ვინ დაიწყო ომი? - მანიპულაცია “ქრონიკის” მთავარ გამოშვებაში
11.11.2018
9 ნოემბერს სოციალურ ქსელში 2008 წლის აგვისტოს ომის შემსწავლელი კომისიის ვიდეოს ფრაგმენტი გავრცელდა, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცხინვალის რეგიონში სამხედრო მოქმედებების წარმოების გადაწყვეტილების მიღებაზე საუბრობს.

ვიდეოს ტექსტი - მიხეილ სააკშვილი: “კითხვაზე - განვახორციელეთ თუ არა ჩვენ სამხედრო მოქმედებები აგვისტოს დასაწყისში, იმისათვის, რომ აგვეყვანა კონტროლქვეშ ცხინვალი და ის ადგილები სამხრეთ ოსეთის, რომლესაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებდით, მე ადრეც ღიად ვაცხადებდი და ახლაც ვაცხადებ, რომ დიახ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვეწარმოებინა სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება”.

მალევე ჯერ imedinews.ge გამოჩნდა ახალი ამბავი სახელწოდებით - “სააკაშვილი: ჩვენ დავიწყეთ სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში”. საღამოს კი, ტელეკომპანია "იმედმა" მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ამ თემას თითქმის 7-წუთიანი სიუჟეტი მიუძღვნა.

გადაცემის ე.წ. პრომოდან გავიგეთ, რომ გამოშვებაში 2008 წელთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის აღიარებას ვნახავდით.

წამყვანების ტექსტი

“სააკაშვილის აღიარება, რომელიც ყველას კარგად ჰქონდა დავიწყებული და დღემდე არ იძებნებოდა. ყოფილი ხელისუფლების მცდელობით, ომთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური განცხადება წაშლილია და აღარ არსებობს. ეს ვიდეომასალა 2008 წლის ნოემბერშია გადაღებული. აგვისტოს ომის შემსწავლელი კომისიის სხდომაზე, ყოფილი პრეზიდენტი პირდაპირ ამბობს, რომ მან და მისმა ხელისუფლებამ განახორციელეს საბრძოლო მოქმედებები, იმისთვის, რომ აეყვანათ კონტროლქვეშ ცხინვალი და სამხრეთ ოსეთის ის ადგილები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებდა”, - ასე დაიწყო თემის წარდგენა “ქრონიკის” ერთ-ერთმა წამყვანმა

შემდეგ კი მისმა კოლეგამ განაგრძო: “დღეს კიდევ ერთხელ გაგახსენებთ, რომ ეს აღიარება საქართველოს მოსახლეობამ ჯერ კიდევ 2008 წელს მოისმინა. დღეს ეს ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა, მაგრამ მალევე წაიშალა, თუმცა მომხმარებლებმა მისი გავრცელება მაინც მოასწრეს. ამ სიტყვებს მიხეილ სააკაშვილი და მისი პრეზიდენტობის კანდიდატი დღეს უკვე აღარ იმეორებენ”.

სიუჟეტის აქცენტები

სიუჟეტის დასაწყისში ჟურნალისტი განმარტავს, რომ “ვინ დაიწყო აგვისტოს ომი?” - ეს თემა კვლავ გააქტიურდა მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელში ვიდეო გავრცელდა. ამბობს რაზეა საუბარი გავრცელებულ ვიდეოში და ამატებს, რომ ვიდეოს გავრცელების შემდეგ, “ნაცინალური მოძრაობა” თავის მართლების რეჟიმში იყო, “ქართული ოცნება” კი ყოფილი მთავარსარდლის პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობდა.

სიუჟეტიდან გავიგეთ, რომ ვიდეო სოციალურ ქსელში 9 ნოემბერს, დილით გავრცელდა, მოგვიანებით კი გაქრა, თუმცა მომხმარებლებმა მისი გავრცელება მაინც შეძლეს. ავტორის თქმით, საკითხი სოციალურ ქსელში მთავარი განხილვის საგანი იყო.



მასალაში ვიდეოს ფრაგმენტი რამდენჯერმე გამეორდა, რის შემდეგაც ჟურნალისტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ის, რასაც დღეს მიხეილ სააკაშვილი აღარ ამბობს, 2008 წელს აღიარა”. მისივე თქმით, ამ საკითხზე ყოფილმა პრეზიდენტმა ომის შემსწავლელ კომისიაზე კითხვა თავად დასვა და თავადვე უპასუხა, რასაც კვლავ ვიდეოს ფრაგმენტი მოჰყვა.

სიუჟეტში სააკაშვლის აღიარების კონტექსტი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებითა და Facebook-ის პოსტებით გრძელდება, სადაც მიხეილ სააკაშვილი უარყოფით კონტექსტია წარმოჩენილი. ეს მაშინ როდესაც, თავად “იმედის” მიერ გავრცელებულ ამბავს სოციალურ ქსლეში არხის მიმართ არაერთი მოქალაქის უარყოფით რეაქცია და კრიტიკული შეფასება მოჰყვა.

ამის შემდეგ მასალაში არჩევნების თემა შემოდის: “ის, რასაც მიხეილ სააკაშვილი ამ ვიდეოში ამბობს, 10 წლის შემდეგ მისი და მისი გუნდის მთავარი კომპრომატია ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის წინააღმდეგ. მიხეილ სააკაშვილის ეს განცხადება 2008 წელს პირდად მოისმინა გრიგოლ ვაშაძემ, ის ლიდერის ნათქვამის გამართლებას დღეს ცდილობს”, - განმარტავს ჟურნალისტი, რასაც თავად გრიგოლ ვაშაძის კომენტარი მოსდევს. ვაშაძე ამბობს, რომ “მიხეილ სააკაშვილმა სამხედრო მოქმედებები დაიწყო, როგორც პასუხი იმ აგრესიაზე, რომელიც პირველი აგვისტოდან უკვე შეუწყვეტელ ხასიათს ღებულობდა”.

სიუჟეტში ასევე მოვისმინეთ ჟურნალისტის შეფასება, რომ “სამხედრო მოქმედებების არასწორ გათვლას მეტი ტერიტორიების დაკარგვა, გარდაცვლილი მოქალაქეები და დევნილების ახალი ტალღა მოჰყვა”. ნათქვამს მმართველი გუნდის წევრების კომენტარები მოსდევს, - ისინი აგვისტოს ომთან მიმართებით სრულ პასუხისმგებლობას ყოფილ ხელისუფლებას და მიხეილ სააკაშვილს აკისრებენ.

სიუჟეტის ავტორი ამბობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ექსპრეზიდენტი ევროპიდან განსაკუთრებით აქტიურობს, თუმცა აგვისტოს ომთან დაკავშირებით მისსავე განცხადებაზე ამ დრომდე არაფერი უთქვამს.

ყოფილი პრეზიდენტის პასუხი
ყოფილი პრეზიდენტი გავრცელებულ ვიდეოს Facebook-ის საკუთარ გვერდზე მოგვიანებით გამოეხმუარა. ამ დროს იმედის მთავარი საინფორმაციო გამოშვება უკვე დასრულებული იყო.

რაც მასალაში არ მოხვდა

იმედის მიერ მომზადებული სიუჟეტი მთლიანად აგვისტოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის აღიარებაზე იყო დაფუძნებული, რომელიც ვრცელი ვიდეოს მხოლოდ რამდენიმეწამიან ფრაგმენტს ეფუძნებოდა. 

ამასთან, იმედის წამყვანებმა არაერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ “[წინა] ხელისუფლების მცდელობით, ომთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური განცხადება წაშლილია და აღარ არსებობს”, არადა ომის შემსწავლელი კომისიის სტენოგრამულ ჩანაწერს კონკრეტული გამოცემების არქივი დღემდეე ინახავს. მაგალითად, სააკაშვილის დაკითხვის სრული ტექსტი იძებნება საიტზე Civil.ge. მოგვიანებით, ტექსტის ვრცელი ვიდეოჩანაწერი ყოფილმა პრეზიდენტმა თავადაც გაავრცელა.

ტექსტის სრული ვერსიიდან ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი ცხინვალის რეგიონში სამხედრო მოქმედებების დაწყებაზე ნამდვილად საუბრობს, თუმცა ის იქვე ამბობს, რომ “ეს იყო მძიმე გადაწყვეტილება, რომელიც როკის გვირაბთან “რუსეთის არმიის ასობით ტანკის” გამოჩენას და საქართველოს მიერ კონტროლირებადი სოფლების “ინტენსიურ დაბომბვას” მოჰყვა. შესაბამისად, ყოფილი პრეზიდენტი ხელისუფლების მიერ ომის დაწყებას კი არ აღიარებს, არამედ ქართული მხარის მხრიდან რუსული სამხედრო აგრესიის საპასუხო რეაქციაზე მიუთითებს.

კონკრეტული მაწყებლის მიერ აღნიშნული ვიდეოს კონტექსტის გარეშე, მხოლოდ პატარა ფრაგმენტის გაშვება, არხის მიერ ფაქტით ცალსახა მანიპულაციაზე, შინაარსის დამახინჯებასა და მაყურებლის განზრახ შეცდომაში შეყვანის მცდელობაზე მიუთითებს.

იმედის გარდა ვინ როგორ/ან არ გააშუქა ეს თემა 

ამ თემაზე მასალა მაუწყებლებიდან, იმედის გარდა, მხოლოდ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოამზადა.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ამბავს მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ე.წ. კადრ-სინქრონით გამოეხმაურა. წამყვანის ტექსტს, რომელშიც ის ამბობს, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ყოფილი პრეზიდენტი “აცხადებს, რომ ცხინვალის რეგიონში სამხედრო მოქმედებების წარმოების გადაწყვეტილება მან მიიღო”, მხოლოდ ვიდეო და ქართული ოცნების დეპუტატის დიმიტრი ცქიტიშვილის კომენტარი მოსდევს. ცქიტიშვილი ყოფილი ხელისფლების ბრალეულობაზე საუბრობს.

ამბავი ვერ მოხვდა ტელეკომპანია პირველისა და რუსთავის 2-ის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში.

თეგები : მანიპულაცია;
ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ