მანიპულაციური სათაური ოზურგეთში ქორწილის ჩაშლის შესახებ მომზადებულ მასალებში
27.09.2018
„ოზურგეთში ქორწილის ჩაშლის მიზეზი მარიხუანა გახდა“ - ამგვარი მანიპულაციური სათაურით გამოაქვეყნა გადაუმოწმებელი ინფორმაცია გამოცემა “გურიის მოამბემ” 27 სექტემბერს. მასალაში, რომელიც ერთ უცნობ წყაროს, როგორც ტექსტში ვკითხულობთ, თვითმხილველს ეყრდნობა, არ ჩანს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ აღნიშნული შემთხვევა გურიაში ნამდვილად მოხდა და მას რაიმე კავშირი ჰქონდა მარიხუანასთან. გურიის მოამბეზე დაყრდნობით იდენტური ტექსტი ასევე მანიპუალციური სათაურებით, გამოქვეყნებულია შემდეგ საიტებზეც: presa.ge, resonancedaily.com და newposts.ge.

სტატიის თანახმად, ზურგეთში ქორწილი ახალი დაწყებული იყო, როდესაც სიძე მისმა მეგობრებმა რამდენჯერმე ჰაერში ააგდეს, შემდეგ კი მისი დაჭერა დაავიწყდათ: „მეფე დაეცა იატაკზე, გახდა ცუდად, ვერ სუნთქავდა, სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში. როგორც იქვე ამბობდნენ, როგორც მეფეს, ასევე მის მეგობრებს მარიხუანა ჰქონდათ მოწეული, ვინაიდან დედოფალი ქალაქ გორიდან იყო, გურულებმაც გორის მარიხუანა გასინჯეს და ის ადგილობრივზე მეტად ძლიერი აღმოჩნდა. მომხდარსაც გორის მარიხუანას აბრალებენ“.

ანონიმი თვითმხილველის გარდა, სტატიაში არ გვხვდება სხვა წყარო, რომელიც მომხდარს დაადასტურებდა. ავტორს ინფორმაცია არც იმ საავადმყოფოში აქვს გადამოწმებული, რომელშიც სტატიის მიხედვით დაშავებული გადაიყვანეს. მასალაში არც ჟურნალისტის სხვა მცდელობა ჩანს, აუდიტორიისთვის გადამოწმებული ინფორმაცია მიეწოდებინა. ამ ფაქტების გამო კი კითხვებს აჩენს ფაქტის ნამდვილობა და მითუმეტეს მისი კავშირი მარიხუანასთან.

აღსანიშნავია, რომ “გურიის მოამბეს” აღნიშნული ინფორმაცია, საიტზე, ნახევარსაათიანი შუალედით, ორჯერ აქვს გამოქვეყნებული. ტექსტები იდენტურია, სათაურები კი განსხვავებული.







გამოქვეყნებული მასალების დამადასტურებელი ფოტომასალა


თეგები : მანიპულაცია;
ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ