სუიციდის მცდელობის ამსახველი ვიდეო palitravideo.ge-სა და Intermedia.ge-ზე
12.02.2019

მიუხედავად იმისა, რომ ყველა გაიდლაინი და რეკომენდაცია მედიას აფრთხილებს მოერიდოს აუდიტორიას თვითმკვლელობის ხერხები, 5 თებერვალს palitravideo.ge-მ და intermedia.ge-მ მაინც გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელზეც ახალგაზრდა კაცის თვითმკვლელობის მცდელობაა ასახული.

ვიდეოს მხოლოდ რამდენიმე წინადადება ახლავს, რომელიც გვამცნობს, რომ კაცმა თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც მეგობარი გოგო და მისი 5 წლის შვილი მოკლა. სად მოხდა შემთხვევა, მასალაში მითითებული არ არის. ვიდეოს გახსნის შემდეგ ვხვდებით, რომ ფაქტი საქართველოში არ მომხდარა, ხმა ცუდად ისმის და ძნელი გასარჩევია რას ამბობს ახალგაზრდა კაცი, რომელსაც თვითმკვლელობის მცდელობა აქვს.

altგაფრთხილება, რომ ვიდეო შესაძლოა მძიმე სანახავი იყოს, ტექსტურად მასალას არ ახლავს. Intermedia.ge-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოს დასაწყისში აქვს ტექსტი, რომელიც გვაფრთხილებს, რომ კადრები შესაძლოა ზოგისთვის მძიმე სანახავი აღმოჩნდეს, palitravideo.ge-ს კი ვიდეომასალის ეს ნაწილი არ აქვს.

მასალებიდან არც იმის გარკვევაა შესაძლებელი, რა ინფორმაციული ღირებულება ჰქონდა და რატომ იყო საჭირო ამ ვიდეოს გამოქვეყნება. ასევე, არ არის მითითებული მასალის პირველწყარო.

“მედიაჩეკერმა” ვიდეომასალის შესახებ ინფორმაცია მოიკვლია და აღმოჩნდა, რომ შემთხვევა 3 თებერვალს, ამერიკაში, ოჰაიოს შტატში მოხდა. Dailymail-ისა და TheSun-ის ინფორმაციით, 33 წლის კაცმა, ყოფილმა სამხედრო მოსამსახურემ, ფეისბუკის პირდაპირ ეთერში თავი მას შემდეგ მოიკლა, რაც მეგობარი გოგო მძიმედ დაჭრა, მისი შვილი კი მოკლა (შეგახსენებთ, ქართული საიტები წერენ, რომ კაცმა გოგოც და მისი შვილიც მოკლა).

ვიდეომასალას ახლავს ვრცელი ტექსტი, რომლიდანაც ირკვევა, რომ გარდაცვლილს (იგი გარდაიცვალა თავში მიყენებული მძიმე ჭრილობის შემდეგ), მძიმე პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობა ჰქონდა. ასევე, ცნობილია მისი ერთ-ერთი მიმართვა, რომელშიც ამბობდა, რომ 3.5 წელიწადი მსახურობდა საღვარგარეთ და “უბრალოდ დაიღალა”.

TheSun -ს ამ თემაზე მომზადებულ ტექსტში მითითებული აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის საკონტაქტო ინფორმაცია მათთვის, ვისაც შესძლოა ასეთი დახმარება სჭირდებოდეს.

ქართულ საიტებზე კი ვიდეო ამ ყოველგვარი კონტექსტის გარეშეა გამოქვეყნებული. მიუხედავად სახელმძღვანელო წესებისა, რომელშიც ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ მედიამ უნდა უპასუხოს კითხვებს, რატომ აშუქებს თვითმკვლელობის ამ კონკრეტულ შემთხვევას და რატომ ასახელებს გარდაცვალების მიზეზს. ასევე, გვაფრთხილებს, რომ დაუშვებელია სუიციდის რომანტიზება ან სუიციდის, როგორც პრობლემის გადაჭრის გზის ჩვენება. და ცალსახად ამბობს, რომ “სუიციდის განხორციელების ადგილი და დეტალების გასაჯაროვება საჭირო არ არის. ამგვარ დეტალებზე ყურადღების გამახვილებით შესაძლოა, უნებურად თავად ვასწავლოთ, თუ როგორ გააკეთონ ეს [სუიციდისადმი მიდრეკილმა ადამაინებმა]”


თეგები : სუიციდი;
ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ