ყალბი კვლევები და დეზინფორმაცია, თითქოს ნიკოტინი კორონავირუსისგან იცავს
08.05.2020
ბოლო ორი კვირის განმავლობაში სოციალურ ქსელში, სხვადასხვა მედიასაშუალებებსა თუ კლიქბაიტ საიტებზე ვირუსულად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს კვლევებით დადასტურდა, რომ თამბაქოს კორონავირუსისგან დამცავი ეფექტი აქვს. სხვადასხვა ტიპის გამოცემები, ძირითადად, მყვირალა და სენსაციური სათაურებით მკითხველს აცნობენ, რომ “სიგარეტი კორონავირუსს ბლოკავს”, “ნიკოტინი ორგანიზმს COVID-19-სგან იცავს” ანდა “თამ­ბა­ქოს მეშ­ვე­ო­ბით კო­რო­ნა­ვირუ­სი მარცხდება”.

გამოცემები, ძირითადად, საფრანგეთში ჩატარებულ ერთ-ერთ კვლევას ეყრდნობოდნენ, რომელიც ჟურნალ Qeios-ში გამოქვეყნდა, და წერდნენ, რომ ახალი კორონავირუსის კვლევისას, ფრანგმა მეცნიერებმა ნიკოტინის კორონავირუსისგან პოტენციური დამცავი ეფექტი დაადგინეს. “სკანდალური კვლევა”,საუკუნის აღმოჩენა”, - მსგავსი სენსაციური და შეფასებითი სათაურებით აცნობდნენ მკითხველს კვლევას, რომელიც ოფიციალური წყაროების განცხადებით, ყალბია.

 alt

“COVID-19-ით დაინფიცირებული 500 პაციენტიდან, რომელთაგან 350 პაციენტი მკურნალობას სტაციონარში გადიოდა, 150 კი შედარებით მსუბუქი სიმპტომებით სახლში მკურნალობდა, მხოლოდ 5% იყო მწეველი, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. მსუბუქი პაციენტებიდან კი მეტნაკლებად ყველა მწეველი აღმოჩნდა. კვლევის ავტორი, შინაგანი დაავადებების პროფესორი ზახირ ამურა ამბობს, რომ კრონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებში 80%–ით ნაკლები მწეველია, ვიდრე იმავე ასაკისა და სქესის მოსახლეობაში”, - წერნდნენ სხვადასხვა ტიპის გვერდები.

მასალებში ასევე აღნიშნავდნენ, რომ “რომ დაკვირვება ხდებოდა ციხისა და ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტებზეც, რომლებიც საკმაოდ ბევრ ნიკოტინსა და ალკოჰოლურ სასმელს იღებენ და დადგინდა, რომ მათ COVID-19 ნაკლებად შეეხო”.

კვლევის შესახებ იდენტური შინაარსის სტატიებს აქვეყნებენ სხვადასხვა ტიპის გვერდები, მათ შორის: pres.ge, newsreport.ge, hotnews.ge, ambavi.cc, videosports.ge, wnews.ge.

გავლენიან გამოცემა The Guardian-ზე დაყრდნობით, კლევის შესახებ მასალა მოამზადა ისეთმა მედიასაშუალებამაც, როგორიცაა on.ge. “კვლევა: ნიკოტინი, შესაძლოა, კორონავირუსით ინფიცირებას უშლიდეს ხელს” - სტატიაში ავტორს არ განუმარტავს, თუ რა ტიპის კვლევაზე იყო საუბარი. მნიშვნელოვანია აღინიშნულიყო, რომ მსგავსი თეორია ეფუძნებოდა არა სამეცნიერო კვლევას, არამედ საფრანგეთის ერთ-ერთ ჰოსპიტალში დაინფიცირებული პაციენტების გამოკითხვის შედეგად მიღებულ შედეგებს.

 “კვლევები, რომლებიც მოწევას და ნიკოტინს წარმოაჩენენ COVID-19-სგან თავის დასაცავ საშუალებად, ყალბია!!!”- ამ აქცენტით ვრცელი განცხადება საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ოფიციალურ გვერდზე 5 მაისს გამოქვეყნდა.



Qeios-ში გამოქვეყნებული კვლევების შესახებ NCDC ვრცელ განმარტებას აკეთებს და წერს, რომ აღნიშნული კვლევების მიგნებები არათანმიმდევრულია და მწეველობასა და COVID-19-ს შორის აღწერილი კავშირი სრულიად შეუსაბამოა უკვე არსებულ მტკიცებულებათა ვრცელ ჩამონათვალთან:

“იგი ასევე შეუსაბამოა ინფექციის წარმოშობისა და გავრცელების ფართოდ ცნობილ და აღიარებულ მექანიზმთან. გარდა ამისა, რაც მთავარია, მიმოხილვა აჩვენებს, რომ მეორე ნაშრომის მთავარ ავტორს Jean-Pierre Changeux-ს ხანგრძლივი კავშირი აქვს თამბაქოს ინდუსტრიასთან...

მიუხედავად იმისა, რომ ავტორები არ აცხადებენ ფინანსური ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ, უნდა აღინიშნოს კვლევის წამყვანი ავტორის გრძელვადიანი ისტორიული კავშირების შესახებ თამბაქოს ინდუსტრიასთან. 1995-1998 წლებში Jean-Pierre Changeux-მა თამბაქოს კვლევის საბჭოსგან მიიღო გრანტები ბიუჯეტით 220.000 აშშ დოლარი. 90-იანი წლების ბოლოს იგი გახდა RJ Reynolds ფარმაცევტული შვილობილი კომპანია Targacept-ის თანამშრომელი და მრჩეველი, 2006/2007 წლებში იგი ხელმძღვანელობდა და გამოაქვეყნა Philip Morris International-ის მიერ დაფინანსებული კვლევები”, - წერს NCDC.

“თამბაქოს მოხმარება ყოველწლიურად 8 მილიონზე მეტ ადამიანს კლავს გლობალურად და უარყოფითად აისახება უამრავი სხვა ადამიანის რესპირაციულ ჯანმრთელობაზე. თუმცა COVID-19-თან დაკავშირებული მეცნიერება ვითარდება, ჩვენ მიერ მოპოვებული შეზღუდული მტკიცებულებები გვიჩვენებს, რომ მოწევა აუარესებს COVID-19 პაციენტების მდგომარეობას. მიუხედავად იმისა, რომ მედიამ გამოაქვეყნა თამბაქოს მოხმარებასა და COVID-19-ით დაინფიცირებას შორის კვლევა, ეს კვლევები არ წარმოადგენს მყარ მტკიცებულებას”, - ნათქვამია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში “თამბაქოს კონტროლი COVID-19-ის პანდემიის დროს: როგორ შეგვიძლია დახმარება”.

ვირუსულად გავრცელებულ ინფორმაციას, ოფიციალური წყარობის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებამდე, ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მაია ბუწაშვილი გამოეხმაურა:

“გავრცელდა ინფორმაცია, რომ თამბაქოს მომხმარებლებს ნაკლებად ემართებათ ახალი კორონავირუსით ინფექცია. ამის ასე ხელაღებით თქმა ძალიან საშიშია, რადგან შეიძლება ადამიანებმა არასწორად აღიქვან და თამბაქოს გამოყენება დაიწყონ”,- წერს მაია ბუწაშვილი.



კორონავირუსის პანდემიის პირობებში, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ყურადღებას ამახვილებს სანდო, გადამოწმებული და სენსაციურობისგან დაცლილი ჟურნალისტური მასალების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.

“იმის გათვალისწინებით, რომ აუდიტორიის გარკვეული ნაწილი ინფორმაციას, ძირითადად, სათაურებიდან იღებს და მხოლოდ ამით კმაყოფილდება, ყველა საერთაშორისო რეკომენდაციაში, რომელიც კორონავირუსის გაშუქებას ეხება, ხაზგასმულია, რომ მედიამ სენსაციური სათაურით აუდიტორია შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს”, - ნათქვამია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებულ სახელმძღვანელოში - ეთიკა, უსაფრთხოება და ფსიქიკური ჯანმრთელობა კორონავირუსული პანდემიის (COVID-19) გაშუქებისას.

“არასდროს შესწიროთ ფაქტები „კლიკებს“ და განსაკუთრებული ყურადღება ამას კრიზისების დროს მიაქციეთ”, - ამბობს ფრილანსერი ჟურნალისტი ბეტსი ჯოულსი, რომელიც კორონავირუსის პანდემიას ჩინეთში, უჰანის პროვინციაში აშუქებდა.


alt
სტატია მოამზადა "მედიაჩეკერმა" აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭერით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია "მედიაჩეკერი". ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ