კონსპირაციული თეორიები კოვიდ-19-ზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში
17.11.2021
საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ პანდემიისა და კოვიდ-19-ის შესახებ კონსპირაციული თეორიები გაჟღერდა.

გადაცემა ე.წ მწვანე პასპორტის წინააღმდეგ პროტესტს ეხებოდა, თუმცა დაახლოებით ერთსაათიანი ეთერი ძირითადად რესპონდენტების მხრიდან ვაქცინაციას საწინააღმდეგო მოსაზრებებსა და პანდემიის არსებობის ეჭვქვეშ დაყენებას დაეთმო.

კონტექსტი

„თავისუფალი ხედვის“ წამყვანმა შესავალშივე განმარტა, რომ თავდაპირველად გადაცემა მიწვეულ რესპონდენტებსა და „დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებთან“ დებატების ფორმატში იყო ჩაფიქრებული, თუმცა „დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან“ უარი მიიღეს:

„დღეს ვსაუბრობთ პანდემიაზე, კორონავირუსზე, თუმცა განსხვავებული პერსპექტივიდან. მას შემდეგ, რაც ვაქცინაციის პროცესი გააქტიურდა ამას თან მოჰყვა სავალდებულო ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა აქტიურობა. თუ რა პერსპექტივას, რა პროცესებს და ასე ვთქვათ რა გამოსავალს ხედავენ ისინი, რაში ხედავენ ისინი პრობლემას, ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ დღეს ჩვენს სტუმრებთან ერთად“

წამყვანის განმარტებით, ის ეცდებოდა ჩაენიშნა რესპონდენტების დასახელებული ყველა პრობლემური საკითხი და მომავალში „დაავადებათა კონტროლის ცენტრის“ წარმომადგენლებს აუცილებლად შესთავაზებდა ეთერს, რათა გადაცემაში რესპონდენტების მიერ გაჟღერებულ ბრალდებებისა და კითხვებისთვის ეპასუხათ.

კონსპირაციული თეორიები და ანტივაქსერული განწყობები

გადაცემა მთლიანად ორი სტუმრის: მიკრობიოლოგ ლევან ჩხიკვაძისა და სამხედრო ექიმის სტატუსით მიწვეული გიორგი ლილუაშვილის მოსაზრებებს დაეთმო.

რესპონდენტები ამბობდნენ, რომ საქართველოში პანდემიური სიტუაცია არ არის და უნდობლობას უცხადებდნენ კოვიდ-19-ის ოფიციალურ სტატისტიკას.

ერთ-ერთ რესპონდენტთან წამყვანის პირველი შეკითხვა სწორედ პანდემიის არსებობის საკითხს ეხებოდა. მაშინ, როდესაც „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ“ კორონავირუსის პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა და მსოფლიოში კოვიდ-19-ით 5 მილიონზე მეტი ადამიანია დაღუპული.

- გიორგი გვიმრაძე: ბატონო ლევან, მოდით ამ კითხვით დავიწყოთ თქვენთანაც, პანდემია და ეპიდემია გვაქვს თუ არ გვაქვს და რას უნდა დავეყრდნოთ, ამ შემთხვევაში არის თუ არა ეს ყველაფერი მხოლოდ სამართლებრივი კატეგორია ანუ ამას დოკუმენტის გამოქვეყნება სჭირდება თუ შეფასებაც საკმარისია?

- ლევან ჩხიკვაძე: მოდით, მე როგორც მიკრობიოლოგი ისე დაგელაპარაკებით, როგორც ბიოლოგიის მეცნიერებათა მაგისტრი.

- გიორგი გვიმრაძე: გისმენთ, ოღონდ მე გამიჭირდება გამოგყვეთ მაგაში ჩემი კომპეტენციიდან გამომდინარე.

გადაცემის სტუმრებმა არაერთი ბრალდება გააჟღერეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძისა და მისი მოადგილის პაატა იმნაძის მიმართ.

რესპონდენტები გადაცემაში საუბრობდნენ „გაბერილ სტატისტიკაზე“, კოვიდ-19-ის დასადგენად პისიარ ტესტების „უფუნქციობაზე“ და მისი შემქმნელის პანდემიამდე გარდაცვალებაზე, რაც „კითხვის ნიშანს აჩენს“. გადაცემის სტუმრები ამბობდნენ, რომ პირბადე ადამიანს ვირუსისგან არ იცავს, კოვიდ-19 ბიოლოგიური იარაღია და რომ „იძულება მიმდინარეობს ბავშვები აცრან“, რაზეც წამყვანს ხაზგასმით არ უთქვამს, რომ საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო არ არის. „თავისუფალი ხედვის“ სტუმრები ე.წ მწვანე პასპორტებს ეწინააღმდეგებოდნენ და ვაქცინაციის შეჩერებას ითხოვდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ გადაცემის მიმდინარეობისას წამყვანი რესპონდენტებთან ოპონირებას ცდილობდა, გადაცემის ბოლოს თავადვე აღნიშნა: „მე ვერ ვიქნები თქვენი ოპონენტი, ასე ცალმხრივად უბრალოდ შეუძლებელი ამაზე საუბარიო“.

კომენტარისთვის „თავისუფალი ხედვის“ წამყვანს გიორგი გვიმრაძეს დავუკავშირდით, თუმცა მან საუბარზე უარი გვითხრა.

ზიანი

„ეს გადაცემა, ალბათ, კონსპირაციული თეორიების მოყვარულ ძალიან ბევრ ადამიანს მოეწონებოდა იმიტომ, რომ ინფორმაცია, რომელსაც ეს ადამიანები აჟღერებდნენ იყო არაფერზე დაფუძნებული და უმეტესად ტყუილი, ჩვეულებრივი მითები, სადაც შეიძლება კონკრეტული ფაქტები იყოს მართალი, მაგრამ დანარჩენი მანიპულაციაა, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნადო“, - ამბობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი ზურაბ ალხანიშვილი.

მისი განმარტებით, ვაქცინის მოწინააღმდეგეების მუშაობის სქემის ნაწილია საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, რომელშიც არის სიმართლის ელემენტები და დანარჩენი ყველაფერი, რასაც ამბობენ მათი ფანტაზიის ნაყოფია. დეზინფორმაცია კი ხშირად პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის სიცოცხლეზე. ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალი ტემპის ფონზე კი მედიის როლი მნიშვნელოვანია.

„მედიასაშუალებები თითოეულ სიტყვასა და რესპონდენტს ასჯერ უნდა წონიდნენ, რომ მგრძნობიარე საზოგადოებას ეს ყველაფერი სწორად მიეწოდებოდეს. ასეთი ინფორმაციის გაშუქების დროს უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილები, იქვე უნდა გვქონდეს მტკიცე გარანტიები იმის, რომ მას დავუპირისპირებთ სამეცნიერო და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ინფორმაციას. თუ ეს ვერ ხდება ასეთ შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ ძალიან ცუდი შედეგი“, - ამბობს ზურაბ ალხანიშვილი.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის „ვაქცინაციის გაშუქების“ სახელმძღვანელო წესებში წერია, რომ ჟურნალისტებმა თავიდან უნდა აირიდონ ცრუ/ხელოვნური ბალანსი. ინფორმაციის ორივე მხარე მხოლოდ მაშინ უნდა გაშუქდეს, როცა განსხვავებული მოსაზრებები თანაბრად არგუმენტირებულია, და ეფუძნება ფაქტობრივ და სანდო ინფორმაციას.

ანტივაქსერული კამპანიის სიმძლავრიდან გამომდინარე კი მედიაში ანტივაქსერული განცხადებების რეკლამირების საფრთხეა. ამიტომ ვაქცინის მოწინააღმდეგეთა პოზიციების გაშუქებისას არსებობს ორი გზა: არ გავაშუქოთ ისინი, ან გაშუქების შემთხვევაში აღვნიშნოთ, რომ მოწოდება არის ანტივაქსერული, რასაც მედიასაშუალება არ იზიარებს.

„თავისუფალი ხედვის“ 16 ნოემბრის გადაცემა ამ მასალის გამოქვეყნების მომენტისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ არცერთ ონლაინ პლატფორმაზე არ არის ატვირთული.

ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ