პროფესია რეპორტიორი - რას ფიქრობენ პროფესიით ჟურნალისტი სტუდენტები მომავალზე
20.07.2026

(ფოტო: sky news)


თანამედროვე სამყაროში ახალგაზრდები ხშირად ტრადიციულ მედიებს  (ტელევიზია, რადიო, გაზეთი), ინფორმაციის მიღების ახალი გზებით ანაცვლებენ: ონლაინ გამოცემები, YouTube-არხები, პოდკასტები, ნიუსლეთერები, თუ სოციალური მედიის ავტორები. მიუხედავად ზოგადი სკეპტიციზმისა ტრადიციული მედიის მიმართ, დღევანდელ დღეს ჟურნალისტის პროფესიას ისევ ირჩევენ და ხშირად მათ უფრო ძლიერი მოტივაცია და ერთგვარი მისიის განცდაც აქვთ.

ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიისთვის სამუშაო პირობები წლიდან წლამდე უარესდება. მტრული და სახიფათო გარემოს გათვალისწინებით, ვის სურს და რა გზას ირჩევენ ჟურნალისტიკის სტუდენტები სწავლის დასრულების შემდეგ, რამდენი მათგანის ამბავს ამ მასალაში წაიკითხავთ. 

„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არამხოლოდ გასულ წლებში, არამედ დღესაც სხვადასხვა მედიაში დასაქმებული საუკეთესო ჟურნალისტები GIPA-ს კურსდამთავრებულები არიან“, - გვეუბნება ამ თემაზე საუბრის დასაწყისში საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის დეკანი ნინა ივანიშვილი და აღნიშნავს, რომ მსურველთა ნაკადის კლება დაახლოებით 2020 წლიდან დაიწყო. 

„საქართველოს კონტექსტში, მე უფრო მგონია, რომ ამის მთავარი მიზეზი ჟურნალისტების მიმართ დამოკიდებულებაა, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში თანდათან უფრო და უფრო უარესდება. ასევე, სახელმწიფოს მიდგომა ზოგადად მედიის მიმართ და გამკაცრებული კანონები, რომელიც კიდევ უფრო მეტად ზღუდავს ჟურნალისტებს“

როგორც ნინა ივანიშვილი ამბობს, GIPA ყოველწლიურად 20-25 მაღალკვალიფიციურ კადრს უშვებდა და მათი უმეტესობა ქართულ მედიასაშუალებებში მუშაობდა, წელს კი ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის ფაკულტეტს სულ 5 კურსდამთავრებული ეყოლება და მიუხედავად იმისა, რომ მიღება ახლაც გამოცხადებულია, არ იციან, საერთოდ იქნებიან თუ არა  მსურველები. 

„სამწუხაროდ, ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი. მაგალითად, ჩვენ ვხედავთ, როგორც ეპყრობა მისთვის არასასურველ და მისთვის დისკომფორტის შემქმნელ ჟურნალისტებს ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი. ასე რომ ამგვარი დამოკიდებულება უკვე გლობალური ტრენდი გახდა, რამაც, ცხადია, ახალგაზრდები ამ პროფესიისგან გააუცხოვა“

პროფესია ჟურნალისტის მიმართ ინტერესის კლებაზე საუბრობს მარიამ გერსამია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც მომავალ ჟურნალისტებს 25 წელია ასწავლის. მარიამი ფიქრობს, რომ უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში მიზანმიმართული დისკრედიტაციის შედეგად, დღეს ჟურნალისტობა პრესტიჟულ პროფესიად აღარ ითვლება. თუმცა ეს მისთვის ერთადერთი მიზეზი არ არის.

„თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ საქართველოში უმეტესწილად მშობლები მონაწილეობენ მათი შვილების პროფესიის შერჩევაში, ეს აღარ არის ის პროფესია, რომელსაც მშობელი საკუთარ შვილს ურჩევს. ჩვენთან ჟურნალისტობა უფრო ქალების პროფესიად აღიქმება, სამწუხაროდ, და დღეს ეს აღარ არის უსაფრთხო საქმიანობა. გარდა დისკრედიტაციისა, აგენტის იარლიყისა, შენი უსაფრთხოებაც აღარ არის დაცული. ამიტომაც დღეს ჟურნალისტობა აღარ არის მიმზიდველი, არც ფინანსურად და არც ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური უსაფრთხოების კუთხით“

გერსამია ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ დღითიდღე მცირდება ისეთი დამოუკიდებელი მედიასაშუალებების რიცხვი, სადაც მისი თქმით, მომავალ ჟურნალისტს, რომელიც საკუთარ პროფესიას პატივს სცემს, მუშაობა შეიძლება მოუნდეს. 

„მე ხშირად ვიმეორებ ხოლმე ნეპალელი ჟურნალისტის, ბინოდ ბჰატარაის სიტყვებს: „თანამედროვე დიქტატორებმა იციან, რომ აღარ არის საჭირო მოკლა ჟურნალისტი, საკმარისია მოკლა ჟურნალისტიკა“. ამას ვგულისხმობ, რომ საქართველოში, მომავალი ჟურნალისტისთვის აღარ რჩება დასაქმების სივრცე“

მარიამ ტვილდიანმა და გიგა ბერუაშვილმა GIPA-ს ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის ფაკულტეტი წელს დაამთავრეს. ისინი სტუდენტობისას სხვადასხვა მედია გამოცემასთანაც თანამშრომლობდნენ. 

დასაწყისში, როდესაც მარიამი მომავალ პროფესიაზე ფიქრობდა, 2019-2020 წლებში, საქართველოში საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა, რომლის ეპიცენტრშიც ჟურნალისტები იყვნენ. „ვფიქრობ, იმ მოვლენებმა გარკვეული გავლენა მოახდინა ჩემზე და კიდევ უფრო გამიღრმავა ინტერესი ჟურნალისტიკის მიმართ. შესაბამისად, იმ დროს საკუთარ თავს სწორედ ამ მიმართულებით ვხედავდი და წარმომედგინა, რომ მომავალში მეც ვიქნებოდი ადამიანი, რომელიც მსგავს შემთხვევებზე იმუშავებდა, მნიშვნელოვან მოვლენებს გააშუქებდა და საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდიდა“, - გვიხსნის ის არჩევანს და ამატებს:

„ვფიქრობ, მრავალფეროვნებისა და აქტიურობის მხრივ, ის მოლოდინები, რაც მქონდა, გამიმართლდა და მართლაც ძალიან საინტერესო პროფესიაა ჟურნალისტობა. თუმცა, ამავდროულად ძალიან ბევრი გამოწვევა ახლავს თან, რაც ამ მოკლე პერიოდშიც დავინახე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თუნდაც, ფინანსური მხარეა - ბევრ მედიასაშუალებას შეზღუდული რესურსებით უწევს მუშაობა. გარდა ამისა, დღევანდელი გარემოს გათვალისწინებით, ჟურნალისტებს ხშირად უწევთ პროფესიული თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხებთან გამკლავებაც. ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმაც ნათლად დამანახა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ეს პროფესია გარკვეულ რისკებთანაც არის დაკავშირებული“

თუმცა, მარიამის თქმით, ამ ეტაპზე საკუთარ თავს აქტიურ ჟურნალისტიკაში ვერ ხედავს. მისთვის უფრო საინტერესო საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებაა და ამის მიზეზი არამხოლოდ ქართულ მედიაში არსებული გამოწვევებია.  

„მომწონს, რომ ამ სფეროში შესაძლებელია არამხოლოდ მიმდინარე მოვლენებზე რეაგირება, არამედ თვითონ კომუნიკაციის პროცესის დაგეგმვა და მართვა. თუ ჟურნალისტიკაში ყველაზე მეტად ინფორმაციის გავრცელების პროცესი მაინტერესებდა, PR-ში აღმოვაჩინე, რომ უფრო მეტად მომწონს სტრატეგიის შექმნა და კომუნიკაციის დაგეგმვა. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ იმასაც, რომ ჟურნალისტიკასა და PR-ს ერთმანეთთან საკმაოდ ბევრი საერთო აქვს - ორივე სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია ეფექტური კომუნიკაცია, ინფორმაციის სწორად გადაცემა და აუდიტორიის აღქმა“. 

მარიამისგან განსხვავებით, გამოწვევების მიუხედავად, პროფესიის შეცვლაზე ჯერჯერობით არ ფიქრობს გიგა.

„მე ყველაზე მეტად ვრცელ, ანალიტიკურ სტატიებზე, ე.წ. ფიჩერსებზე მიყვარს მუშაობა, მაგრამ ვინაიდან დღეს მედიის სფეროში რთული მდგომარეობაა სხვაგანაც გადავიჭერი - ბიზნესი, შემოქმედებითი წერა, ვიდეო და ა.შ. ბოლო წლებში სიტუაცია კიდევ უფრო მეტად გართულდა, ვისთანაც ვთანამშრომლობდი ან ვიცნობდი, ყველა წნეხის ქვეშ მოექცა, მათ შორის ფინანსური წნეხის. მხოლოდ ჟურნალისტიკიდან შემოსავალი არანაირად არ არის საკმარისი. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტიკა მაინტერესებს ყველაზე მეტად და მხოლოდ ეს მანიჭებს სიამოვნებას, ახლა მაგისტრატურაზეც ჩავაბარე, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) უკეთ შევისწავლო, რადგან მიმართულება, რომელიც მე მაინტერესებს საქართველოში არ არის გაძლიერებული და არც მაქვს იმედი, რომ გაძლიერდება. პირიქით, ამ წნეხის ფონზე ყველაფერი უკან წავიდა. ამიტომ მიზნად დავისახე, თუ გამომივა, უცხოეთში გადავიდე სამუშაოდ და მოგვიანებით, როდესაც ამის დრო იქნება, დავბრუნდე და ჩემი მედია შევქმნა“, - გვიზიარებს გეგმებს. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის მიმართულებით სწავლა წელს დაასრულა მარიამ ყვავაძემ. მას მყარად აქვს გადაწყვეტილი, რომ პროფესიაში დარჩეს. „რა თქმა უნდა, პროფესიის არჩევისას გადამწყვეტი როლი, ალბათ, ოჯახმა ითამაშა, ვინაიდან ჟურნალისტების გარემოცვაში გავიზარდე და პატარაობიდან მეც ჟურნალისტობა მინდოდა, მაგრამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს იმ დამოუკიდებელმა ქართველმა ჟურნალისტებმაც, რომლებიც წლების განმავლობაში თავდაუზოგავად ემსახურებოდნენ საზოგადოებასა და ქვეყნის განვითარებას“, - გვეუბნება მარიამი, რომელიც სწავლის პარალელურად „ჟურნალისტიკის რესურსცენტრში“ (JRC), ბეჭდური და ონლაინ მედიის მიმართულებით მუშაობს. მისი თქმით, როდესაც ქვეყანაში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა და ჟურნალისტებისა და მოქალაქეების მიმართ ძალადობის ფაქტები გახშირდა, მაშინ ყველაზე ნათლად დაინახა, რამდენად რთული, საპასუხისმგებლო და სარისკოც კი შეიძლება ყოფილიყო ჟურნალისტის პროფესია. „მიუხედავად ამისა, გადავწყვიტე, ჟურნალისტიკის მიმართულებით სწავლა ბოლომდე გავაგრძელო და ამ პროფესიას არ ვუღალატო. მიმაჩნია, რომ სწორედ რთულ პერიოდებში იკვეთება ჟურნალისტიკის რეალური მნიშვნელობა და საზოგადოებისთვის მისი აუცილებლობის როლი“

მარიამი სწავლის გაგრძელებას ევროპაში აპირებს და აღნიშნავს, რომ ეს მას საქართველოს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს არ დააშორებს. სადაც არ უნდა ვიყო, იმ საკითხებზე ვიმუშავებ, რომელიც ჩემს ქვეყანასა და საზოგადოებას ეხებაო. „ვფიქრობ, თუ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა და გამოხატვის თავისუფლებაზე ზეწოლა გაგრძელდა, ჟურნალისტური საქმიანობა და თავისუფალი აზრის გამოხატვა კიდევ უფრო და უფრო რთული გახდება. მიუხედავად ამისა, დანამდვილებით ვიცი, რომ ჟურნალისტიკას არ მივატოვებ“

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტია მარიამ ძიძარია, რომელიც უკვე 2 წელია „ნეტგაზეთში“ მუშაობს და ამ ხნის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებსაც აშუქებს. მას შსს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას „გზის გადაკეტვასაც“ ედავებოდა

„ბევრჯერ მიგვრძნია სისუსტე და ბევრჯერ მდომებია დანებება, რადგან ეს ყველაფერი ძალიან მოქმედებს მენტალურ ჯანმრთელობაზე. ამას, სამწუხაროდ, მაშინ მივხვდი, როდესაც კონკრეტულ ხმებზე შფოთვა დამეწყო. როდესაც რაღაც კონკრეტული მაღალი ხმა უეცრად მესმის, ვიძაბები და ვითიშები, მხოლოდ ხმას ვაკვირდები“, - გვიყვება მარიამი ჩვენს პირობებში მუშაობის სირთულეებზე საუბრისას. 

მისი თქმით, ძალიან ბევრი მიზეზი აქვს საიმისოდ, რომ ჟურნალისტობაზე უარი თქვას, მაგრამ გაცილებით მყარია ისინი, რის გამოც გრძნობს პასუხისმგებლობას პროფესიაში დარჩეს. 

„მთავარი მიზეზი არის ჩემი დიდი სურვილი ბრძოლისა. ვხვდები, რომ დღეს საქართველოში ყველა ფლანგზე საჭიროა ბრძოლა გადარჩენისთვის. იმის მიუხედავად, რომ ძალიან გვიჭირს ჟურნალისტიკაში ვიარსებოთ, მთავარი მოტივი სიმართლე და მისი აღბეჭდვა თუ გავრცელებაა. ასევე, მზია ამაღლობელი - სინათლის სიმბოლო, რომელიც უნდათ, რომ ჩააქრონ და ვერ აქრობენ. ახლა არ არის სისუსტის და დანებების დრო. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია მყარად დგომა, რადგან ქვეყანა საფრთხეშია, სინათლე არ უნდა ჩავაქროთ, ხალხი არ უნდა მივუშვათ იმ ჭაობისკენ, რომლისკენაც ითრევენ. ბრძოლა უნდა იყოს ბოლომდე, გამარჯვებამდე!“.



„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი სასამართლო პროცესზე, რომელზეც აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, მარია რესას წიგნით მივიდა. ის წელიწად-ნახევარზე მეტია უკანონო პატიმარია. 

„ძალაუფლება და მოძალადეები არასოდეს შეჩერდებიან, თუ მათ დანებდები“, - წერს ნობელის პრემიის ლაურეატი, ფილიპინელი ჟურნალისტი თავის წიგნში - „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“. 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ