კიბერშეტევის შემდეგ რამდენიმე მედიამ მუქარის წერილიც მიიღო
31.10.2019

ტელეკომპანია პირველის მფლობელის ვატო წერეთლის ინფორმაციით, ტელეკომპანიამ მუქარის წერილი მიიღო. მისი გასაჯაროებული ფოტოდან, რომელიც მიღებული მეილის ფოტოასლია, ჩანს, რომ იგივე წერილი გაგზავნილია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლოსა და რამდენიმე მედიის მისამართზეც, მათ შორის, "მთავარი არხი", "რუსთავი 2", "იმედი", აჭარის ტელევიზია.

წერილში, რომლის გამომგზავნის ველში წერია Black Mirror (შავი სარკე), ნათქვამია, რომ თუ არხი სამ დღეში მათ მიერ გაგზავნილ ანგარიშის ნომერზე 500 ბიტკოინს არ ჩარიცხავს, გაასაჯაროებენ იმ ინფორმაციას, რაც ჰაკერული შეტევის შემდეგ მათი სერვერიდან ამოიღეს.

"ჩვენ ვიცით თქვენი ბნელი მხარე და შეგვიძლია ჩაგახედოთ შავ სარკეში. თქვენც მშვენივრად იცით, რაოდენ ღირებულ ინფორმაციას ვფლობთ და რა შეუძლია ამ ინფორამაციის გაჟონვას. თუ ეს წერილი ისევ უგულებელყოფილი იქნება, ეს აუცილებლად მოხდება და ისევ ისეთი გრანდიოზული ეფექტით, როგორც ეს თავდასხმა იყო", - ვკითხულობთ წერილში.

ვატო წერეთილი, ამ ფოტოს აღწერაში წერს, რომ მათ სერვერზე განსაკუთრებული არასდროს არაფერი ინახებოდა: "სერვერი ემსახურება გადაცემების ეთერში გაშვებას და დღის განმავლობაში ჩვენი ჟურნალისტების გადაღებული მასალების არქივს".



წერილში ასევე ნათქვამია, რომ რამდენიმე დღის წინ მომხდარი ჰაკერული შეტევა ათასობით საიტზე მათი დაგეგმილი იყო : "ჩვენ არ გვაინტერესებს სააკაშვილი და არც ივანიშვილი. ეს იყო, უბრალოდ, დაცინვის ჟესტი (I'LL BE BACK)". წერილი მთავრდება შემდეგი სიტყვებით: "ეს მხოლოდ დასაწყისია".

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დღეს სხვადასხვა ელექტრონულ ფოსტაზე მუქარის წერილის გაგზავნის ფაქტების შესწავლა კიბერშეტევის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიწყეს.

"წერილის გამომგზავნის მიერ აღნიშნულია, რომ თუ ადრესატები კრიპტოვალუტით გარკვეულ თანხას არ გადარიცხავენ, კიბერშეტევა გაგრძელდება. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მათ შორის დღეს გაგზავნილი ელექტრონული შეტყობინების ფაქტებთან დაკავშირებით, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კიბერშეტევის საქმეს შსს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე და 286-ე მუხლების პირველი ნაწილებით იძებს.

სამი დღის წინ, 28 ოქტომბერს, ჰაკერული შეტევის მსხვერპლი არაერთი მედია გახდა. საიტების გახსნისას მათზე ჩნდებოდა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკააშვილის ფოტო ინგლისურენოვანი წარწერით - “მე დავბრუნდები” (“I’ll be back”).


ამავე დღეს ტექნიკური პრობლემა შეექმნა ტელეკომპანიებს “იმედს”, “მაესტროსა” და “GDS-ს”. “იმედის” საინფორმციო სამსახურის უფროსის ირაკლი ჩიხლაძის ინფორმაციით, ტელევიზიის შიდა ქსელი დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში იყო პარალიზებული. როგორც ტელეკომპანიის იურისტმა, ანდრო ლაშხმა განაცხადა, დაზიანდა ძვირადღირებული ტექნიკა.


ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ