ხაზარაძის „ლელო“, როგორც პოლიტიკური იმუნიტეტი "იმედზე"
17.09.2019
ტელეკომპანია “იმედის” ყოველკვირეული გადაცემა “იმედის კვირის” 15 სექტემბრის ერთ-ერთი სიუჟეტი თი-ბი-სი ბანკის დამფუძნებლებისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მთავარი პარტნიორების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის - “ლელოს” პრეზენტაციას ეხებოდა. სიუჟეტში ბანკირების მიერ ახალი მოძრაობის შექმნა “ფინანსური კაპიტალის პოლიტიკურ კონვერტაციად”, მათ წინააღმდეგ აღძრულ საქმესთან მიმართებით ერთგვარ “იმუნიტეტად” და “არტ შოუდ” არის შეფასებული, რომელმაც “ეფექტი ვერ მოახდინა”.

ამბის წარდგენისას, წამყანი ხაზგასმით ამბობს, რომ პოლიტიკაში შემოსვლის პირველივე დღიდან მამუკა ხაზარაძე პოლიტიკურ თავდასხმებსა და ჭორაობაზე გადავიდა. ჟურნალისტის ტექსტში კი ხაზგასმულია,  რომ ხაზარაძემ პოლიტიკაში მოსვლა მხოლოდ მას შემდეგ დააანონს, რაც პროკურატურა “ბრალდებულის სტატუსით დატოვა”. უფრო ხმაურიანი განცხადებები კი, სასამართლოში გააკეთა, როდესაც 700 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა და ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება აეკრძალა.

ჟურნალისტი ასევე განმარტავს, რომ ხაზარაძე საზოგადოებას ბევრ ცნობილ სახეს დაჰპირდა, შექმნა მოლოდინი, რომ მისი მიზნების პოლიტიკური კონვერტაცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მომგებიანი კაპიტალი იქნებოდა და გააჩინა წინასწარი განწყობა, რომ მისი “მოძრაობის თუ პარტიის პრეზენტაციას ისეთივე არტ-ელფერი ექნებოდა, როგორც მის ტელევიზიას და მის მიერ დაფინანსებულ კულტურულ ღონისძიებებს” აქვს.

ამის შემდეგ, ჟურნალისტი იმ დისკოფორმტზე გვიყვება, რაც გადამღებ ჯგუფს ახალი მოძრაობის პრეზენტაციის ადგილის ძებნისას შეექმნა. ამბობს, რომ მედიისთვის გავრცელებულ ანონსში არც საკონტაქტო პირი იყო მითითებული და არც პრეზენტაციის ზუსტი ადგილი, ღონისძიების ორგანიზატორებმა მხოლოდ გუგლის საძიებო სისტემით მონიშნული ადგილის ფოტო მიაწოდეს და არა ლოკაცია.

“ანაკლიიდან შემოვლით გზაზე 25 კმ და 2 სოფელი გავიარეთ. ადგილიც და გზაც ისეთივე გაურკვეველი იყო, როგორც სესხის აღებისას რამდენიმე ფურცელზე დაწერილი საბანკო ვალდებულებები. შეხვედრის ადილს სანაპიროზე ღონისძიების დაწყებამდე 5 წუთით ადრე მივაკვლიეთ”, - ამბობს იგი.

პრეზენტაციის ადგილს ჟურნალისტი ასე აღწერს: “ევროპასთან ახლოს მიდგმულ სკამებზე 80-მდე ადამიანი იჯდა, [თუმცა] არცერთი პოლიტიკური წარსულით”.

მასალაში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარაძის მხრიდან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში შეუსრულებელ ვალდებულებებზე მტკიცებით ფორმაში, ცალმხრივად, საპირისპირო არგუმანტაციის გარეშეა საუბარი და ასევე, არაფერია ნათქვამი იმ ზიანზე, რაც კონსორციუმს ბანკირებისთვის წაყენებულმა ბრალმა მიაყენა.

ხაზარაძის გარშემო უარყოფით განწყობების შესაქმნელად პარალელი “ნაციონალურ მოძრაობასთან” არის გავლებული და ნათქვამია, რომ მისი პოლიტიკური ენა და გზავნილები ყოფილი სახელიწუფლებო გუნდის წარმომადგენლების განცხადებების იდენტურია. ასევე, ნათქვამია, რომ ხაზარაძის გვერდით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ის ყოფილი საპარლამენტო მდივანი დგას, რომელიც “გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილის სისხლის სამართლებრივ დევნაში პოლიტიკურ ნიშნებს ხედავდა”. უფრო მეტი სიმძიმისთვის ისიც არის ხაზგასმული, რომ “[ხაზარაძის] გუნდის იმ ნაწილისთვის, რომელიც უკვე შეარჩია, თანამშრომლობა ყველასთან, მათ შორის, “ნაციონალურ მოძრაობასთანაც” შესაძლებელია”.

სიუჟეტში, ასევე გაურკვეველ მონაცემებზე დაყრდნობით, ხაზარაძის მოძრაობის მიმართ იმ მოლოდინებზე და იმედგაცრუებაზეა საუბარი, რომელიც პრეზენტაციის დასასრულს უკვე გამოჩნდა და რომ კვირის ბოლოს, მოლოდინიდან თითქმის არაფერი დარჩა.

“პრეზენტაციას აკლდა ქარიზმაც და ენერგიაც. ის გააკრიტიკა ყველამ მიხეილს სააკაშვილმაც კი, რომელმაც ღონისძიებას კრიალოსნიანი ბიჭების შეკრება უწოდა. ყველამ, ვისგანაც ხაზარაძე ლელოს დადებისას პოლიტიკური ტრიბუნიდან გულშემატკივრობას ელოდა”, - ამბობს ჟურნალისტი და იქვე დასძენს, რომ სწორედ ამიტომ მომდევნო სვლა სატელევიოზიო ინტერვიუ იყო, სადაც ხაზარაძე იმ თემებზე ალაპარაკდა, რაზეც “იმ დრომდე დუმდა, ვიდრე ბრალდება და სისხლის სამართლის საქმე მისი ბიზნესის და პირადი კომფორტის ზონას დაარღვევდა”.

ჟურნალისტი თავადვე ასკვნის, რომ “ეს პასი პოლიტიკურ მოედანზე ისეთივე უშედეგო აღმოჩნდა, როგორც სკანდალური ე.წ. წერილის საქმე”. იქვე კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ბანკირები “პოლიტიკური იმუნიტეტისკენ ისწრაფვიან”. და ხაზგასმით, მტკიცებით ფორმაში აღნიშნავს, რომ ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა მამუკა ხაზარაძე “ტყუილში ამხილა”.

სიუჟეტის ამგვარი სტრუქტურა და ტექსტები, მამუკა ხაზარაძისა და მისი ახალი მოძრაობის პრეზენტაციის მსგავს კონტექსტში განხილვა, მის მიმართ საზოგადოებაში წინასწარი უარყოფითი განწყობებისა და ფონის შექმნის მცდელობის შთაბეჭდილებას ტოვებს. თითქოს, მასალის მიზანი არა ახალი მოძრაობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება, არამედ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის იმიჯის შელახვა და დისკრედიტაციაა.

თეგები : მიკერძოებული გაშუქება;
ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ