27 ივნისს აქცია და მსვლელობა ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ ტელეკომპანია „იმედმა“ არ გააშუქა
28.06.2019

27 ივნისს 19:00 საათზე თბილისში, პარლამენტის წინ ანტისაოკუპაციო აქცია გაიმართა. აქციის ბოლოს, დაახლოებით, 22:30 საათზე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ მსვლელობა გამართეს. საპროტესტო აქციას და შემდგომ მსვლელობას პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ მაუწყებლები - ტელეკომპანია პირველი, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი და “რუსთავი 2”. ტელეკომპანია „იმედმა“ კი არც საპროტესტო აქცია და არც მსვლელობა, 27 ივნისის საღამოს არ გააშუქა.

„იმედის“ ეთერში დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვება 22:18 საათზე დასრულდა, რის შემდეგაც ეთერში მხატვრული ფილმი - „მანდარინების“ ჩვენება დაიწყო. მანამდე, “იმედის” მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა პირდაპირ ეთერში ედევნებინა თვალი პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის ბრიფინგისთვის და შემდგომ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას ტელეწამყვანებთან შეხვედრისთვის.

იმ დროს, როდესაც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მხატვრული ფილმი გადიოდა, მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით, რუსთაველის გამზირიდან ბიძინა ივანიშვილის სახლამდე ფეხით მსვლელობით მივიდნენ.

პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები 20 ივნისიდან იმართება. საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან, მას შემდეგ დაიგეგმა, რაც რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალურ ასამბლეას პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გაუძღვა. აქციის პირველ დღეს, გვიან ღამით, ხალხმრავალი საპროტესტო აქცია ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა. აქციის დარვების დროს 2-მა ადამიანმა თვალი დაკარგა, დაშავდა 240 მოქალაქე, მათ შორის, 38 ჟურნალისტი და 80 პოლიციელი, 305 მოქალაქე კი დააკავეს.

მეცხრე დღეა აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. მათი დანარჩენი ორი მოთხოვნა - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება და აქციის დაკავებული მონაწილეების გათავისუფლება, ხელისუფლებამ დააკმაყოფილა.

 

 


თეგები : გამოტოვებული თემები;
ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ