გენდერული სტერეოტიპები და სექსიზმი გადაცემა „კრაზანაში“
12.04.2017
11 აპრილს ტელეკომპანია "იბერიის" გადაცემა „კრაზანა“ ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპიკოპოსს, რუსუდან გოცირიძეს სტუმრობდა. წამყვანი მთელი გადაცემის განმავლობაში სტუმარს წარმოაჩენდა „უჩვეულო“, „ეგზოტიკურ ქმნილებად,“ რომელიც თან ქალია და თან ეპისკოპოსი.

“ტრადიციული ქართული სახელი, რუსუდანი, გვარიც ქართული, გოცირიძე და საქართველოსთვის აბსოლუტურად განსხვავებული და არადამახასიათებელი წოდება -მეუფე რუსუდანი. ქალი ეპისკოპოსი, ქალი, რომელიც მსახურობს ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში” - ასეთი შესავლის შემდეგ, წამყვანი რესპონდენტის სახლში შეგვიძღვა და მასთან ინტერვიუ შემოგვთავაზა.

წამყვანი ლგბტ თემისა და მუსლიმებისადმი რესპონდენტის განწყობითაც დაინტერესდა და არაერთი არაადეკვატური შეკითხვა დასვა: „როდესაც მუსლიმების ინტერესებს იცავდით, მათ ჰყავთ თავიანთი მოძღვარი, თქვენი პოზიცია აქ ცოტა გაუგებარია. რა საჭირო იყო კიდევ თქვენი ჩარევა? იმისთვის ხომ არა, რომ მერე ჯილდო მიგეღოთ, ქულები დაგეწერათ?“

სტუმარს გადაცემაში არაერთხელ მოუწია წამყვანის სექსისტურ და დისკრიმინაციულ გამონათქვამებთან დაპირისპირება, რამაც წამყვანის მხრიდან, ასეთი შეფასება დაიმსახურა: „ვაიმე, უკაცრავად, რუსუდან, ახლა რომ არ მცოდნოდა, რომ ვესაუბრები მეუფეს და ეპისკოპოსს, ვიფიქრებდი, რომ ფემინისტებს ვესაუბრები“. რაზეც რესპონდენტმა უპასუხა: „დიახ, მე ფემინსტი ვარ“. სტუმარი ჟურნალისტს უხსნის, რომ ფემინისტობა ცუდი არ არის, რომ იყო ფემინისტი, არ ნიშნავს, იყო კაცთმოძულე. წამყვანი ფემინიზმის თავისებურ გაგებას მიანც გვიზიარებს: „ხო, მაგრამ ხშირად ქვები ზუსტად რომ კაცებს ხვდებათ და შესაბამისად, რჩება შთაბეჭდილება, რომ ზუსტად კაცთმოძულეობაა“.

წამყვანი იმდენად გაკვირვებული ჩანდა გენდერულ საკითხებზე რესპონდენტის დამოკიდებულებით, რომ განსხვავებული პასუხის მისაღებად მას არაერთხელ დაუკონკრეტა სექსისტური შინაარსის კითხვა: „თქვენ გყავთ ორი შვილი, დავიჯერო, თქვენ არ აკეთებთ ამ სხვაობას? არანაირ მიმართულებას არ აძლევთ გოგოს მაინც უფრო ქალურისკენ და ბიჭს უფრო მამაკაცურისკენ? მაგ. ბიჭს უნდა უთხრა აუცილებლად, რომ შენ თავი უნდა დაიცვა, თუ გცემენ, უნდა უპასუხო. გოგოს პირიქით, რომ კონფლიქტს მოარიდოს თავი“.

მას შემდეგ კი, რაც სტუმარი კვლავ თავის პოზიციას იცავდა, წამყვანმა დასვა შეკითხვა: „თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ სწორედ იმიტომ არის, რომ ბევრი არამამკაცური მამაკაცი იზრდება უკვე ოჯახებში და თუნდაც ეს ჰომოსექსუალიზმი იმიტომაა, რომ ბიჭებს აღარ ზრდიან, როგორც უნდა გაზარდონ, ბიჭური მიმართულება რომ უნდა მისცენ?“

სექსისტური ფრაზები ისმოდა წამყვანის მხრიდან გადაცემის ბოლოსკენაც: „გოგოს არ უნდა უთხრა, რომ გოგო უნდა იყოს უფრო მოკრძალებული, გოგომ არ უნდა იძახოს ბოზის შვილი ვარ და ა.შ? არც ბიჭმა არ უნდა იძახოს, მაგრამ მე მგონი, გოგოს პირიდან უფრო საშინლად ჟღერს, არა?“

„ფიზიოლოგიურად იმდენად განსხვავებულები ვართ მამაკაცები და ქალები, რომ ალბათ ეს ბუნებრივიც არის, რომ ქცევაც უნდა იყოს განსხვავებული?“ - განაგრძობდა წამყვანი.

წამყვანი ინტერვიუს განმავლობაში თავად აღნიშნავდა, რომ გადაცემის სტუმრად რუსუდან გოცირიძის შერჩევის ერთადერთი მოტივი მისი სქესი და „უჩვეულობა“ გახდა: „ჩვენ თქვენთან მოვედით არა იმიტომ, რომ თქვენ გამორჩეული მოძღვარი ხართ, სულიერი მამა თქვენი მრევლის, ჩვენ მოვედით იმიტომ, რომ თქვენ ხართ ქალი და ხართ ეპისკოპოსი“.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მიხედვით, (მუხლი 33) მედიამ ხელი არ უნდა შეუწყოს სტერეოტიპების გამყარებას.


თეგები : სტერეოტიპები;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ