ფოტო : ნუცა ბახუტაშვილი
თბილისის საქალაქო სასამართლოში ფოტო, ვიდეო გადაღების უფლებას დღეს,
დილითაც მხოლოდ იმ ჟურნალისტებს აძლევდნენ, რომლებსაც პროცესების
გაშუქების ნებართვა ჰქონდათ. მედიის სხვა წარმომადგენლებს კი,
რომლებსაც სასამართლოს შენობაში შესვლა კამერებით სურდათ, არ
უშვებდნენ.
ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი, ნუცა ბახუტაშვილი ერთ-ერთია,
რომელიც დღეს, დილით თბილისის საქალაქო სასამართლოში არ შეუშვეს. „მედიაჩეკერთან“ საუბრისას ბახუტაშვილი ამბობს, რომ ისინი სასამართლოს პრესსამსახურისგან ითხოვდნენ პასუხებს, თუმცა მათ განმარტება, რატომ არ უშვებდნენ თავდაპირველად ან შემდეგ ვინ მიიღო სასამართლოში შეშვების გადაწყვეტილება, არ მიუღიათ.
„ფორმულას“ ჟურნალისტის თქმით, ამოქმედდა „ახალი წესიც“, რაც დღემდე, მისი ოთხწლიანი მუშაობის განმავლობაში, არ შეხვედრია:
„როცა შევდივართ სასამართლოს შენობაში, მანდატურის სამსახური ითხოვს ჩვენს პირად მონაცემებს, პირად ნომერს, სახელ-გვარს და ხელმოწერას. აი, ამ მონაცემების შევსების შემდეგ, უკვე მოგვეცა შესაძლებლობა, რომ შევსულიყავით სასამართლოს შენობაში აპარატურით“.
დილით, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში აპარატურით არ შეუშვეს „პალიტრანიუსის“ ჟურნალისტი, ეკუნა ლემონჯავაც.
„შეგვეძლო შესვლა, თუმცა კამერისა და ფოტო აპარატის გარეშე. სასამართლოში დაიშვებოდნენ მხოლოდ ის მედიასაშუალებები, რომლებსაც გადაღებაზე განცხადება დაწერილი და დაკმაყოფილებული ჰქონდათ.
ეს ჩვენთვის სამუშაოს შესრულებას ართულებდა და ხელს გვიშლიდა, იქიდან გამომდინარე, რომ სხდომათა დარბაზიდან გამოვდივართ ჩართვებზე რამდენიმე წუთით, იქვე დერეფანში ვერთვებით და ისევ უკან ვბრუნდებით. გარდა ამისა, დერეფანში კომენტარები კეთდება, დერეფანში ვწერთ ადვოკატებსა და პროკურორებს.
ჩვენ გავაპროტესტეთ ეს ყველაფერი, თუმცა ახსნა-განმარტება ოფიციალური, რატომ აიკრძალა, ან აიკრძალა თუ არა საერთოდ, ან რა ვადით, არ მიგვიღია.
მოგვიანებით, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა გვითხრეს, რომ მედიასაშუალებებს სასამართლოში ტექნიკის შეტანა შეგვეძლო. შესაბამისად, არც ამ გადაწყვეტილების მიზეზია ჩვენთვის ცნობილი“.
მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა რომ მედიის წარმომადგენლების მონაცემები ჩაიწერეს, ამას ამბობს ეკუნა ლემონჯავაც: „ისიც არ ვიცით, ერთჯერადია თუ სხვა დროსაც ასე დაინერგება“.
აქამდე არსებული პრაქტიკით, ჟურნალისტებს, რომლებსაც სასამართლოს მიერ გაცემული სხდომის გადაღების უფლება არ ჰქონდათ, ფოტო-ვიდეო კამერებით სასამართლოს შენობაში, დერეფნებში, სხდომათა დარბაზებთან ყოფნა, გადაღება და მუშაობა შეეძლოთ.
რატომ შეცვალა სასამართლომ აქამდე არსებული პრაქტიკა და რატომ არ უშვებენ სასამართლოს შენობაში კამერებით მედიის იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც სხდომების გაშუქების ნებართვა არ აქვთ, - ამის გარკვევას „მედიაჩეკერი“ თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურთან მეორე დღეა ცდილობს, თუმცა ის ჩვენს ზარებსა და მოკლე ტექსტურ შეტყობინებას არ პასუხობს.
----------
პროცესის ფოტო, ვიდეო გადაღების უფლების მისაღებად მედიის წარმომადგენელმა განცხადება წერილობითი ან ელექტრონული ფორმით უნდა წარადგინოს. სასამართლოს მითითებით, „პროცესის დაწყებამდე გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 საათისა“. ნებართვის გაცემა კი სასამართლო სხდომის დაწყების წინ საქმის განმხილველი მოსამართლისათვის შესაბამისი განცხადების წარდგენის საფუძველზე ხდება.
სასამართლო სხდომის გაშუქების საკითხს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს, შესაბამისი ჩანაწერი მხოლოდ საერთო საეთერო მაუწყებლებს ეხებათ. პროცესის გაშუქების კანონისმიერი უპირატესობით საზოგადოებრივი მაუწყებელი სარგებლობს და თუ ის ამ უფლებამოსილებას არ იყენებს, გადაღების უფლებით სარგებლობა სხვა მაუწყებელს შეუძლია.
---------
თბილისის საქალაქო სასამართლოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს „თვითნებური და კანონთან შეუსაბამო გადაწყვეტილება“ დაგმო „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ და შსს-ს მოუწოდა, მედიის წარმომადგენლებს პროფესიული მოვალეობის შესრულების და კანონით დაცული უფლებებით სარგებლობის საშუალება მისცეს.
გუშინ, 22 მაისს, ონლაინ და სატელევიზიო მედიისთვის კამერების შეტანის აკრძალვას უკანონოს უწოდა „მედიის ადვოკატირების კოალიციამაც“:
„ეს შემთხვევა კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ მედიის საქმიანობა საქართველოში უკიდურესად შეზღუდულ და რთულ გარემოში ხორციელდება“.
გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პროცესი გაიმართა, ის სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. დღეს, დილით კი თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი გაიმართა. 14 მაისს, ოქრუაშვილიც სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს.