კამერები ციხის თანამშრომლის შვილთან - რაშია პრობლემა?
10.11.2021
ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტში ჩანს ციხის იმ თანამშრომლის შვილი, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილს დაემუქრა.

კონტექსტი

9 ნოემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიგი უგულავამ საჯარო გამოსვლისას თქვა: „აი ამ ნაგვის, ვინც ხელი აღმართა პრეზიდენტზე, უნდა იცოდეს მისი შვილის მეგობრებმა და კლასელებმა, რომ მამა ჰყავს ჯალათი.“

გიგი უგულავა გულისხმობდა იმ ციხის საავადმყოფოს ერთ-ერთ წარმომადგენელს, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი 8 ნოემბერს გადაიყვანეს. მესამე პრეზიდენტის წერილის თანახმად, მაშინ ციხის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა უთხრა: "აჰა, ჩიტო, ხო ჩაგიგდეთ ხელში" და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

მალევე მედიამ გაარკვია, რომ პენიტენციური დაწესებულების ეს წარმომადგენელი გლდანის ციხის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირია, რომელიც წლების წინ სამართალდამცავ უწყებაში მუშაობდა და ქრთამის აღების გამო დააკავეს, სამი წლის შემდეგ კი ამნისტიით გათავისუფლდა.

რა მოხდა?

სიუჟეტში, რომელიც ეთერში საღამოს, პარლამენტთან მიმდინარე აქციის პარალელურად, გიგი უგულავას გამოსვლიდან დაახლოებით 20 წუთში გავიდა ტელეკომპანია „პირველის“ გადამღები ჯგუფი ციხის თანამშრომლის მიმართ ბრალდებებზე პასუხის გასაგებად მის საცხოვრებელ ბინასთან მივიდა და მისი შვილი ჩაწერა. სიუჟეტში ჩანს, გოგო, რომელიც ნახევრად გაღებულ კარში ჟურნალისტის შეკითხვებს პასუხობს, მასალაში ნახსენებია ქუჩა და ჩანს ბინის ნომერი.

რა ზიანი შესაძლოა მიადგეს ციხის თანამშრომლის შვილს?

ორგანიზაციის, "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" აღმასრულებელი დირექტორი ანა არგანაშვილი გვეუბნება, რომ ასეთი განცხადებისა და გაშუქების შედეგად საფრთხეები მწვავეა, რაც ფსიქოლოგიურ სტრესში გამოიხატება.

„რა თქმა უნდა, ბავშვს აქვს კითხვა: მე რა შუაში ვარ ამ ყველაფერში? და ბავშვი არაფერ შუაში არ არის. შემდგომი საფრთხეა ის, რომ მას დააკავშირებენ ისეთ მოვლენასთან, რასთანაც მას კავშირი საერთოდ არ აქვს და არც პასუხისმგებელია. ამის გამო შეიძლება სერიოზული ბულინგის მსხვერპლი გახდეს და ყველა მიკროსოციუმში, მათ შორის სკოლაში სირთულეები შეექმნას.“, - ამბობს არგანაშვილი.

უფლებადამცველი მიყენებული ზიანის ხანგრძილვ ეფექტზეც საუბრობს, რაც ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობაზე იქონიებს გავლენას. ამ ყველაფერში კი მედიის პასუხისმგებლობასაც ხედავს:

„მედია უნდა ყოფილიყო უფრო დაკვირვებით და ჩვენ არ უნდა გვიწევდეს რეაგირება. პასუხისმგებლობას, სამწუხაროდ, იზიარებს მედიაც და, სხვათაშორის, სასამართლო გადაწყვეტილებებიც არსებობს იმაზე, რომ ასეთ საქმეებში ბავშვები არაფერ შუაშია. ვისი შვილიც არ უნდა იყოს, ვერანაირი საჯარო ინტერესი ვერ გადაწონის ბავშვის ინტერესის დარღვევას.“

საჯარო ინტერესი და პირადი ცხოვრება

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-10 პრინციპის თანახმად, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.

ამგვარი ინტერესის გარეშე კი არა მხოლოდ კერძო პირის, არამედ საჯარო პირის პირად ცხოვრებაში შეჭრაც არაეთიკურია.

საზოგადოებრივი ინტერესისა და ცნობისმოყვარეობის გასამიჯნად უნივერსალური ფორმულა არ არსებობს, ამიტომაც თითოეულ შემთხვევაზე მსჯელობაა საჭირო.

ვრცელი სტატია ამ თემაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: სად გადის ზღვარი საზოგადოებრივ ინტერესსა და ცნობისმოყვარეობას შორის?

სახალხო დამცველის განცხადება და უგულავას ბოდიში

გიგი უგულავას განცხადების საპასუხოდ სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ვკითხულობთ, რომ პოლიტიკური დაპირისპირების იარაღად ბავშვების, მათი პირადი ცხოვრებისა და ოჯახური სტატუსის გამოყენება დაუშვებელია და „ ბავშვები დაცული უნდა იყვნენ ნებისმიერი ფორმის ფსიქო-ემოციური ძალადობისგან და ამის გათვალისწინების ვალდებულება, უპირველესად, სწორედ საჯარო პირებს აკისრიათ.“

გიგი უგულავამ განცხადების გამო ბოდიში მოიხადა, თუმცა ანა არგანაშვილი ამბობს, რომ ციხის თანამშრომლის შვილის მიმართ საფრთხის რისკს მაინც ხედავს. “ბავშვს სჭირდება მხარდაჭერა და იმედი მაქვს, ოჯახის წევრები და შესაბამისი სერვისები დაეხმარებიან.“

ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ