ამერიკელი ლობისტის კავშირი საქართველოსთან - ერთი ამბის ორი სხვადასხვა ფოკუსი
04.09.2018
3 სექტემბერს მედიაში ერთ-ერთი მთავარი თემა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ტელეკომპანია CNN-ისთვის მიცემული ინტერვიუ და ამერიკელი ლობისტის სემ პატენის საქართველოსთან კავშირები იყო.  

ეს თემა ტელეკომპანია "რუსთავი 2-ისა" და "იმედის" მთავარ საინფორმაციო გამოშვებებშიც მოხვდა, თუმცა აბსოლუტურად განსხვავებული ფოკუსით. ამერიკული მართლმსაჯულების მიერ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სასარგებლოდ ჩარევაში ბრლდებული პატენი ტელეკომპანია "იმედმა" დიდი დოზით მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობასთან" დააკავშირა, "რუსთავი 2-ის" აქცენტი კი პირიქით, პატენის "ქართულ ოცნებასთან" თანაშრომლობა იყო.



"იმედის" სიუჟეტიდან გავიგეთ, რომ ამერიკელი ლობისტი სემ პატენი, რომელსაც დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით ამერიკულ მართლმსაჯულებასთან პრობლემები აქვს, 2008 წელს "ნაციონალური მოძრაობის" ლობისტი იყო. "ეს არ იყო "ნაციონალურ მოძრაობასა” და ამერიკელ ლობისტს შორის რიგითი თანამშრომლობა, რადგან სხვადასხვა გამოცემის ინფორმაციით, სემ პატენი საკუთარ თავს უფლებას აძლევდა და საკუთარ თავს მოიხსენიებდა, როგორც მიხეილ სააკაშვილის ჩრდილში მყოფი მენეჯერი", - განმარტა ჟურნალისტმა. მანვე აღნიშნა, რომ 2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, პატენი "ნაციონალური მოძრაობის" სახელით აშშ-ის მაშინდელ ელჩს ჯონ ტეფსაც შეხვდა და მასთან წინასაარჩევნო განწყობები განიხილა. "თუმცა, ეს ყველაფერი არც მიხეილ სააკაშვილს უთქვამს CNN-ისთვის და არც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს "იმედისთვის", - დასძინა ჟურნალისტმა.

აღნიშნულის დასადტურებლად მასალის ავტორმა გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფის, ifact-ის მიერ მომზადებული მასალა დაიმოწმა, რომელშიც “ნაციონალური მოძრაობისა” და სემ პატენის თანამშრომლობაზეა საუბარი. სიუჟეტში ifact-ის წარმომადგენლის ნინო ბაქრაძის კომენტარიც მოვისმინეთ. ბაქრაძე სააკაშვილის ჩრდილოვანი მენეჯერობის შესახებ პატენის ნათქვამზე საუბრობს. ჟურნალისტი იმასაც განმარტავს, რომ “ნაციონალური მოძრაობისა” და პატენის თანამშრომლობაზე ვიკილიქსის მასალებშიცაა საუბარი.

ifact-ის მასალაში სემ პატენის მიერ "ქართული ოცნების" ლობირების სანაცვლოდ რამდენემე ათეული ათასი დოლარის მიღებაზეც ვკითხულობთ, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია "იმედის" სიუჟეტში ვერ მოხვდა.

"იმედს" პატენის "ქართულ ოცნებასთან" კავშირი არ დაუმალავს, თუმცა, თქვა, რომ ეს მოკლევადიანი კავშირი იყო: "პატენთან ხანმოკლე თანამშრომლობის გახსენება არ უჭირთ და არც მალავენ პოლიტიკოსებს ქართული ოცნებიდან", ამავე დროს, დააზუსტა, რომ "ოცნებაში" ლობისტი ირაკლი ალასანიამ მიიყვანა".

ჟურნალისტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ “სემ პატენს მიხეილ სააკაშვილი, ალბათ არც არასდროს გაიხსენებდა, რომ არა ამერიკული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ლობისტი ტრამპის საარჩევნო კამპანიის საქმეში დამნაშავედ ცნო”: “ამერიკული საქმე სააკაშვილმა ქართულ პოლიტიკურ რეალობას ოპერატიულად დაუკავშირა და მას შემდეგ პატენთან ივანიშვილის კავშირებსა და 2012 წლის სახელისუფლებო ცვლილებაში რუსულ კვალზე ალაპარაკდა”.



რადიკალურად განსხვავებული სურათი დახატა “რუსთავი 2-მა” , რომლის მთავარი გზავნილი იყო, რომ “საქართველოს მესამე პრეზიდენტს აშანტაჟებენ და კომპრომატების გამოქვეყნებით ემუქრებიან”. სიუჟეტი სემ პატენის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის შანტაჟის მცდელობით დაიწყო და ამერიკელი ლობისტისა და “ქართული ოცნების” თანამშრომლობის თემით განვითარდა. წამყვანმა განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუდან ფაქტობრივად დადასტურდა, რომ აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის მსგავსი სცენარი “ამერიკელი ლობისტების ხელით რუსეთმა საქართელოშიც განახორციელა”.

სიუჟეტიდან ვიგებთ, რომ 2008 წელს “ნაციონალურ მოძრაობასთან” ხანმოკლე თანამშრომლობის შემდეგ, პატენი “ქართული ოცნების” ინტერესების დამცველი ხდება. ამის შემდეგ პატენის რუსული კავშირების თემა იშლება. ჟურნალისტი განმარტავს, რომ პატენის რუსული კავშირები 2001 წლიდან იწყება, როდესაც ის მოსკოვში IRI-ის ოფისს ხელმძღვანელობდა. ამ დროის განმავლობაში მან საქართველოს ხელისუფლებებს არაერთი კონსულტაცია გაუწია, თუმცა “საკმაოდ სოლიდურ თანხას - 45 000 დოლარს მას ბიძინა ივანიშვილი უხდიდა”. აღნიშნულის დასადასტურებლად კი, ჟურნალისტს ifact-ის მასალის უკვე ის ნაწილი მოჰყავს, სადაც “ქართული ოცნების” მიერ მისთვის მომსახურების სანაცვლოდ გადახდილ თანხაზეა საუბარი. თუმცა, არაფერს ამბობს იმ ნაწილზე, სადაც სააკაშვილის ჩრდილოვან მენეჯერობაზეა საუბარი.

“პატენმა კონტრაქტები გააფორმა ივანიშვილთან და ალასანიასთან, რომლის მეშვეობითაც ათი ათასობით დოლარს იღებდა ყოველთვიურად, იმის სანაცვლოდ, რომ ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდე მისი ინტერესების დამცველი და წარმომადგენელი ყოფილიყო აშშ-ში. საერთო ჯამში, ეს ადამიანი თვეში, მხოლოდ ივანიშვილის ლობირებისთვის, 45 000 დოლარს იღებდა”, - განმარტავს ifact-ის წარმომადგენელი ნინო ბაქრაძე.

სიუჟეტში სემ პატენის რუსულ კავშირებზე და მის “ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობაზე მითითებით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევაზეა აქცენტი გადატანილი. ამაზე მიუთითებენ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებიც.

იდენტურ თემაზე მომზადებული ეს ორი სრულიად განსხვავებული სიუჟეტი, კარგი მაგალითია იმისა, როგორ ფუთავს მედია ამბავს საკუთარი პოლიტიკური გემოვნების მიხედვით.  რაც, საბოლოო ჯამში, ერთი კონკრეტული ამბის შესახებ ერთმანეთთან აცდენილ, სრულიად განსხვავებულ რეალობას ქმნის.

თეგები : პარალელური რეალობა;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ