„მამათმავლობა და დედათმავლობა - ეს არის გენეტიკის და ფსიქიკის დაავადება“ - ჰომოფობია „ობიექტივის“ ეთერში
07.11.2017
6 ნოემბერს „ობიექტივის“ გადაცემა „ღამის სტუდიაში“ სტუმრებისა და წამყვანის მხრიდან ისმოდა სიძულვილის ენა, ჰომოფობია და სექსისტური გამონათქვამები. „მამათმავლობა და დედათმავლობა ეს არის დაავადება, ეს არის ფსიქიკის დაავადება, ხშირად ეს არის გენეტიკის და ფსიქიკის დაავადება ერთად, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის დაავადება. ეს არ არის სიკეთე, ეს არის ძალიან ცუდი და ეს დაავადება საჭიროებს მკურნალობას. მინდა გითხრათ, რომ 1991 წლამდე, მთელი მსოფლიოს მედიცინა ასე ფიქრობდა. მერე ამერიკის ორგანიზაციებმა დაიწყეს ლაპარაკი, რომ ეს დაავადება არ არის და ბოლოს იმდენი ქნეს, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ თქვა, რომ არ არის დაავადება. მაგრამ ექიმების ნახევარზე მეტი დღესაც თვლის, რომ დაავადებაა. უბრალოდ, ყველა ამას ღიად ვერ ამბობს, მაგრამ ექიმების მესამედი მაინც ღიად ამბობს, რომ ეს დაავადებაა. ახლა, ვილაპარაკოთ, რომ დაავადება კარგია, ეს არის ბოდვა“ - ამბობს გადაცემის სტუმარი დავით თარხან-მოურავი და ამატებს, რომ ეს ადამიანები „ჩაგრულის ნიღაბს“ ამოფარებული მტრები არიან, სინამვდილეში მათ უფლებებს არავინ არღვევს, მათი მიზანი ამგვარი ცხოვრების წესის პროპაგანდა და საზოგადოებისთვის თავსმოხვევაა, ამ ყველაფრის შედეგად, მისი აზრით, ბევრ ახალგაზრდას დაუმახინჯდა ფსიქიკა და დაიწყო „უკუღმართულად აზროვნება“. გადაცემის წამყვანი არათუ ეწინააღმდეგება სტუმრის მიერ გამოთქმულ ჰომოფობიას, არამედ ეთანხმება კიდეც მას. გადაცემის სტუმარი ამ თემას პოლიტიკური ქულების დასაწერადაც იყენებს და მოუწოდებს აუდიტორიას, „პატრიოტთა ალიანსს“ მხარი დაუჭირონ, რადგან ეს პოლიტიკური ჯგუფი, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, „ლგბტ პროპაგანდის“ ამკრძალავ კანონს მიიღებს. გარდა ჰომოფობისაა, ეთერში ისმის სექსისტური განცხადებებიც. დავით თარხან-მოურავი: არ უნდა ცდილობდეს საბავშვო ბაღი და სკოლა პატარა გოგონაში, მანდილოსანში აღზარდოს სურვილი იყოს ბეტონის ჩამსხმელი მშენებელი. ეს იდიოტობაა. წამყვანი: და ბიჭი თამაშობდეს თოჯინებით და დედოფალებით. თახრან-მოურავი: ეს სისულელეა ყველაფერი. მანდილოსანმა მანდილზე უარი არ უნდა თქვას. და მამაკაცმა კაცობაზე უარი არ უნდა თქვას.

თეგები : სიძულვილის ენა;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ