საჩხერის საავადმყოფოს საერთაშორისო აღიარება „იმედის კვირაში“
19.06.2019
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტზე ეკატერინე ტიკარაძის დანიშვნამდე ორი დღით ადრე, რომელსაც მანამდე საჩხერის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა, ტელეკომპანია “იმედმა” სწორედ ამ კლინიკის “საერთაშორისო აღიარების” შესახებ ამბავს კვირის შემაჯამებელ გადაცემაში - “იმედის კვირა” 10 წუთიანი სიუჟეტი მიუძღვნა.

“სიკვდილს გადარჩენილი პაციენტების ისტორიები საჩხერის საავადმყოფოდან. "იმედის კვირა" იმ დაწესებულებას სტუმრობდა, რომელიც მომავალში საერთაშორისო აღიარებას ელოდება. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი საავადმყოფო არა მარტო საჩხერეში, არამედ ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს. ეს არის კლინიკა, რომელიც ჭიათურელ მაღაროელებს უფასოდ მოემსახურება, ამის შესახებ მათ მთავრობის წარმომადგენელმა მიმდინარე კვირას აცნობა”, - ასე წარადგინა წამყვანმა თემა.

ამის შემდეგ სიუჟეტში უკვე ჟურნალისტი გვიყვება, რომ “აქ მთავარი სიკვდილზე გამარჯვებაა, მართვითი სუნთქვით რეანიმაციულ განყოფილებაში და კომატოზური მდგომარეობიდან გამოყვანა, საჩხერის საავადმყოფოს ექიმებისთვის მარტივი არ არის”.

სიუჟეტიდან აღნიშნული კლინიკის მედპერსონალის მხრიდან „უმძიმესი ბრძოლისა და შრომის შედეგად“ გადარჩენილი სიცოცხლეების შესახებ ისტორიები მოვისმინეთ და იმ „ულტრათანამედროვე“ აპარატურისა და ტექნიკის შესახებ მივიღეთ ინფორმაცია, რომელსაც საჩხერის კლინიკა ფლობს.

„საჩხერის რეანიმაციულ განყოფილებაში სულ 10 ინდივიდუალური პალატაა, ყველა ოთახი თანამედროვე, მაღალი საერთაშორისო აპარატურითა და ინვენტარითაა აღჭურვილი“, - ვისმენთ სიუჟეტიდან და იმ მომსახურებების შესახებ დეტალურად ვიღებთ ინფორმაციას, რომლითაც „ათობით საჩხერელი და სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული პაციენტები ყოველდღიურად სარგებლობს“.

„2018 წლის აპრილში საავადმყოფოში გაიხსნა ჰემოდიალეზის განყოფილება, თანამედროვე სტანდარტის 14 სპეციალური აპარატით სარგებლობა უფასოა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში. ჰემოდიალეზის განყოფილების გახსნიდან დღემდე პროფესიონალმა ექიმებმა დახმარება 50 ადამიანზე მეტს გაუწიეს. ჰემოდიალეზის განყოფილება რეგიონში ახალია და ადგილობრივებს კვირაში ოთხჯერ დედაქალაქში ჩასვლა აღარ უწევთ“, - განმარტავს ჟურნალისტი.

ამასთან, ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საჩხერის სამედიცინო ცენტრი ერთ-ერთი მოწინავეა არა მარტო რეგიონში არამედ ქვეყნის მასშტაბით, რომ წლებია საავადმყოფო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ფუნქციონირებს. ყველაფერს თან კლინიკის შიდა პერიმეტრის კადრები ახლავს, რის ფონზეც ჟურნალისტი გვიყვება:

„ასე გამოიყურება კლინიკის საოპერაციო, ახალი თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით, დაწესებულების ხელმძღვანელობის ინიციატივით შეიძინეს გულის კონორანოგრაფიის სპეციალური აპარატი, რომელიც სისხლძარღვების გამოკვლევებისთვის არის საჭირო, გარდა ამისა, კლინიკაშია უნიკალური, 2018 წელს გამოშვებული ვიდეოენდოსკოპური აპარატი, რომლითაც საჭმლის მომნელებელი სისტემის დეტალური კვლევა ხდება“.

სიუჟეტიდან ისიც შევიტყვეთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი საჩხერის საავადმყოფოს მუშაობას აქტიურად აკვირდება, სულ მალე დაწესებულება სამედიცინო სფეროში ერთ-ერთ მაღალ საფეხურზე აიწევს და აისო სერტიფიკატს მიიღებს, სერტიფიცირების პროცესი უკვე დაწყებულია.

„საჩხერის სამედიცინო ცენტრში, სულ 500 ადგილობრივია დასაქმებული. დაწესებულება მუდმივად ცდილობს ექიმებისა და მედპერსონალის განვითარებასა და გადამზადებას. რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოშივე გაიხსნა უფასო საბავშვო ბაღი მხოლოდ საავადმყოფოს თანამშრომლების შვილებისთვის. საჩხერის სამედიცინო დაწესებულება თანამშრომლობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან და აქტიურად მონაწილეობს მომავალი ექიმების აღზრდაში… საჩხერის საავადმყოფოს წინ დიდი გეგმები აქვს, მალე პალიატიური განყოფილებაც დაემატება და უფრო მეტიც, აქვე გაიხსნება კოლეჯი, სადაც საავადმყოფოს გამოცდილი ექიმები ცოდნას მომავალ ექთნებს გაუზიარებენ“, - ასე სრულდება მაყურებლისთვის საჩხერის სამედიცინო ცენტრში 10 წუთიანი მოგზაურობა.

ტელეკომპანია „იმედის“ მხრიდან ჯანდაცვის მინისტრის ცვლილებამდე ორი დღით ადრე, საჩხერის სამედიცინო ცენტრის შესახებ მსგავსი შინაარსის სიუჟეტის მომზადება და კლინიკის სიკეთეებზე სიკეთეებზე ხაზგასმა, იმის შთაბეჭდილებას ქმნის, რომ არხის მხრიდან ეს სწორედ ამ კლინიკის ხელმძღვანელის და მომავალი ჯანდაცვის მინისტრის შესახებ საზოგადოებაში გარკვეული პოზიტიური განწყობისა და დამოკიდებულების შექმნის მცდელობა იყო. ამასთან, კლინიკის აშენება ბიძინა ივანიშვილის სახელთან არის ასოცირებული. მინისტრად დანიშვნამდე, აღნიშნული ცენტრის ხელმძღვანელი იყო ჯანდაცვის უკვე ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკოც.

თეგები : მიკერძოებული გაშუქება;
ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ