მედიამ ჟურნალისტისთვის პარლამენტში სამუშაოდ ერთჯერადი აკრედიტაციის მისაღებად განაცხადით შალვა პაპუაშვილს უნდა მიმართოს
17.02.2026

 

„საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში“ შესული ცვლილებების მიხედვით, მედიასაშუალებამ ჟურნალისტისთვის ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის მისაღებად განაცხადით პარლამენტის თავმჯდომარეს უნდა მიმართოს:

„მედიასაშუალება ამ წესის №2 დანართით გათვალისწინებული ფორმის დაცვით შევსებული ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის მიღების თაობაზე განაცხადით მიმართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს“.


მან სპეციალური ფორმის დაცვით შევსებულ განაცხადში ჟურნალისტის პარლამენტში შესვლის კონკრეტული მიზანი და სასურველი თარიღიც უნდა მიუთითოს. აპარატის უფროსი კი ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას ამ განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღეში მიიღებს. 

----------------------------------------
„ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის მიღების თაობაზე განაცხადში აღნიშნული უნდა იყოს შესაბამისი იურიდიული პირის საფირმო სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო ნომერი, რომლითაც ის რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, არსებობის შემთხვევაში – ელექტრონული ფოსტის მისამართი და ვებგვერდის მისამართი, აგრეთვე შესაბამისი ჟურნალისტის სახელი და გვარი, პირადი ნომერი, მის მიერ დაკავებული თანამდებობა, მისი მობილური ტელეფონის ნომერი, საქართველოს პარლამენტის სასახლეში შესვლის კონკრეტული მიზანი და სასურველი თარიღი. ამასთანავე, ეს განაცხადი უნდა შეიცავდეს მედიასაშუალების წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის დასტურს, რომ აღნიშნული ჟურნალისტი გაეცნო ამ წესით გათვალისწინებულ აკრედიტებული ჟურნალისტის ქცევის წესებს“. 
----------------------------------------

2026 წლის 1 იანვრამდე, ჟურნალისტი, რომელსაც საპარლამენტო აკრედიტაცია არ ჰქონდა, ან მედიასაშუალება ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის მისაღებად განცხადებას აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსს ელექტრონული ფოსტის მისამართზე უგზავნიდა. დეპარტამენტი კი გადაწყვეტილებას მისი მიღებიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღეში იღებდა.  

„საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში“ 2025 წლის 12 ნოემბერს შესული ცვლილებებით, მედიასაშუალებამ პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე უნდა შეავსოს განაცხადი საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის (წლიური) მისაღებადაც. 

------------------------------------------
„აპარატის უფროსი არაუგვიანეს სააკრედიტაციო წლის წინა წლის 25 დეკემბრისა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის გაცემის შესახებ ან მის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე. საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაცია გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აკრედიტაციის მაძიებელი აკმაყოფილებს აკრედიტაციის მისაღებად ამ წესით დადგენილ ყველა მოთხოვნას“. 
------------------------------------------

შეიცვალა აკრედიტებული საპარლამენტო ჟურნალისტების რაოდენობაც და 10-ის ნაცვლად, საზოგადოებრივ ტელემაუწყებლებსა და საერთო საეთერო ეროვნული ტელემაუწყებლებს საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის მიღება არაუმეტეს 15 გადამღები ჯგუფის დასაკომპლექტებლად საჭირო რაოდენობის ჟურნალისტისთვის შეუძლიათ. უცვლელად, ისევ - არაუმეტეს 4 ჟურნალისტის საპარლამენტო აკრედიტაციაა დასაშვები ონლაინგამოცემებისთვის. 

აკრედიტაციის წესს დაემატა ზემოთ აღნიშნული ორი დანართიც. 

„საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი“ შალვა პაპუაშვილის 2023 წლის 6 თებერვლის ბრძანებით დამტკიცდა. ამ წესით განსაზღვრულია აკრედიტაციის შეჩერებისა და ვადამდე გაუქმების საფუძვლები, აკრედიტებული ჟურნალისტის უფლებები და ვალდებულებებიც. ამ წესის საფუძველზე ითხოვენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერებასა და მიღების უფლების შეზღუდვას

შალვა პაპუაშვილის 2023 წლის 6 თებერვლის ბრძანებამდე პარლამენტში უვადო აკრედიტაციების წესი არსებობდა.





კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ