ვინ როგორ გააშუქა ოპოზიციის 31 ოქტომბრის აქცია?
02.11.2021
31 ოქტომბერს ოპოზიციის აქცია ცენტრალური ტელევიზიების ერმა ნაწილმა მანიპულაციურად და პოლიტიკურად მიკერძოებულად გააშუქა. ნაწილმა კი მათთან შედარებით ობიექტურად, მშრალად ასახა პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენები.

რა მოხდა

ცესკოს მიერ არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ოპოზიციური პარტიების ნაწილმა არჩევნები “გაუქმებულად” გამოაცხადა და 19:00 საათზე პარლამენტთან აქცია გამართა.

რა აჩვენა 7 ცენტრალურ არხზე დაკვირვებამ?

„მედიაჩეკერი“ შვიდი მაუწყებლის გაშუქებას დააკვირდა: „ტვ პირველი“, „იმედი“, „პოსტვ“, „პირველი არხი“, „ფორმულა“, „მთავარი არხი“ და „რუსთავი 2“.

ჩამოთვლითაგან “რუსთავი 2” ერთადერთი ტელევიზია იყო, რომელმაც ოპოზიციის აქციას პირდაპირ ეთერში დრო საერთოდ არ დაუთმო.

დანარჩენი მაუწყებლებიდან ზოგი რუსთაველზე მიმდინარე პროცესებს საათების განმავლობაში უწყვეტად აშუქებდა, ზოგმა კი მხოლოდ აქციის დაწყების ან დასრულების შემდეგ ჩართო პირდაპირი ეთერი.

უმრავლესობის გაშუქებაში - ჟურნალისტების მანიპულაციური ტექსტებით, შერჩეული კადრებით, მთავარი აქცენტებით - კიდევ უფრო ცხადად გამოჩნდა მაუწყებლების პოლიტიკური მიკერძოება:

არხების ნაწილი მაყურებელს არწმუნებდა, რომ “ოლიგარქმა ქართველ ხალხს არჩევნები წაართვა და ოპოზიცია პარლამენტთან ამის გასაპროტესტებლად და სამოქმედო გეგმის წარსადგენად შეიკრიბა”. ნაწილი კი ამტკიცებდა, რომ „პოლიტიკურად გაბანკროტებული მელია მარცხს არ აღიარებს და ტრადიციულად ქუჩაში გავიდა”.

alt

დეტალურად

მთავარი არხი

ტელეკომპანია “მთავარმა არხმა” ოპოზიციის პროტესტის გაშუქებას ყველაზე მეტი დრო დაუთმო. 18:00 საათიდან დაიწყო პარლამენტთან მიმდინარე მოვლენების პირდაპირ ეთერში გადაცემა და დაახლოებით, 20:50-მდე უწყეტ რეჟიმში აშუქებდა მოვლენებს.

სანამ აქციაზე გამოსვლები დაიწყებოდა, არხი მაყურებელს ოპოზიციის წარმომადგენლების ჩართვებს სთავაზობდა.

ჟურნალისტი და მისი რესპონდენტები მტკიცებით ფორმაში ყვებოდნენ, “ოლიგარქის გუნდმა გაიფორმა გამარჯვება, რომელიც არ მოუპოვებიათო”. აქციის გაშუქებისას არხის მთავარი სათქმელი ის იყო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს წაართვა ნება, ოპოზიცია კი ამას აპროტესტებს და სამოქმედო გეგმას და სტრატეგიას წარადგენს”.

პირდაპირი ეთერის დასრულებიდან დაახლოებით 10 წუთში “მთავარი არხის” ეთერში გადაცემა “პოსტ ფაქტუმი” კვლავ რუსთავაელის გამზირიდან ჟურნალისტის ჩართვით განახლდა და არხმა თითქმის 15 წუთი ამავე თემას დაუთმო.

TV პირველი

პარლამენტის წინ დაგეგმილი აქციის გაშუქება “ტვ პირველმა” მთავარ არხზე ადრე - 17:00 საათიდან დაიწყო. პირდაპირ ეთერში პერიოდულად ერთვებოდნენ ჟურნალისტები და მაყურებელს ინფორმაციას აწვდიდნენ სამზადისის შესახებ. 18:12-დან კი არხი თითქმის ორსაათ-ნახევრის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში აშუქებდა აქციას.

არხი მაყურებელს პერიოდულად სთავაზობდა აქციის მონაწილეების, პოლიტიკოსების ჩართვებს.

სხვა მაუწყებლებისგან განსხვავებით, “ტვ პირველის” ჟურნალისტები განსაკუთრებულ ყურადღებას მიმდებარე ტერიტორიაზე ბევრი სამართალდამცავის მობილიზაციაზე ამახვილებდნენ.

ფორმულა

ტელეკომპანია “ფორმულამ” 18:40-დან დაიწყო აქციის გაშუქება, 19:00 საათიდან კი უწყვეტ რეჟიმში, ერთი საათის განმავლობაში აწვდიდა ინფორმაციას მაყურბელს იქ მიმდინარე მოვლენების შესახებ.

სამივე მაუწყებელი - “ფორმულა”, “ტვ პირველი”, “მთავარი არხი” - სხვადასხვა რაკურსით აჩვენებდნენ აქციაზე შეკრებილ ხალხს. თუმცა, საერთო სურათის უკეთ აღსაქმელად, არც ერთს არ უჩვენებია აერო გადაღების კადრები.

alt

პირველი არხი

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენების გაშუქება აქციამდე ერთი საათით ადრე დაიწყო. 18:00 საათიან “მოამბეში” რუსთაველიდან პირდაპირ ეთერში ჟურნალისტი ორჯერ ჩაერთო და დაგეგმილი აქციის შესახებ ისაუბრა.

19:25-დან კი “მოამბე” სპეციალური გამოშვებით შევიდა ეთერში და თითქმის 40 წუთის განმავლობაში პირდაპირ ეთერში გადასცემდა იქ მიმდინარე მოვლენებს. მაყურებელს ჰქონდა შესაძლებლობა, მოესმინა აქციის ორგანიზატორების სიტყვით გამოსვლები.

პირველი არხი სამი სხვადასხვა რაკურსიდან აშუქებდა მოვლენებს: მაუწყებლის ერთი კამერა უშუალოდ აქციაზე გამომსვლელებისკენ იყო მიმართული, მეორე - ქაშუეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან უყურებდა პარლამენტს, მესამე კი აერო გადაღების კადრებს აჩვენებდა. ამ სამი რაკურსიდან, მაყურებელს მხოლოდ აერო გადაღების კადრიდან შეეძლო ხალხის რაოდენობის დანახვა.

alt

იმედი

“იმედმა” 20:00 საათზე კვირის მთავარი საინფორმაციო გამოშვება პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენების გაშუქებით დაიწყო. ამ დროს აქცია უკვე დასრულებული იყო და ხალხი იშლებოდა.

“იმედმა” მაყურებელს მხოლოდ აერო გადაღების კადრები უჩვენა, საიდანაც ძირითადად პარლამენტთან მიმოფანტული ხალხი ჩანდა. ამ კადრების ფონზე კი, გადაცემის წამყვანი და ჟურნალისტი მაყურებელს არწმუნებდნენ, რომ „პოლიტიკურად გაბანკროტებულმა მელიამ ძლივს მოახერხა, ათასამდე კაცი მიეყვანა რუსთაველის გამზირზე, კახა კალაძემ კი ტრიუმფალურმა გამარჯვება მოიპოვა.”
alt

“ორგზის დამარცხებული ნიკა მელია, წაგების აღიარების ნაცვლად, არჩევნებს აცხადებს გაუქმებულად და ხალხს ქუჩაში იბარებს. თუმცა, როგორც ჩანს, ვერ შეკრიბა. მამულაშვილი ოპონენტების კაბინეტებიდან თმებით გამოყვანას აანონსებს. წითლიძე ზუგდიდის ქუჩებში დარბის და წაგებულის მოგებულად აღქმას ცდილობს. გვარამიძისთვის ისევ 2003 წელია და რევოლუციის სურვილით ქუჩაში გაჭრა სურს. ფორსირებულად შეკოწიწებული ე.წ. კოალიციაც კალაძის ტრიუმფალურმა გამარჯვებამ მარტივ მამრავლებად დაშალა. რეფერენდუმის მუქარა კი, ყოფილ სახელისუფლებო გუნდს ბუმერანგივით დაუბრუნდა” - ამ ტექსტით დაიწყო “იმედის კვირა” წამყვანმა.


პოსტვ

“ნაცები ქუჩაში გადიან. დესტრუქციული გეგმა და განცდილი მარცხის არაღიარება” - ასე დაიწყო ოპოზიციის აქციის გაშუქება 19:00 საათიან გამოშვებაში “პოსტვ-მ”.

“იმედის” მსგავსად, პოსტვ-იც აეროგადაღების კადრებს უჩვენებდა მაყურებელს, ჟურნალისტი კი მაყურებელს უყვებოდა, რომ აქციაზე ცოტა ხალხი იყო და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას, ძირითადად, პოლიციელები და ჟურნალისტები ავსებდნენ.

„ნაცები ფუნდამენტური დემოკრატიული უფლებების წინააღმდეგ. არჩევნების შედეგებით უკმაყოფილოები ისევ ქუჩას მიმართავენ. რადიკალები ბრძოლას მოქალაქეებს უცხადებენ, რომლებმაც არჩევნებზე უარი მათ კიდევ ერთხელ უთხრეს. უსაფუძვლო და არალეგიტიმური პროტესტი მიზნად ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანას ისახავს“ - ამბობდა პოსტვ-ს ჟურნალისტი.

alt

რუსთავი 2

“რუსთავი 2-ის” მაყურებელმა პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენების შესახებ ფრაგმენტული და არასრული ინფორმაცია აქციის დასრულებიდან ერთი საათის შემდეგ, 21:00 საათიან გამოშვებიდან მიიღო.

იმ დროს კი, როდესაც პარლამენტთან ოპოზიციის აქცია იმართებოდა, “რუსთავი 2-ზე” გადაცემა “ექიმები” და სერიალი “დიდებული საუკუნე” გადიოდა.

21:10 საათზე “კურიერის” ეთერში გავიდა სიუჟეტი სახელწოდებით - „ოპოზიციის გეგმა - პოლიტიკური ბრძოლის ნაცად მეთოდზე ოპოზიციური კოალიცია კიდევ ერთხელ გადადის“. სიუჟეტში უშუალოდ აქციის გაშუქებას 2 წუთამდე დრო დაუთმო, დაახლოებით ამდენივე კი ხელისუფლების შეფასებებს.

“ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და უკვე კარგად ნაცნობ და აპრობირებულ გზას ირჩევს. ნიკა მელიამ თანამოაზრეები ისევ ქუჩაში შეკრიბა და სამოქმედო გეგმა გააცნო” - ამ ტექსტით აცნობა ჟურნალისტმა მაყურებელს, რომ “მმართველი პარტია გამარჯვებას ზეიმობს. დამარცხებული ოპოზიცია კი ქუჩაში გადისო”.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ