„გავრილოვის ღამეს“ დაზარალებულებმა, მათ შორის 11-მა ჟურნალისტმა, საქმე სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში მოიგო
11.12.2025

სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის აქციის დროს დაშავებული პირების, მათ შორის ჟურნალისტების საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სამი მუხლის: არასათანადო მოპყრობა (მე-3 მუხლი), დემონსტრანტების შეკრების თავისუფლება (მე-11 მუხლი), ჟურნალისტების გამოხატვის თავისუფლება (მე-10 მუხლი) დარღვევა დაადგინა

განმცხადებლებისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს ჯამში 600 000 ევროზე მეტის ოდენობის თანხის გადახდა დააკისრა, მათ შორის 320 000  ევრო - მატერიალური კომპენსაციის სახით, 26-ვე განმცხადებლისთვის კი - 5 000-დან 30 000 ევრომდე ოდენობის თანხა არამატერიალური კომპენსაციის სახით.

ამ საქმეში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან“ (EHRAC) ერთად, 22 პირის, მათ შორის  მედიის 11 წარმომადგენლის ინტერესებს იცავდა. 

მედიის ეს წარმომადგენლები არიან: თამარ ბაღაშვილი, გვანცა ნემსაძე, ანა ვახტანგაძე, ნინო ხოზრევანიძე, კოტე გრიგალაშვილი, გურამ მურადოვი, თორნიკე კოშკაძე, გიორგი ჭუმბურიძე, გელა ბოჩიკაშვილი, ეკატერინე აბაშიძე, გიორგი დიასამიძე. სახელმწიფომ მათ კომპენსაცია, თამარ ბაღაშვილსა და  გურამ მურადოვს - 10 000 - 10 000 ევრო, დანარჩენებს - 5 000, სამი თვის ვადაში უნდა გადაუხადოს. 

„6 წელზე მეტი ხნის შემდეგაც, 2019 წელს, ე.წ. „გავრილოვის ღამის“ ოპერაციაში ჩართული არც ერთი მაღალი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა არ დამდგარა. 20 ივნისის მოვლენებში მონაწილეობისათვის სამი დაბალი რანგის პოლიციელი გასამართლდა, რომლებიც შემდგომ ამნისტიის ფარგლებში გათავისუფლდნენ. 2025 წლის 12 ნოემბერს, ერთი კვირით ადრე, ვიდრე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილების გამოქვეყნების თარიღს გამოაცხადებდა, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გახარიას წინააღმდეგ, მათ შორის „გავრილოვის ღამეზე“ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენები დღევანდელ რეალობაში აქტუალობას არ კარგავს და დღემდე მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობა ხდება სპეციალური საშუალებების - რეზინის ტყვიების, ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლის, წიწაკის სპრეის - გამოყენებით, რომლებიც ხშირად იყო სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი“, - წერს საია. 

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს გამოაქვეყნა. ზედა პალატამ დააკმაყოფილა იმ ორი პირის საჩივარიც, რომელიც ქვედა პალატამ საქმეში ექსპერტიზის ცნობის არარსებობის გამო დაუშვებლად ცნო.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პალატამ „გავრილოვის ღამის“ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა 2024 წლის 7 მაისს დაადგინა, მომჩივნები კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლების დარღვევის დადგენასაც მოითხოვდნენ.

პოლიციამ 2019 წლის 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაშალა აქცია, სადაც პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გამოსვლას აპროტესტებდნენ. საიას ინფორმაციით, ოფიციალურად 187 მოქალაქისა და 38 ჟურნალისტის დაზიანება დარეგისტრირდა. 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ