთან რევიზორი ჩამოდის - საქართველოში მედიამეურვეებს- ცენზორებს აგზავნიან!“), რომელშიც „რუსთავი 2-ის“ საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწვეტილება ავტორის მიერ „უპრეცედენტო ობიექტურობად“ შეფასდა.

ამ სტატიაშივე ინგრძნობოდა ანტიდასავლური განწყობები: „საქართველოს შეახსენეს, რომ ის მხოლოდ დასავლეთის პროტექტორატია, ანუ - კოლონია,“ - წერს ავტორი სტრასბურგის გადაწყეტილებაზე. „ნათელია: მალე საქართველოში, ხალხის დამცველი ომბუდსმენი ნანუაშვილისა და სოროსისა და კომპანიის “უფლებადამცველი” არასამთავრო ორგანიზაციებისგან შემდგარი “საზოგადოებრივი სექტორის” გარდა, მოგვევლინებიან ახალი რევიზორები მეურვეები - ცენზორები ევროპიდან და აშშ-დან, რომლებსაც არაფერი გაეგებათ არც საქართველოსი, არც ქართული ენის და არც ქართული მედიის...“ - ნათქვამია სტატიის ბოლოს.

„საქინფორმმა“ გამოაქვეყნა რეზო ამაშუკელის ხმალამოღებული ფოტო და ტექსტიც, რომლითაც იგი საქართველოში აშშ-ს ელჩს მოუწოდებდა: „სასწრაფოდ ჩაალაგოს თავისი ბარგი-ბარხანა და გაუდგეს გზას, სანამ ქართველი ხალხი გააძევებს! მოვუწოდებ ქართველ ხალხს - დავირაზმოთ და საქართველოდან გავაძევოთ ამერიკის ელჩი იან კელი! გავაძევოთ ყველა ვაი დიპლომატი, ვინც სულში გვაფურთხებს.“

კიდევ უფრო შორს წავიდა „ტბ24.გე,“ რომელმაც „რუსთავი 2-ის“ საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ ქიბარ ხალვაშსა და „რუსთავი 2-ს“ (სათაური: "თბილისი 24" ულოცავს ქიბარ ხალვაშს და "რუსთავი 2-ს" ნანატრ თავისუფლებას!“), შემდეგ კი პირადად მკითხველებს მიულოცა: „გილოცავთ, რუსთავი 2, სიცრუის ბოლო ბასტიონი დაეცა!“

„გილოცავთ, ფაშისტური რეჟიმის დემაგოგიის მთავარი წყარო, სიცრუის ბოლო ბასტიონი, პარტია "ნაციონალური მოძრაობის" სპეც.სამსახურად ქცეული ტელეკომპანია "რუსთავი 2" თავისუფალია, სასამართლომ ის კანონიერ მფლობელს დაუბრუნა! ქართულ საზოგადოებას ვეღარ მოწამლავს სიცრუის ის ნიაღვარი, რაც ამ პოლიტიკურად აშმორებული არხიდან ისმოდა და იყურებოდა!“ - წერია გამოქვეყნებულ მასალაში.

ანტიდასავლურ პროპაგანდასა და „რუსთავი 2-ისადმი“ ნეგატიურ დამოკიდებულებას ტირაჟირებდა „tb24-ის“ კიდევ ერთი მასალა: „ჭირსაც წაუღია რუსთავი 2...რა თავში ვიხლით ასეთ ვიზალიბერალიზაციას?“

რუსთავი 2-ის საქმეზე მსჯელობისას, საქართველო და მსოფლიოს აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელიც არ დავიწყებია, გამოქვეყნებულ სიახლეს თან არაეთიკური ფოტომონტაჟი ერთვოდა.

ამ გამოცემაში რუსთავი 2 ზე გამოქვეყებულ ყველა სიახლეში ტელეკომპანია და მისი ამჟამინდელი მენეჯმენტი ნეგატიურდ გაშუქდა. გთავაზობთ რამდენიმე სიახლის სათაურს:

ზურაბ ბიგვავა: გააკეთონ ახალი ტელევიზია, დაარქვან მიშა2 და რაზეც უნდათ იმაზე ილაპარაკონ!

ინგა გრიგოლია: მაშინ, როცა გირგვლიანის თემით ქვეყანა ინგრეოდა, კურიერი მერაბიშვილს რეფორმებზე საუბრობდა!

თინა ხიდაშელი: ყარამანაშვილებს ვერ ვიგლოვებ, თუ გინდათ ჩამქოლეთ!

ქიბარ ხალვაში: ნიკა გვარამია არის ჩვეულებრივი ავანტიურისტი მათხოვარი!

“ლუსტრავი 2”, ანუ რეალურად რისი თავი აქვს “რუსთავი 2”-ს?

მედიაჩეკერი ასევე დააკვირდა თემის გაშუქებას შემდეგ გამოცემებში: ტაბულა, ნეტგაზეთი, ლიბერალი - გამოცემებმა მკითხველს თემის შესახებ ყველა მნიშვნელოვანი გაცხადება თუ ფაქტი გააცნეს, გაშუქება მიუკერძოებელი და მრავალფეროვანი იყო, არ გამოვლენილა რაიმე ეთიკური სტანდარტის დარღვევა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ