ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუ ბევრი მადლობითა და კრიტიკული კითხვების გარეშე „პირველ არხზე“
13.01.2021
ინტერვიუ მადლობით, კრიტიკული კითხვების გარეშე და ბევრი თანხმობით - ამ ფორმატში წარიმართა “ქართული ოცნების” უკვე ყოფილ თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუ, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ეთერში 12 იანვარს, 22:30 სთ-ზე გავიდა. ინტერვიუს არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი და გადაცემა „თავისუფალი ხედვის“ წამყვანი გიორგი გვიმრაძე უძღვებოდა, რომელიც ინტერვიუს მსვლელობის პროცესში რესპონდენტთან პოლემიკასა და დისკუსიაში არცერთხელ შესულა, მის მიმართ კეთილგანწყობას ღიად გამოხატავდა და მეტიც, გაწეული საქმიანობისთვის მადლობასაც უხდიდა.

„მადლობა უნდა გითხრათ. ზოგადად, დასავლურ რეალობაში, დასავლურ პოლიტიკურ კულტურაში მიღებულია, რომ ადამიანი, რომელიც პოლიტიკიდან მიდის, ან ტოვებს გარკვეულ სივრცეს, გარკვეულ საქმიანობას, მას მადლობას ეუბნებიან ხოლმე გაწეული საქმისთვის. ამისთვისაც მადლობა მინდა გითხრათ, მიუხედავად იმისა, თუ როგორ აფასებს ამ თქვენს გაწეულ შრომას თქვენი ოპონენტი იქნება ეს თუ თქვენი მომხრე. მე მხოლოდ მადლობით შემოვიფარგლები ამ შემთხვევაში და [მადლობას გეტყვით] იმ ქველმოქმედებისთვის, რომელიც ზოგადად ახასიათებს ბიძინა ივანიშვილის სახელს და უკავშირდება [მას]“, - უთხრა მან რესპონდენტს ინტერვიუს დასაწყისში.



„მადლობების ნაწილის“ დასრულების შემდეგ, „კონკრეტული საკითხების“ ჯერიც დადგა. ინტერვიუს დროს, რომელიც 1 საათსა და 10 წუთს გაგრძელდა, წამყვანმა ჯამში 14 კითხვა დასვა, რომლებიც ძირითადად ზოგადი შინაარსის იყო და ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ სხვადასხვა მნიშვნელოვან პროცესსა თუ პრობლემურ საკითხებსა არ ეხებოდა.

ინტერვიუს ავტორი “ქართული ოცნების” დამფუძნებლისგან ძირითადად შემდეგი საკითხებით დაინტერესდა:

  • რით განსხვავდება ეს წასვლა 2013 წლის ბოლოს წასვლისგან? რატომ უბრუნდებით 2011 წელს?

  • როგორი იყო რეაქცია გუნდის მხრიდან? ხომ არ იყო მათი მხრიდან რეაქცია, რომ ახლა მათთვის საჭირო იყავით და არ უნდა წასულიყავით?

  • როგორ უნდა შეიკავოთ თავი იმისგან, რომ არ უთხრათ [თანაგუნდელებს[, რომ რაღაცას არ აკეთებენ სწორად? კომუნიკაციას როგორ გაწყვეტთ ისე, რომ არ გიბიძგოთ საკუთარმა თავმა, რომ არ უთხრათ ადამიანებს, რომ რაღაცას არ აკეთებენ სწორად და ა.შ.?

  • რა არის შემთხვევა და თუ არსებობს ასეთი, როდესაც შეიძლება ბიძინა ივანიშვილი უკან დაბრუნდეს?

  • ბოლო საჯარო კონსულტაცია გუნდისთვის - რა სჭირდება პარტიას, რა უნდა გააკეთონ, რა უნდა გაითვალისწინონ? ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედიც აღარ იქნება, ვეღარ ვნახავთ მას ქველმოქმედს? თუკი მთელ ქონებას აძლევთ და ქართუ ფონდის მართვაშიც აღარ ჩაერევით, როგორ იქნება, რა მდგომარეობა იქნება?

  • წერილში თქვით, რომ გაქვთ ოცნება როდესაც “ქართული ოცნება” გადავა ოპოზიციაში? გუნდი რამდენად მზად არის ამისთვის და როგორ გესახებათ ეს პერსპექტივა გუნდისთვის? რა პესპექტივაში ხედავთ ამ ოცნების ასრულებას?

  • თქვენ ახლაც ახსენეთ დესტრუქციული ოპოზიცია და ამაზე წერილშიც ვრცლად საუბრობთ... როდესაც ოპოზიცია ისეთია, როგორც არის, მმართველი გუნდი ისეთია, როგორიც არის და მისი ჩამნაცვლებელი დღეს არ არსებობს, ამ რეალობაში როგორ გესახებათ პოლიტიკური რეალობის დეესკალაცია, რომელიც დღეს გვაქვს ახლო მომავალში და როგორ გესახებათ გრძელვადიან პერსპექტივაში კონსტრუქციული პროცესი ოპონირების, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი გაჩნდეს, რამ შეიძლება ამას ხელი შეუწყოს?

  • რა გარემოებები უშლის ხელს თქვენი აზრით [ახალი პოლიტიკური] ძალის გაჩენას?

  • პანდემიის პირველი ტალღა საკმაოდ წარმატებით გავიარეთ, მეორე ტალღასთან დაკავშირებით არის თითქოს გარკვეული წუხილები, რომ რაღაც მომენტში გაგვექცა კონტროლი ინფექციის გავრცელებაზე. თქვენ როგორ უყურებთ ამ ყველაფერს, რამდენად წარმატებით, რამდენად ეფექტურად ვახერხებთ პანდემიის მართვას?

  • პანდემიის შემდგომ პერიოდში, როგორი უნდა იყოს ხელისუფლება?

  • თქვენს პოლიტიკაში მოსვლას და შემდეგ 2014 წლიდან დაწყებულ საქმიანობას უკავშირდება ერთი მნიშვნელოვანი თარიღი - 2030 წელი. იქ იყო გარკვეული მოცემულობა, გარკვეული ხედვა იმისა, როგორი იქნება ქვეყანა 2030 წელს, დღევანდელი პერსპექტივიდან, რა შეიცვალა ამ გეგმასა და ხედვაში? როგორი იქნება? მითუმეტეს როგორი იქნება ეს ყველაფერი უთქვენოდ?

  • პანდემიით გამოწვეული სირთულე იქნება ეს, თუ ეკონომიკური და სოციალური სირთულეები, რომლებიც ჯერ კიდევ დასაძლევია, ასევე დესტრუქციული ოპოზიციის არსებობა - უამრავი სირთულეა, რომლის წინაშეც მმართველი გუნდი რჩება. ჩავთვალოთ ეს ბოლო საჯარო კონსულტაციად გუნდისთვის - ნეგატიური გამოცდილება ბიძინა ივანიშვილის - რა რაის ის, რასაც ისე არ გააკეთებდით, ამ ხნის განმავლობაში გაკეთებულთაგან, იმისთვის, რომ სხვა შედეგი დამდგარიყო და როგორ აფასებთ ამ პერიოდს კრიტიკული თვალით. ბიძინა ივანიშვილის კრიტიკული თვალი განვლილი პერიოდისა, რას შეცვლიდით, რისი გათვალისწინებას ურევდით გუნდს წარსულიდან?

  • რა დაგრჩათ სათქმელი?
ინტერვიუს ავტორი ბიძინა ივანიშვილთან არც იმის დაზუსტებას შეეცადა, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური, პოლიტიკური, ასევე პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე, ხომ არ არის მისი გადაწყვეტილება პასუხისმგებლობისგან გაქცევა, კომფორტის ზონაში გადასვლა და მმართველობის კვლავ კულისებს მიღმიდან გაგრძელება. მას არც მისი ადგილმონაცვლის შესახებ დაუსვამს კითხვა და დაინტერესებულა, რამდენად სწორია პარტიის სადავეების იმ პირისთვის გადაბარება, რომელიც ოპონენტების მიმართ კონფრონტაციული დამოკიდებულებით გამოირჩევა და რომელთანაც 2020 წლის 20 ივნისის ამბები ასოცირდება.

მას არც კორუფციის, ნეპოტიზმის, აგრეთვე სასამართლო სისტემისა და სამართალდამცველი სტრუქტურების მიმართ საზოგადოებაში არსებული კითხვები და პრეტენზიები გახსენებია, არც მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის გაუარესებასა და ეკონომიკურ უკუსვლაზე გაუმახვილებია ყურადღება.

გადაცემის წამყვანმა რესპონდენტს არც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამო ოპოზიციის პროტესტსა და პარლამენტის ბოიკოტზე ჰკითხა რამე და და არც ე.წ. “კარტოგრაფების” თემაზე დაუსვამს კითხვა, რომელიც ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ გააქტიურა და რომლის ირგვლივაც არაერთი ლიგიტიმური შეკითხვა არსებობს. მეტიც, წამყვანმა თემა არც მაშინ გაშალა, როდესაც ინტერვიუს მსვლელობისას, ივანიშვილმა საქმის ერთ-ერთ მთავრ ფიგურას, ბიზნესმენ დავით ხიდაშელს რუკების მოძიებისთვის მადლობა გადაუხადა და ფაქტობრვად, იგი გმირად შერაცხა. მან ბიძინა ივანიშვილს საკუთარი მოსაზრებების უალტერნატივო ჭეშმარიტებად წარმოჩენის სრული თავისუფლება მისცა და თავისი შეხედულებების გამოთქმისას რესპონდენტს არაერთხელ დაეთანხმა.

იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან რამდენიმე ათეული მილიონი ლარის დაფინანსებას იღებს, რომელიც არა რომელიმე კონკრეტული პარტიისა და პოლიტიკური ლიდერის, არამედ გადასახადის გადამხდელი თითოეული მოქალაქის ფულია, მას საზოგადოების წინაშეც გაცილებით უფრო მეტი ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა აკისრია ვიდრე რომელიმე კერძო მაუწყებელს, რომელსაც საკუთარი სარედაქციო პოლიტიკა და დღის წესრიგი აქვს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია კრიტიკულად მიუდგეს ნებისმიერ საკითხსა თუ პოლიტიკურ ფიგურას, რომელიც ქვეყნის მართვაზეა პასუხისმგებელი, მასთან მიიტანოს მოქალაქის პრეტენზია და გააჟღეროს ის მწვავე შეკითხვები, როლებიც დროის კონკრეტულ მონაკვეთში მის მოქალაქეებს აქვთ და ღია ტრიბუნა მხოლოდ ერთი მხარის პოზიციის წარმოჩენის საშუალებად არ აქციოს.

თუმცა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეს ვალდებულება ჟურნალისტს, რომელიც უფრო მსმენელის როლში იყო, ვიდრე ინტერვიუერის, არ გახსენებია. და შედეგად, ინტერვიუდან, რომლისადმიც საზოგადოების განსაკუთრებულად მაღალი ინტერესი არსებობდა, მითუმეტეს, რომ თავად რესპონდენტის თქმით, ეს მისი ბოლო საჯარო გამოჩენა იყო, მაყურებელმა მისთვის საინტერესო ვერცერთ კითხვაზე ვერ მიიღო პასუხი, უფრო სწორად, ვერც ასეთი კითხვები მოისმინა და ცხადია, ვერც მათზე პასუხი.

ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ