მანიპულაციური სათაური მარიხუანის მოხმარებაზე
01.08.2018
30 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარება ლეგალურად მიიჩნია და მისი მოხმარებისთვის ჯარიმა გააუქმა. გადაწყვეტილება საქართველოს საპატრიარქომ ნეგატიურად შეაფასა. მედიასაშუალების ნაწილმა 31 ივლისს საპატრიარქოს წარმომადგენლის განცხადება შეცდომაში შემყვანი სათაურით გაავრცელეს.

მასალა იდენტური სათაურით “საპატრიარქო კანაფის მოხმარების ლეგალიზების შემდეგ, კოკაინის ლეგალიზებას ელოდება” სამმა მედიასაშუალებამ: “იმედნიუსმა”, “მეტრონომმა” და “მედიამოლმა” გამოაქვეყნა. მსგავსი შინაარსის შესავლით წარადგინა ტელეკომპანია “იმედის” წამყვანმა 31 ივლისს 14-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში ამ თემაზე მომზადებული მასალაც. ამგვარი სათაური და წარდგენა დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის კომენტარის არასწორი ინტერპრეტაცია იყო. ის “იმედთან” მიცემულ კომენტარში ამბობდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება “ერის ღალატის ტოლფასია” და “უარესსაც” ელოდებიან. კომენტარში არსად იყო ნახსენები კოკაინთან დაკავშირებული პროგნოზი. “იმედის” ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ტექსტურ მასალაში დეკანოზის სხვა ციტატაც არის მოცემული - “თუ ამ ლოგიკით სვლას გავაგრძელებთ ჩვენ მსგავს ლიბერალურ მიდგომას უნდა ველოდოთ კოკაინზე, ჰეროინზე და ა.შ." ამ კომენტარშიც არის მხოლოდ დაშვება. სტატიის სათაური არ ასახავს ნათქვამის ზუსტ კონტექსტს.

თეგები : მანიპულაცია;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ