2017 წლის 4 მნიშვნელოვანი მოვლენა მედიაში
14.02.2018
გასული წელსაც, წინა წლების მსგავსად მედიაში ცვლილებების გარეშე არ ჩაუვლია. 2017 წელს საზოგადოებრივ მაუწყებელში რეფორმა კიდევ ერთხელ გამოცხადდა, საქართველოში კიდევ ერთხელ ჩამოყალიბდა მედიაჰოლდინგი, წინა წლის მსგავსად სასამართლო დავას აგრძელებს “რუსთავი 2”. გასულ წელს საქართველოდან აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მასალებით გამორჩეული ჟურნალისტი, აფგან მუხტარლი საქართველოს ტერიტორიიდან გაუჩინარდა, გამოძიების შედეგები კი ამ დრომდე უცნობია.

მედიაჩეკერი გთავაზობთ იმ 4 მნიშვნელოვანი მოვლენის მიმოხილვას, რომელმაც ქართულ მედიაგარემოზე გავლენა იქონია.

1. რეფორმა საზოგადოებრივ მაუწყებელში



როგორც წინა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ისე 2016 წელსაც საზოგადობრივი მაუწყებლის მოქმედმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა. მაუწყებელში ახალი დირექტორი 2017 წლის 6 იანვარს აირჩიეს. კონკურსში მონაწილეობას სულ 15 ადამიანი იღებდა. სამეურვეო საბჭომ მათგან ვასილ მაღლაფერიძე შეარჩია.

ვასილ მაღლაფერიძის კანდიდატურა მიუღებელი იყო როგორც სამეურვეო საბჭოს წევრების ნაწილისთვის, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. საბჭოს მაშინდელი წევრი, ახლა კი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, სულხან სალაძე ამბობდა, რომ ვასილ მაღლაფერიძე კანდიდატებს შორის ყველაზე უარესი იყო. მისი თქმით, მაღლაფერიძემ გასაუბრებაზე პოლიტიკურ წარსულთან და ნეიტრალურობასთან დასმულ კითხვებს ვერ გასცა დამაკმაყოფილებელი პასუხები. მაღლაფერიძის არჩევის შემდეგ “კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის” განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარი იყო, რომ ეს გადაწყვეტილება მაუწყებლის რეპუტაციას დააზიანებდა.

მაღლაფერიძემ არჩევიდან ერთი თვის შემდეგ, 6 თებერვალს თავის გუნდთან ერთად, რომელშიც მაუწყებლის წინა მენეჯმენტის წარმომადგენლებიც შედიოდნენ, პრესკონფერენცია გამართა. მაღლაფერიძის მაშინდელი გეგმით არხზე თანამშრომლების ოპტიმიზაცია უნდა დაწყებულიყო და 11 თვის განმავლობაში ყველა გადაცემა უნდა შეჩერებულიყო, “მოამბის” გარდა.

მოგვიანებით, ეს გეგმა შეიცვალა და გადაწყდა, რომ არხზე უნდა დარჩენილიყო ის გადაცამები, რომლებსაც არხის სხვა გადაცემებთან შედარებით საშუალო ან საშუალოზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა. ამ გეგმით, პირველ არხზე 14 გადაცემა იხურებოდა და ამდენივე რჩებოდა.

საბოლოოდ, მაუწყებლის მენეჯმენტმა პირველ არხზე “მოამბის” გარდა ყველა გადაცემის დახურვა მაინც გადაწყვიტა. პროგრამები ეთერში 17 ივლისიდან აღარ გადიოდა. სამეურვეო საბჭოს სხდომაზე წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, 2017 წლის სექტემბრიდან არხზე პროგრამული პრიორიტეტების შესაბამისად, კონკურსის წესით, შერჩეული გადაცემები უნდა დაბრუნებულიყო. კონკურსის ფარგლებში, მაუწყებელში, სულ 153 პროექტი შევიდა. მათგან 9 იდეამ გაიმარჯვა, თუმცა გადაცემის ნაწილს ეთერში გასვლაზე უარი უთხრეს, ნაწილი რამდენიმე კვირის წინ გავიდა, ნაწილი კი ჯერ არ დაწყებულა.

იმის მიუხედავად, რომ მუშაობის დაწყებისას ვასილ მაღლაფერიძემ საჯარო განცხადებებში თანამშრომლების ოპტიმიზაციაზე ისაუბრა, მისი მისვლის შემდეგ, გადაცემების დახურვის მიუხედავად, არხზე დასაქმებული ადამიანების რიცხვი გაიზარდა (2016 წლის 31 დეკემბერი - 1138 თანამშრომელი; 2017 წლის 31 ოქტომბერი - 1174 თანამშრომელი). მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი GDS-ის ყოფილი თანამშრომელი, ვასილ მაღლაფერიძე გახდა, არხზე თავის 20-მდე ყოფილი თანამშრომელი დაასაქმა. მათ შორის იყვნენ, ბიძინა ივანიშვილის გადაცემის წამყვანები და 20/30-ის წამყვანი.

რამდენიმე დღეში საქართველოს პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის მიერ მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე ვეტოს დადების საკითხს განიხილავს. ერთ-ერთი ყველაზე საკამათო ცვლილების მიხედვით, საზოგადოებრივ მაუწყებელს უფრო მეტი კომერციული რეკლამის გაყიდვის უფლება მიეცემა და ინტელექტუალური საკუთრების შეძენის დროს ტენდერებით შესყიდვის ვალდებულება არ ექნება. კერძო მაუწყებლები მიიჩნევენ, რომ სარეკლამო ბაზარი ისედაც მცირეა და მაუწყებელს ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების პარალელურად რეკლამის განთავსება არ უნდა შეეძლოს. არასამთავრობო ორგანიზაციებს კი ფიქრობენ, რომ ტენდერებით შესაძლებელია მაუწყებელმა ეფექტურად და გამჭვირვალედ შეიძინოს მომსახურება.

2. აფგან მუხტარლის საქმე

ფოტო: on.ge
ფოტო: on.ge

თბილისში 2017 წლის 29 მაისს აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მასალების ავტორი, აფგან მუხტარლი გაუჩინარდა. ის გაუჩინარებიდან მეორე დღეს ბაქოს ციხეში აღმოჩნდა. მისი თქმით, თბილისიდან კრიმინალური პოლიციის ფორმიანმა პირებმა გაიტაცეს.

აზერბაიჯანის ხელისუფლება ამბობს, რომ მუხტარლი საზღვრის უკანონო კვეთის გამო დააკავეს. ამ მიზეზით შეუფარდეს მას პატიმრობაც.

საქართველოში მუხტარლის საქართველოდან გაუჩინარების საქმეზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა რა ეტაპზეა - უცნობია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

მუხტარლის გაუჩინარებიდან რამდენიმე კვირაში, 9 ივნისს შინაგან საქმეთა მინისტრმა კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელი ბესიკ ამირანაშვილი გაათავისუფლა და მისი უფლებამოსილების შეთავსება დაიწყო. შსს-მ მაშინ არ განმარტა, უკავშირდებოდა თუ არა საკადრო ცვლილებები აფგან მუხტარლის საქმეს.

საქართველოში მომუშავე ჟურნალისტების მხრიდან მუხტარლის დაკავებას რამდნიმე კვირიანი პროტესტი მოჰყვა, თუმცა საქმესთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები არ გამხდარა ცნობილი. საქმეს გამოეხმაურნენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურს მიაჩნია, რომ მუხტარლის საქმე საფუძვლიანად და გამჭვირვალედ უნდა გამოიძიონ.

3. "რუსთავი 2-ის" საქმე 


2017 წლის 2 მარტს საქართველოში “რუსთავი 2-ის” წილებთან დაკავშირებით ყოფილ და მოქმედ მფლობელებს შორის დავა დასრულდა. ამ დღეს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთხმად გაიზიარა ქვედა ინსტანციების გადაწყვეტილება და არხი მის ძველ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

ამ გადაწყვეტილების მიღებიდან რამდნიმე საათში არხმა და მისმა მფლობელმა გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრეს. ევროსასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულება საკითხზე განხილვის დასრულებამდე შეაჩერა.

ხალვაშმა სასამართლო დავა 2015 წლის აგვისტოში დაიწყო. ტელეკომპანიის ირგვლივ მიმდინარე საქმეები საქართველოში არსებულმა ყველა ინსტანციის სასამართლომ განიხილა. გადაწყვეტილება ყველა შემთხვევაში უცვლელი დარჩა.

ქიბარ ხალვაში სასამართლოს ნასყიდობის იმ ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვდა, რომლის მიხედვითაც, ტელეკომპანიაში მისი და მისი კომპანიის წილი შპს საქცემენტის და შპს გეო-ტრანსის საკუთრება 2006 წლიდან გახდა.

რუსთავი 2-ის წილების "ამორალური წესით" გასხვისების დასადასტურებლად ხალვაშის ადვოკატმა სასამართლოს ლევან სამხარაულის სახელობის - სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა წარუდგინა. ამ დასკვნით, ხალვაშის მიერ არხის გასხვისების პერიოდისთვის ტელეკომპანიის ღირებულება 7 მილიონი ლარი იყო, მოსარჩელეს კი დაახლოებით 269 ათასი დოლარი უნდა მიეღო, თუმცა, არც ეს გადაუხდიათ.

ტელეკომპანია “რუსთავი 2” და მისი მფლობელები სასამართლო პროცესზე აღნიშნავდნენ, რომ ხალვაშის მიერ სასამართლოში წარდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის - სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა რვა დოკუმენტის ნაცვლად, მხოლოდ ორს ემყარებოდა: ტელეკომპანიის წესდებასა და საბუღალტრო ნაშთებს.

“რუსთავი 2-ის” ინტერესების დამცველები აცხადებდნენ, რომ ხალვაშმა და მისმა კომპანიამ, შპს პანორამამ, ტელეკომპანიის 90-პროცენტიანი წილი 2004 წელს 250 ათას დოლარად იყიდა, დარჩენილი 10 პროცენტი კი ნიკა ტაბატაძისგან (მაშინდელი ერთ-ერთი მფლობელისგან) 200 ლარად.

4. სამი არხის გაერთიანება


Screenshot_2018_02_14_16_14_55 ტელეკომპანია GDS-ის 100–პროცენტიანი წილი ტელეკომპანია “იმედის” მფლობელმა კომპანიამ, შპს “ჯორჯიან მედია პროდაქშენ ჯგუფმა” 2017 წლის 27 იანვარს იყიდა. შეთანხმების მიხედვით საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შვილმა, ბერა ივანიშვილმა GDS-ის 100-პროცენტიანი წილი სწორედ “შპს მედია პროდაქშენს” დაუთმო.

შპს “ჯორჯიან მედია პროდაქშენის” 100-პროცენტიანი წილი კი ბადრი პატარკაციშვილის მეუღლეს, ინა გუდავაძეს ეკუთვნის.

ტელეკომპანია “იმედმა” 2016 წლის 27 დეკემბერს მფლობელის - “ჰოლდინგ იმედის” განცხადება გაავრცელა. განცხადების მიხედვით, ჰოლდინგმა “მაესტროს” საკონტროლო პაკეტი შეიძინა და 2017 წლიდან მაესტრო “იმედის” ნაწილი ხდებოდა. საქართველოს კომუნიკაციების კომისიაში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, მაესტროს 25-პროცენტიანი წილის მფლობელი შპს მედია ფინანს გრუპია, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე ინა გუდავაძეა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ