მანიპულაცია შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის თემაზე P.S. -ში
05.07.2018
პირველ ივლისს ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გადაცემა "პოსტსკრიპტუმში" ერთ-ერთი სიუჟეტი შინაური ცხოველების თემას მიეძღვნა. მასალის ინსპირაცია საქართველოს რამდენიმე საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილება იყო. დოკუმენტი შინაური ცხოველების (ძაღლი, კატა) ყოლის, მოვლა-პატრონობისა და ასევე, მათი პოპულაციების მართვის პირობებს ადგენს.

სიუჟეტმა, რომლის მიზანიც სავარაუდოდ დეპუტატების კომპეტენციის ჩვენება იყო, თავისი შინაარსით, ასევე, წამყვანის შესავლითა და და დასკვნით, არასერიოზული და დამცინავი წარმოდგენა დეპუტატების ნაცვლად მაყურებელს ცხოველთა უფლებებზე შეუქმნა. არადა ჟურნალისტმა მასალის ბოლოს თავადვე ახსენა, რომ ეს თემა სასაცილო არ არის.

სიუჟეტის წარდგენისას წამყვანმა აუდიტორიას რამდენიმესაკრებულოს მიერ სხვადასხვა დროს მიღებული რეალობასთან შეუსაბამო დადგენილებები გაახსენა. შემდეგ კი თქვა:“ადამიანთა პრობლემები ხომ მოგვარებული აქვთ, ახლა ცხოველებს მიადგნენ და სხვადასხვა პირობებთან ერთად, ისიც დაუდგინეს, როგორ უნდა ისექსაონ”.



სიუჟეტში, რომლის მომზადების საფუძველი საკრებულოების მიერ მიღებული დადგენილებები იყო, მაყურებელს არ უნახავს რა წერია დოკუმენტში. მთელ მასალაში მთავარი აქცენტი ცხოველების გამრავლებაზე გაკეთდა და აუდიტორიას არ მიუღია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს დადგენილება არეგულირებს და აწესრიგებს იმ პირობებს, რომელშიც ცხოველები უნდა იმყოფებოდნენ, საუბარია მათ კვებაზე, მოვლაზე, დაავადებებისგან დაცვასა და ასევე მათ მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულებების შემცირებაზე. სწორედ ამ უკანასკნელს ეხება დოკუმენტის მე-11 მუხლი, - შინაური ცხოველების მოშენება, რომელშიც ვკითხულობთ, რომ “პოპულაციური კონტროლის მიზნით აკრძალულია 2 წლამდე და 6 წელს ზემოთ და წელიწადში ერთზე მეტად ცხოველების გამრავლება”.

სიუჟეტში ხაშურის საკრებულოს თანამშრომელი განმარტავს, რომ გამრავლების შესახებ ჩანაწერი სელექციურ მოშენებას ეხება, მაგრამ არც ავტორს და არც გადაცემის წამყვანს ამაზე აქცენტი არ გაუკეთებია. მთელი სიუჟეტის განმავლობაში კადრებში ვხედავდით სხვადასხვა ოჯახის შინაურ ცხოველებს და ვისმენდით მეპატრონეების გაოცებულ კომენტარებს, როგორ გაუკონტროლონ თავიანთ ცხოველებს ინსტინქტები: “უსაქმური ადამიანი უნდა იყო, რომ დიო ძაღლებს”... “სექსს როგოს ავუკრძალავ, ჩემამდე არ მოდის, დავაბავ? ეგ არ არის სწორი”

სიუჟეტში არც სპეციალისტებისა და შეთავაზების ინსპირატორი არასამთავრობო ორგანიზაციების განარტებები ისმოდა იმის შესახებ, რა მიზანი აქვს ამგვარ დადგენილებებს, რატომ დადგა დღის წესრიგში ეს საკითხი, რას ნიშნავს ცხოველებისადმი ჰუმანური მოპყრობა და ეს ყველაფერი, პირდაპირ თუ ირიბად, ისევ ადამიანებს როგორ უკავშირდება. სიუჟეტიდან მაყურებელმა ვერაფერი გაიგო ცხოველების კასტრაცია/ სტერილიზაციაზე, საერთაშორისო გამოცდილებაზე, საქართველოში უპატრონო ცხოველების პრობლემებსა და გადამდებ დაავადებებზე, რაც საკმაოდ სახიფათოა ანუ, ყველაფერ იმაზე, რაზეც დადგენილება საუბრობს.


„ძაღლები და კატები კი არა, ასეთ უმაქნის დეპუტატებს ვინც ამრავლებს, იმას უნდა წააჭრა ძირში ყვერები და კიდევ უნდა მოუწვა ის ადგილი, რომ ახლები არ ამოუვიდეს”, - გადაცემის წამყვანის ასეთი ციტატით, სიუჟეტის დასასრულს, მასალამ აუდიტორიას დადგენილება მხოლოდ მხოლოდ “ცხოველებისთვის სექსის აკრძალვად” გააცნო. სინამდვილეში კი, როგორც “მედიაჩეკერს” “ცხოველთა უფლებების კომიტეტის” თავმჯდომარემ (ორგანიზაცია, რომელიც ცხოველთა მოვლის შესახებ კანონპროექტზე მუშაობს)თინათინ ჭავჭანიძემ განუმარტა, საუბარია გამრავლების კონტორლის მექანიზმის შემუშავებაზე, საკმაოდ მკაცრზე, მაგრამ ისევ ცხოველებისთვის ჰუმანურზე, რომ უპატრონო ცხოველები ქუჩებში სტიქიურად არ გამრავლდნენ.

“სრულიად უაზრო სკანდალი აგორდა და გაუგებარია, რატომ იქცა სასაცილოდ ეს თემა. ვისაც უნდა და როგორც უნდა ისე ამრავლებს ცხოველებს, მერე აღარ მოეწონებათ, გადააგდებენ და იტანჯებიან ეს ქუჩაში გაყრილი კატები და ძაღლები. ზოგი ნაგავშიც კი აგდებს პატარა ლეკვებს და კნუტებს. ცალკე პრობლემაა გენეტიკური, გადამდები და სხვა სახის დაავადებები ცხოველებში. ამიტომ, თუ ამის კონტროლი მეტ-ნაკლებად მოხერხდება, ქუჩის ძაღლების და კატების რაოდენობა აუცილებლად შემცირდება”,- ამბობს ჭავჭანიძე.

თეგები : მანიპულაცია;
ავტორი : ნინო ჩიმაკაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ