რა მოხდა ლიეჟში - მაუწყებლების აქცენტები
11.02.2019

10 თებერვალს ბელგიის ქალაქ ლიეჟში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრა გაიმართა. კონგრესზე მოქალაქეების ნაწილი არ შეუშვეს, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა. გამოიყენეს სავარაუდოდ ე.წ. „წიწაკის სპრეი“. კონგრესის მიმდინარეობისას მოქალაქეთა ის ნაწილი, რომელიც შენობაში არ შეუშვეს, გარეთ აქციას მართავდა. მათ თან ჰქონდათ სხვადასხვა პლაკატები, მათ შორის ბანერი წარწერით - „არა ნაცებს“, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების წინ საქართველოში, სხვადასხვა ქალაქში იყო გამოკრული. ისინი, ვინც შეხვედრაზე დასასწრებად არ შეუშვეს, ამბობდნენ, რომ სპრეი მიხეილ სააკაშვილის მომხრეებმა გამოიყენეს, ხოლო ექსპრეზიდენტის მომხრეები ირწმუნებოდნენ, რომ ლიეჟში პროვოკაცია „ქართულმა ოცნებამ“ მოაწყო.

საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და ემიგრანტების შეხვედრა მაუწყებელთა კვირის მთავარი გადაცემების ერთ-ერთი წამყვანი თემა იყო. ლიეჟში მიმდინარე შეხვედრის გაშუქებას „მედიაჩეკერი“ სამ არხზე, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, “იმედსა” და “რუსთავი 2-ზე” დააკვირდა. ბელგიაში თითო ტელევიზიიდან რამდენიმე გადამღები ჯგუფი მუშაობდა. განსაკუთრებული ყურადღება თემას „რუსთავი 2-მა“ და „იმედმა“ დაუთმეს. ლიეჟში განვითარებული მოვლენები მაუწყებელთა ღამის ეთერებში გვიანობამდე განიხილებოდა, თუმცა, სრულიად განსხვავებული აქცენტებით.

⇒   გაშუქების დრო

altემიგრანტებთან მიხეილ სააკაშვილის შეხვედრას საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაახლოებით - 11, „რუსთავი 2-მა“ - 55, "იმედმა" კი 25 წუთი დაუთმო.

"ახალ კვირაში" [საზოგადოებრივი მაუწყებელი] ლიეჟის თემა მესამე სიუჟეტად გავიდა. გადაცემის 10 მასალიდან, ამ თემას ეს ერთი ეძღვნებოდა.

„იმედმა“ და „რუსთავი 2-მა“ კი კვირის შემაჯამებელი გადაცემები ამ ამბით გახსნეს.

„იმედზე“ პირველი 14-წუთიანი მასალის შემდეგ, მეორე სიუჟეტიც სახელწოდებით - „გაქცეული მთავარსარდლის ლაშქარი - მიხეილ სააკაშვილი ვირტუალური რევოლუციისთვის ემზადება”მიხეილ სააკაშვილს მიეძღვნა. ბელგიაში მიმდინარე მოვლენებს „იმედის კვირა“ გადაცემის ბოლოსაც დაუბრუნდა, ამჯერად ლიეჟიდან კადრები, ჟურნალისტის ჩართვები და რესპონდენტების კომენტარები 11 წუთს გაგრძელდა. ჯამში, კვირის მთავარი გადაცემის 9 მასალიდან სამი ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეეხებოდა. 

„რუსთავი 2-მა“ ლიეჟში მიმდინარე ამბებს გადაცემის პირველი ნაწილი, თითქმის მთელი ერთი საათი დაუთმო. ამ თემის გარდა გადაცემის ბოლოს  მხოლოდ 4 სხვა სიუჟეტი ვნახეთ.

⇒    მთავარი აქცენტები და გზავნილები

„იმედი“ და საზოგადოებრივი მაუწყებელი სიუჟეტებშიც და ჩართვებშიც განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდნენ განსხვავებული აზრის მქონე ემიგრანტების დევნაზე, რომლებიც შეხვედრაზე არ დაუშვეს და რომლებსაც ყოფილმა პრეზიდენტმა არ მოუსმინა; ამ არხებზე ეს გზავნილი ჩანდა ჟურნალისტების ტექსტებიდანაც და იმ კადრებიდანაც, რასაც აჩვენებდნენ. გარდა ამისა, ორივე არხის ჟურნალისტები ჩართვებში ხაზგასმით იმეორებდნენ, რომ ექსპრეზიდენტმა მათ შეკითხვებს არ უპასუხა. „რუსთავი 2-ის“ მთავარი აქცენტი იყო ის, რომ ლიეჟში სუს-ის აგენტები და "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პირები  ჩავიდნენ და შეხვედრის ჩაშლა სცადეს. 

alt"იმედისა" და საზოგადოებრივი მაუწყებლის კადრებში ვნახეთ რომ სავარაუდო, ე.წ. წიწაკის სპრეით ის ემიგრანტები დაშავდნენ, რომლებიც დარბაზში არ შეუშვეს, "რუსთავი 2-ის" თქმით კი, სპრეი დარბაზის მიმართულებით გაუშვეს და დაზიანებები რეგისტრატორებმა მიიღეს. 

"რუსთავი 2-ის" ეთერიდან ისმოდა, რომ ლიეჟში, დარბაზში შეხვედრა მშვიდად მიმდინარეობს, "იმედის" ჟურნალისტი კი ჩართვაში ამბობდა, რომ "დარბაზშიც დაძაბული სიტუაციაა, რადგან (მათი ინფორმაციით) ისეთი განცხადებები კეთდებოდა, რაც მიუღებელი იყო თავად მიხეილ სააკაშვილისთვის". 

მთავარი გზავნილები მოკლედ ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს:

-    საზოგადოებრივი მაუწყებელი [ახალი კვირა] - სააკაშვილთან შეხვედრაზე არ დაუშვეს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები, ისინი აღმოჩნდნენ ჩარაზულ კარს მიღმა, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამჭერები ყველაფერს გაიზიარებენ და გააკეთებენ, რასაც მისგან მოისმენენ.

-    „იმედი“ [იმედის კვირა] - ექსპრეზიდენტი ემიგრანტების იმედად ვირტუალური რევულუციის მოწყობას გეგმავს; სააკაშვილის მოლოდინი არ გამართლდა, ბელგიაში „ნაციონალურ მოძრაობაზე“ განაწყენებული ემიგრანტებიც ჩავიდნენ და „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო აქცია გამართეს; განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეები შეხვედრაზე არ დაუშვეს.

-   „რუსთავი 2“ [პოსტსკრიპტუმი] - „ქართული ოცნების“ მიერ წარგზავნილმა სუს-ის აგენტებმა ლიეჟში პროვოკაციების მოწყობა სცადეს, ლიეჟში მთელი მსოფლიოდან ჩავიდნენ ემიგრანტები, „ქართულმა ოცნებამ“ ბელგიაში შეხვედრის ჩაშლა სცადა.

⇒     წამყვანების ტექსტი

ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდებოდა კვირის მთავარი გადაცემების წამყვანების ტექსტების აქცენტებიც. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი „იმედსა“ და „რუსთავი 2-ზე“ იყო.

„ერთსაათიანი დაგვიანებით იწყება საქართველოს პრეზიდენტის - ორგზის მოქალაქეობა დაკარგული მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა ქართველ ემიგრანტებთან ქალაქ ლიეჟში. მოლოდინი არ გამართლდა, სააკაშვილთან შესახვედრად მხოლოდ მხარდამჭერი ემიგრანტები არ მივიდნენ. ბელგიაში იმყოფებიან ადამიანები, რომლებმაც ქვეყანა სააკაშვილის რეპრესიული მმართველობის დროს დატოვეს. ლიეჟში ჩავიდნენ ნაციონალური მოძრაობის დროს მოკლული და ნაწამები ადამიანების მეგობრები და ოჯახის წევრებიც. როგორც უკვე იცით, ლიეჟში სააკაშვილთან შეხვედრის მიზანი ყოფილი პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნებაა“, - ასეთი იყო „იმედის კვირის“ წამყვანის შესავალი სიტყვა. 

„სულ რამდენიმე წამში ჩვენ შემოგთავაზებთ ექსკლუზიურ კადრებს ლიეჟიდან, სადაც სავარაუდოდ სუს-ის თანამშრომლები გამოჩნდნენ. ამ ადამიანების მისია არის პროვოკაციების მოწყობა და შესაძლოა შეკრების საერთოდ ჩაშლაც კი. შეგახსენებთ, ლიეჟში ქართველი ემიგრანტები მთელი მსოფლიოდან არიან ჩასულები და იქვე არიან ეს პროვოკატორები. ტიტუშკები ლიეჟის კონგრესის სასახლის მიმდებარე ტერიტორიას აკონტროლებენ, თუმცა „კურიერის“ კამერის გამოჩენისთანავე უკანმოუხედავად გარბიან. რა მისიით იმყოფებიან ისინი იქ, რამდენიმე წამში თამარ ნუცუბიძე მოგვიყვება ამას უშუალოდ, მანამდე კი გადავინაცვლოთ ლიეჟის კონგრესის შენობაში, სადაც რამდენიმე ინციდენტს უკვე ჰქონდა ადგილი. დაუდგენელმა პროვოკატორებმა დარბაზის შესასვლელში ცრემლსადენი გაზი გაუშვეს, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც, ასევე სიტყვიერ შელაპარაკებას. აგრესიული ადამიანების ჯგუფი სხდომათა დარბაზში შესვლას ცდილობს“, - ასეთი შესავლით დაიწყო გადაცემა "პოსტსკრიპტუმი".  

alt"ახალი კვირის" მასალას ლიეჟის თემაზე კი ასეთი შესავალი ჰქონდა: “ერთად სახლში ბელგიაში, ქალაქ ლიეჟში, მიხეილ სააკაშვილის და მისი მხარდამჭერების შეხვედრაზე ცოტა ხნის წინ დაპირისპირება მოხდა. ემიგრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებსაც შეხვედრაზე არ უშვებდნენ, წიწაკის სპრეი გამოიყენეს. ლიეჟში, სადაც ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების შეკრება მიმდინარეობს, დარბაზში შესვლისას სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი“.  


თეგები : პარალელური რეალობა;
ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ