“პარალელური რეალობა” ქართულ ტელევიზიებში პოზნერის ვიზიტზე
03.04.2021
რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ვიზიტი ქართულმა ტელევიზიებმა სხვადასხვა აქცენტით გააშუქეს.

ეს ამბავი 1 აპრილს დღის მთავარი თემა იყო ტელევიზიების მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში.

  • მაუწყებლების ნაწილი ცდილობდა მაყურებელი დაერწმუნებინა, რომ პოზნერის ვიზიტს “ფსევდოპატრიოტები”, “კრემლის დაკვეთის შემსრულებელი” და “ორმაგ სტანდარტებში შემჩნეული ოპოზიცია” აპროტესტებდა;
  • ნაწილი ირწმუნებოდა, რომ “ოკუპაციის მხარდამჭერი პუტინის ხალხი” ხელისუფლების მფარველობით შემოვიდა საქართველოში;
  • ნაწილი კი მიმდინარე მოვლენების მშრალი და ფაქტობრივი გაშუქებით შემოიფარგლა;

ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 31 მარტს, დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. რასაც იმავე დღეს, გვიან ღამით, სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკოსების პროტესტი მოჰყვა. პოზნერს, თანმხლებ პირებთან ერთად, რამდენიმე საათში, გამთენიისას აქციების ფონზე მოუწია ქვეყნის დატოვება.
ტელეკომპანიების უმეტესობამ, რომელთა მთავარ საინფორმაციო გამოშვებებსაც 1 აპრილს “მედიაჩეკერი” აკვირდებოდა, ამ ამბავს საინფორმაციო ეთერის დიდი ნაწილი დაუთმო.  alt


პოზნერის ვიზიტთან დაკავშირებული მოვლენების გაშუქებისას, “იმედი” ნახევარი საათის განმავლობაში ხელისუფლების რიტორიკას მისდევდა. ტელეკომპანიის სიუჟეტებში ხშირად ისმოდა ფრაზა, რომ “რუსულმა ნაციონალურმა მოძრაობამ” მოქალაქეთა პროტესტი თავისი პარტიული ინტერესისთვის გამოიყენა. “იმედის” წამყვანები, ჟურნალისტები და შერჩეული რესპონდენტები ერთნაირად არწმუნებდნენ აუდიტორიას, რომ ხელისუფლებას შესაბამისი, ადეკვატური რეაქცია ჰქონდა, “რადიკალურ ოპოზიციას კი - დესტრუქციის მორიგი მცდელობა”.

“ფსევდოპატრიოტული ისტერია” - ამ სათაურით გასულ სიუჟეტში, პოსტვ-ის” ჟურნალისტი და წამყვანი საპროტესტო აქციის მონაწილეებს მოიხსენიებდნენ ფრაზებით: “რუსეთუმე მინდია გულიას ხელის ბიჭი მაქარაშვილი”, “სააკაშვილის კიევის მარიონეტები”, “ჩეკისტების სკოლის კურსდამთავრებული ელენე ხოშტარია” და ა.შ.

“პოსტვ”, “იმედის” მსგავსად, მმართველი პარტიის მიერ გავრცელებულ გზავნილებს იმეორებდა და კიდევ უფრო აგრესიული ტონით ცდილობდა მაყურებელი დაერწმუნებინა, რომ პოზნერის ვიზიტს არა სამოქალაქო აქტივისტები, არამედ “ფსევდოპატრიოტები” და “კრემლის დაკვეთის შემსრულებლები აპროტესტებენ”, ხელისუფლება კი კანონის შესაბამისად მოქმედებდა.

“ოპოზიციის ორმაგ სტანდარტებზე” აკეთებდა აქცენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხიც სიუჟეტში სახელად “პოზნერის ჩაშლილი ვოიაჟი”. “ბოლო 24 საათს თუ რაიმე ასათაურებს, ეს ორმაგი სტანდარტია, ორივეგან - სამოქალაქო ყოფაშიც და პოლიტიკურ ცხოვრებაშიც” - ამ შესავლით დაიწყო სიუჟეტი ავტორმა, ბოლოს კი, “ოპოზიციის ორმაგი სტანდარტის” დამადასტურებლად მაყურებელს ელენე ხოშტარიას რუსული დიპლომი და “პატრიოტთა ალიანსის” და ნინო ბურჯანაძის კრემლში ვიზიტები შეახსენა.

სრულიად საპირისპიროდ გაშუქდა ამბავი “მთავარი არხზე”, რომელმაც “ვლადიმერ პუტინის კარის ჟურნალისტისა და მისი ამალის” ჩამოსვლა პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს და “ქართული ოცნებას” დაუკავშირა. “უტიფრობის პიკი”, “ანტიდასავლურობა” და ხელისუფლების მიერ კრემლის პოლიტიკის გატარება იყო მაუწყებლის მთავარი გზავნილები. ჟურნალისტები ცდილობდნენ აუდიტორია დაერწმუნებინათ, რომ პოზნერის ვიზიტი და წვეულება “ქართული ოცნების” თანხმობის გარეშე ვერ დაიგეგმებოდა.

“მთავარი არხის” მსგავსად, “ტვ პირველიც” ყურადღებას იმაზე ამახვილებდა, რომ “ხელისუფლებამ ქვეყანაში “პუტინის ხალხი” შემოუშვა”. მაუწყებელი ირწმუნებოდა, რომ ხელისუფლებამ “მწვანე შუქი აუნთო” იმ ბიზესმენებსაც, ვინც რუს ჟურნალისტს და მის კაციან დელეგაციას ქვეყანაში “დროსტარების უფლება მისცა”.

პოზნერის ვიზიტთან დაკავშირებით სახელმწიფო ორგანოების ჩართულობაზე საუბრობდა ტელეკომპანია “ფორმულაც”. “ნარუშილოვკა კრემლის იდეოლოგისთვის” და ხელისუფლების თავდასხმები ოპოზიციის წინააღმდეგ” - ამ აქცენტებით გააშუქა მაუწყებელმა ამბავი მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში. “ფორმულამ” რუსი ჟურნალისტის ვიზიტი რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლას შეადარა და 31 მარტს განვითარებული მოვლენებს “პოზნერის ღამე” უწოდა.

შედარებით ნეიტრალური ტონით ყვებოდნენ ამბავს “რუსთავი 2-ისა” და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელის ჟურნალისტები. სიუჟეტში, სახელწოდებით “სკანდალური იუბილე” ტელეკომპანია “რუსთავი 2” ვრცლად შეეხო წვეულების დეტალებს და პოზნერის საწინააღმდეგო აქციის მიმართ გამოხმაურებებს როგორც საქართველოში, ისე რუსეთში. აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კი მაყურებელს მოუყვა პოზნერის ვიზიტის მიმართ საქართველოში გაკეთებულ შეფასებებზე, რუსი ჟურნალისტის ბიოგრაფიასა და რუსული მედიის გამოხმაურებაზე.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი; ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ