„მკაცრი“ იუსტიციის მინისტრი და „ანერვიულებული“ ომბუდსმენი „იმედზე“
28.01.2020
„ქართული ოცნების“ მთავრობის „შუცვლელი“, „მკაცრი“ და „ამავდროულად ცინიკური გამომეტყველების“ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და საპარლამენტო კომიტეტის დარბაზში მჯდომი „ანერვიულებული, თავის მართლების რეჟიმში მყოფი“ ომბუდსმენი ნინო ლომჯარია, რომელიც „ყველას სახალხო დამცველი არ არის“ - აღნიშნულ კონტექსტში წარმოაჩინა ტელეკომპანია „იმედმა“ 26 იანვარს გადაცემა „იმედის კვირაში“ სახალხო დამცველის ოფისისა და იუსტიციის მინისტრის აპარატს შორის გასულ კვირას განვითარებული მოვლენები.

თემის წარდგენისას წამყვანმა თქვა, რომ „მიმდინარე კვირის მთავარი პოლიტიკური პერსონა იუსტიციის მინისტრია, რომელიც სახალხო დამცველის ანგარიშის პირისპირ დადგა და ყველა შენიშვნას თუ ბრალდებას ღიად უპასუხა“. მანვე მაყურებელს ასეთი სურათი დაუხატა: „საპარლამენტო ტრიბუნასთან მკაცრი და ამავდროულად ცინიკური გამომეტყველებით მდგარი წულუკიანი და კომიტეტის დარბაზში მჯდომი, ანერვიულებული, თავის მართლების რეჟიმში მყოფი ლომჯარია. იუსტიციის მინისტრმა სახალხო დამცველს პირდაპირ უთხრა, რომ იგი ყველას დამცველი არ არის, იმის მიუხედავად, რომ ამას კანონი ავალდებულებს და დიდად არც პატიმრების მონახულებით იწონებს თავს“.

თემაზე მომზადებულ მასალა იმის შეხსენებით დაიწყო, რომ „იუსტიციის მინისტრი ერთადერთი იყო, ვინც წარდგენისას კოლეგების გვერდით ყველაზე ბოლოს დადგა და ერთადერთი, ვინც ბოლომდე დარჩა“ და რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში თეა წულუკიანი ის გამონაკლისია, ვისაც სამთავრობო ცვლილებები არ შეხებია“. ჟურნალისტმა უწყების მიერ დადებითაც შესრულებული საქმიანობის ის ჩამონათვალიც გაგვაცნო, რომელსაც, როგორც თავადვე თქვა, წულუკიანი „განსაკუთრებით აღნიშნავს“.

ჟურნალისტმა პენიტენციურ სისტემაში გატარებული რეფორმებისთვის “ოცნების” მთავრობის მიმართ არც საქებარი სიტყვები დაიშურა, იქვე არც ყოფილი ხელისუფლების კრიტიკა გამორჩა და თქვა: „წამების, არაადამიანური მოპყრობის მსჯავრდებულისადმი ჰუმანური დამოკიდებულებით შეცვლა და თანამედროვე სტანდარტის საპატიმრო დაწესებულებების მოწყობა, სასჯელაღსრულების სისტემაში მთავარი მიღწევა და ოცნების ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი მახასიათებელია “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებისგან“.

აღნიშნულის შემდეგ კი, იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, სახალხო დამცველი მაინც ამბობს, რომ „კრიმინალური სუბკულტურის გავლენა ციხეში დღესაც პრობლემაა“. ომბუდსმენის საქმიანობის მიმართ სკეპტიკური განწყობის შესაქმნელად ჟურნალისტი იქვე აღნიშნავს, რომ „წულუკიანმა ლომჯარიას სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში 2018 წელს ოთხი, 2019-ში ნული ვიზიტი დაუთვალა“. სახალხო დამცველის კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან აფილაციის მიზნით კი იქვე დასძინა: „სანაცვლოდ ომბუდსმენმა 2020 წლის ანგარიში მეორე დღესვე გახსნა და ე.წ. მატროსოვის ციხეში ვანო მერაბიშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი და კახაბერ ნაკანი მოინახულა“.

მაყურებლის მხრიდან საკითხთან მიმართებით კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშნის გასაჩენად მასალაში იუსტიციის მინისტრის კომენტარსაც ვისმენთ, რომელიც ამბობს: „როდესაც სახალხო დამცველი ჩემი შენიშვნის შემდეგ გამოცხადდა არა უვადო პატიმრებთან, არა ბავშვებთან, არა ქალებთან, არამედ მივიდა იქ სადაც მივიდა, მე მაინც ვარ მადლიერი იმედს ვიტოვებ, რომ ეს არ იქნება ბოლო ვიზიტი“.

სახალხო დამცველის მხრიდან მისი პატიმრებთან კონფიდენციალური ვიზიტების გასაჯაროების გამო იუსტიციის სამინისტროს კრიტიკის საპასუხოდ, ჟურნალისტი ასევე იუსტიციის მინისტრის კომენტარს გვთავაზობს, რომელიც ამბობს, რომ საკითხის შესახებ მედიის მხრიდან დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა მათი ვალდებულება იყო.

ჟურნალისტი იუსტიციის სამინისტროს მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში გაკეთებული ვიდეოჩანაწერის გასაჯაროების გამო ომბუდსმენის კიდევ ერთ კრიტიკასაც ეხმაურება და უწყების პოზიციის დაცვას ცდილობს. „პატიმრობის შესახებ კოდექსის 54-ე მუხლი მაღალი რისკის დაწესებულებებში ელექტრონულ ჩანაწერს უშვებს. ელექტრონული მეთვალყურეობით კი მხოლოდ შარშან 80-ზე მეტი სუიციდის მცდელობა აღიკვეთა. თეა წულუკიანი ამბობს, რომ გასაჯაროებული ჩანაწერები კანონიერი ვადით იყო შენახული, საზოგადოებამ კი უნდა იცოდეს რეალობა და ისიც, თუ რა ვითარებაში უწევთ რიგ შემთხვევებში მუშაობა პენიტენციური სისტემის თანამშრომლებს“, - ამბობს იგი.

სიუჟეტის მიწურულს, აქცენტი ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლის ციხეში ვიზიტის დროს ჩაცმულობაზეც კეთდება და ჟურნალისტი გვამცნობს, რომ თეა წულუკიანის თქმით, „ჩაცმულობა ომბუდსმენმა ჯერ მის თანამშრომლებს დაუწუნა, რომლებსაც ფორმები არ ჰქონდათ და სახელმწიფომ მხოლოდ 2019 წლის ბოლოს შეუძინა, ჯინსი კი მისი საპასუხო რეაქცია იყო“. „თუმცა ასეთი ჩაცმულობით ციხეში საქმიანი ვიზიტი მისთვის მოსაწონი მაინც არ არის“, - იქვე დასძენს ჟურნალისტი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გადაცემის წამყვანმა თემის წარდგენისას გვითხრა, რომ ჟურნალისტმა იუსტიციის მინისტრთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა და ჩანდა, რომ ჟურნალისტს უწყების ხელმძღვანელის მიმართ კითხვების, მათ შორის, კრიტიკულის დასმის შესაძლებლობა ჰქონდა, როგორც მასალიდან ჩანს, იგი მხოლოდ შემდეგი კითხვებით შემოიფარგლა:

  • განიხილება თუ არა თეა წულუკიანის კანდიდატურა პარლამენტის თავმჯდომარედ?
  • არიან თუ არა დღეს ციხეში რეალურად ე.წ. მაყურებლები?
  • ყავის დალევა უფრო მეტად არის ნდობაში შესვლის ფორმა თუ გამოყენება პატიმრის ნივთებისა?

თემის მსგავს კონტექსტი განხილვა, იუსტიციის მინისტრისთვის კომფორტული გარემოს შექმნა და მისთვის უწყების მიმართ საზოგადოებაში დაგროვებული არაერთი კრიტიკული კითხვის არდასმა, ასევე საზოგადოებისთვის ომბუდსმენის, როგორც „არა ყველას სახალხო დამცველის“ წარმოჩენა, ამასთან, მის პოლიტიკურ აფილაციებზე მინიშნება, ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ სიუჟეტის მიზანი სახალხო დამცველის ოფისის დაკნინება და მისი დისკრედიტაცია და იუსტიციის სამინისტროს პოზიციის გამართლება იყო.

თეგები : მიკერძოებული გაშუქება;
ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ