24 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ „TV პირველის“ ჟურნალისტს, გიორგი მამნიაშვილს, რომელიც პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დააკავეს, 3000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მამნიაშვილს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.
------------------------
„TV პირველის“ ჟურნალისტი თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე, 22
ნოემბერს, დააკავეს. ტელეკომპანიის ახალი ამბების სამსახურის
ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის თქმით, გიორგი მამნიაშვილი ამ დროს დროს
პროფესიულ საქმიანობას ასრულდა და დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე
რედაქციას საპროტესტო აქციაზე აქტივისტების დაკავების ამსახველი
კადრებიც გაუგზავნა. ადვოკატის, თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით,
მამნიაშვილი დროებითი მოთავსების იზოლატორში გააშიშვლეს და ბუქნები
აკეთებინეს, რაც კანონით აკრძალული ქმედებაა.
------------------------
გიორგი მამნიაშვილის უკანონო დაკავება, დაჯარიმება და მის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი მოპყრობა დაგმო „მედიის ადვოკატირების კოალიციამ“. კოალიციისთვის ეს ინციდენტი მორიგი დასტურია, რომ „ქართული ოცნება“ მის კონტროლს დაქვემდებარებულ სახელმწიფო ინსტიტუტებს დამოუკიდებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ მიზანმიმართულად იყენებს.
„მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ 22 ნოემბერს საკუთარ ჟურნალისტთან, გიორგი მამნიაშვილთან, აქციის გაშუქებისას კავშირი დაკარგეს. მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ პოლიციამ ის დააკავა, რა დროსაც მას რამდენიმე საათის განმავლობაში ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობა არ მისცა, დიღმის იზოლატორში კი ჟურნალისტს გაშიშვლება და ბუქნების გაკეთება აიძულეს. ასევე გაირკვა, რომ მამნიაშვილი დააკავა ერთმა პოლიციელმა, ხოლო სასამართლოში სხვა პირი წარადგინეს როგორც „დამკავებელი“, რაც სისტემურ მანიპულაციაზე მიუთითებს. მიუხედავად სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებისა, ჟურნალისტი 3000 ლარით დააჯარიმეს.
გიორგი მამნიაშვილის შემთხვევა „ქართული ოცნების“ რეპრესიული პოლიტიკის ცალსახა მაგალითია, რომლის საქმიანობა მიმართულია დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვისა და კრიტიკული ხმების ჩახშობისკენ“, - ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.
პროფესიული მოვალეობის შესრულებისას „TV პირველის“ ჟურნალისტის დაკავება დაგმო „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც“, რომელმაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, „პასუხისმგებლობა აიღოს საპოლიციო თავნებობაზე, გამოავლინოს და შესაბამისად დასაჯოს პოლიციელები, რომლებიც ჟურნალისტებს აქციების გაშუქებაში ხელს უშლიან და, ზოგიერთ შემთხვევაში, აკავებენ კიდეც მათ“.
ორგანიზაციის შეფასებით, პოლიციის მხრიდან ჟურნალისტების მიმართ ამგვარი დამოკიდებულება სრულიად მიუღებელია და ის მედიაზე ზეწოლის იმ კოორდინირებული სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს, რომლის საბოლოო მიზანი საზოგადოების სანდო და მიუკერძოებელი, ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციისა და ანალიზის გარეშე დატოვებაა.
19 ოქტომბრიდან დღემდე პოლიციამ არაერთი ჟურნალისტი დააკავა „გზის ხელონურად გადაკეტვის“ საბაბითაც. სასამართლომ მათ ადმინისტრაციული პატიმრობაც შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრს, ლიკა ბასილაია-შავგულიძესაც. ბასილაია-შავგულიძეს მოსამართლე ნინო ენუქიძემ 24 ოქტომბერს, 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

