“ამერიკის ხმა”: “იმედმა” ჯიმ მალონის კომენტარი არასწორ კონტექსტში წარმოაჩინა
18.09.2019

“ამერიკის ხმა” აცხადებს, რომ ტელეკომპანია “იმედმა” კვირის მთავარი გადაცემისთვის მომზადებულ სიუჟეტში “ანტიტრამპისტების პოლიტიკა”, მათი ჟურნალისტის ჯიმ მალონის კომენტარი არასწორ კონტექსტში წარმოაჩინა, რაც შემაშფოთებელია.

განცხადება “ამერიკის ხმამ” 17 სექტემბერს გამოაქვეყნა. განცხადების მიხედვით, ტელეკომპანია “იმედმა” ჯიმ მალონს ინტერვიუ აშშ-ს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით სასაუბროდ სთხოვა. ინტერვიუს დროს კი ჟურნალისტმა მალონს ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე დაუწყო შეკითხვების დასმა, რაც მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

"ბატონი მალონი „ამერიკის ხმის“ გამოცდილი ჟურნალისტია, რომელიც ამერიკულ პოლიტიკას წლებია აშუქებს. ნებისმიერი მცდელობა, ამ ინტერვიუში მისი პასუხები ამოღებულ იქნას კონტექსტიდან იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტების კალიბრს და კვალიფიკაციას, ან იმისთვის, რომ არასწორად იქნას გადაცემული „ამერიკის ხმის“ საქმიანობა საქართველოში ნებისმიერ სიახლესთან დაკავშირებით, ღრმად შემაშფოთებელია", - ნათქვამია განცხადებაში.


„ამერიკის ხმა“ შეერთებული შტატების ყველაზე დიდი საერთაშორისო სამაუწყებლო ორგანიზაციაა. ის მულტიმედიურ პროგრამებს 45 ენაზე ავრცელებს სხვადასხვა აუდიტორიისთვის, რომელსაც თავისუფალ მედიაზე ხელი შეზღუდულად, ან საერთოდ არ მიუწვდება.


სიუჟეტი, რომელსაც “ამერიკის ხმა” გამოეხმაურა, გადაცემა “იმედის კვირაში” 15 სექტემბერს გავიდა. მასალა 10 სექტემბერს საქართველოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე მომხდარ არეულობას ეხებოდა. გადაცემის წამყვანი, ისევე როგორც სიუჟეტის ავტორი, თითქმის 9 წუთის განმავლობაში ცდილობდნენ მაყურებელი დაერწმუნებინათ, რომ საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორები პირდაპირ ასოცირდებიან ისეთ ოპოზიციურ პარტიებთან, როგორიცაა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” და “მაკკეინის ინსტიტუტის” წარმომადგენლების უარყოფით გავლენებზე უყვებოდნენ საზოგადოებას.


ხილეთ მედიაჩეკერის მიმოხილვა ამ სიუჟეტის შესახებ: ჯონ მაკკეინის საწინააღმდეგო სიუჟეტი “იმედის კვირაში”



სიუჟეტის ავტორი მაყურებელს არწმუნებდა, რომ მაკკეინთან ასოცირებულ ფიგურებს ამერიკულ პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენა არ აქვთ. ამ სიტყვების დასტურად კი, ამერიკელი პოლიტიკური კომენტატორის სტატუსით, მაყურებელს ჯიმ მალონის კომენტარს სთავაზობდა:

“მეთიუ ბრაიზა, დევიდ კრამერი, მაიკლ კარპენტერი, კურტ ვოლკერი - პირველად მესმის ეს გვარები. ვერ ვიხსენებ ვერცერთ მათგანს. არ ვფიქრობ, რომ ისინი გავლენიანები არიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებლად მეცოდინებოდა მათ შესახებ”, - ამბობდა სიუჟეტში მალონი.

 

alt
კადრი "იმედის" სიუჟეტიდან, რომელშიც მალონის კომენტარი გავიდა.
 სიუჟეტში არასწორად არის მითითებული მალონის გვარიც. 


“ამერიკის ხმის” განცხადების მიხედვით, ჯიმ მალონი "ამერიკის ხმაში" წლების განმავლობაში შეერთებული შტატების შიდა პოლიტიკას, საარჩევნო პროცესებს, კონგრესში მიმდინარე საკანონმდებლო პროცესებს აშუქებს. ამერიკის საგარეო პოლიტიკა მისი პროფესიული საქმიანობის ძირითადი მიმართულება არ არის.

"ამერიკის ხმის" განცხადებას 18 სექტემბერს "იმედის კვირამ" უპასუხა.   

"15 სექტემბერს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის კვირა“ გასული სიუჟეტის მომზადებისას ავტორები (რუსუდან შელია და „იმედის“ კორესპონდენტი ვაშინგტონში დემნა დევდარიანი) მოქმედებდნენ პროფესიული სტანდარტის სრული დაცვით და ხელმძღვანელობდნენ ჟურნალისტური ეთიკის ნორმებით. შესაბამისად, ვერ დავეთანხმებით ავტორიტეტული მედიასაშუალების „ამერიკის ხმის“ ხელმძღვანელობის პოზიციას, რომ ჯიმ მალონის კომენტარი არასწორ კონტექსტში იყო წარმოჩენილი. სურვილის შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, დაინტერესებულ მხარეს მივაწოდოთ აღნიშნული ინტერვიუს სრული (დაუმონტაჟებელი) ვიდეოჩანაწერი. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ პატივისცემას „ამერიკის ხმის“ მიმართ და ვიმედოვნებთ, რომ მსგავს გაუგებრობებს მომავალში ადგილი არ ექნება", - ნათქვამია ტელეკომპანია "იმედის" განცხადებაში.


თეგები : მანიპულაცია;
ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ