ბათუმიდან ქუთაისის არარსებულ ბიუროში - დირექტორის დაგეგმილი მორიგი ცვლილება აჭარა TV-ს სარედაქციო გუნდში
23.03.2020
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ მაუწყებლის კორესპონდენტი თეონა ხარაბაძე, რომელიც პოლიტიკურ საკითხებს აშუქებდა, ქუთაისში, ამ ეტაპზე არარსებულ ბიუროში გადაიყვანა. ამის შესახებ დირექტორის გადაწყვეტილება მას 23 მარტს, დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვების დაწყებამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე ჩაბარდა. თეონა ხარაბაძე ამბობს, რომ კოხრეიძის გადაწყვეტილების მიზანი საინფორმაციო სამსახურიდან მისი ჩამოშორებაა.

“მე არ ვარ მაუწყებელში დამწყები ჟურნალისტი, მაქვს ჩემი კონკრეტული სფერო - პოლიტიკა, მე ვსვამ კრიტიკულ კითხვებს, მე ვამზადებ დღის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვან ახალ ამბებს - ეს არის ჩემი ჩამოშორება საინფორმაციო სამსახურიდან,” - ამბობს თეონა ხარაბაძე “მედიაჩეკერთან” საუბრისას.

თეონა ხარაბაძე ქუთაისში საპარლამენტო კორესპონდენტად მანამდე მუშაობდა, სანამ მთავრობა პარლამენტის შენობას კვლავ თბილისში გადმოიტანდა. იგი ამბობს, რომ ქუთაისის კორესპონდენტობასთან დაკავშირებით ხელშეკრულებაში არსებული ჩანაწერი დირექტორმა გამოიყენა იმისთვის, რომ იგი საინფორმაციო სამსახურს ჩამოაშოროს.

“6 წლის განმავლობაში ქუთაისში საპარლამენტო კორესპოდენტი ვიყავი. მას შემდეგ რაც დაიხურა პარლამენტი ქუთაისში, ერთი წლით ადრე ხელშეკრულება შემიცვალა მენეჯმენტმა და მითხრა, რომ უნდა მემუშავა ქუთაისშიც და ბათუმშიც. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამ ყველაფერს შემდეგ მენეჯმენტი გამოიყენებდა. საინტერესოა რითი ახსნის დირექტორი ქუთაისში ბიუროს შექმნას. მაშინ როდესაც ვმუშაობდი ქუთაისში, იქ იყო პარლამდენტი, მაგრამ ახლა აჭარის თვალსაზრისით ქუთაისი არ არის საინტერესო რეგიონი. გარდა ამისა, ვებს და რადიოს არ აქვს, ის შესაძლებლობა რომ სადმე ცალკე კორესპონდენტი ჰყავდეს.”

თეონა ხარაბაძე ამბობს, რომ დირექტორის შეთავაზებას დათანხმდება, თუმცა ხელშეკრულების ცვლილებასთან დაკავშირებით იურისტებთან გაივლის კონსულტაციას და სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებს:

“მე ახლა ვცხოვრობ ბათუმში, მყავს ოჯახი, ფიზიკურად ვერ წავალ ქუთაისში, აქ არის ჩემი ყველაფერი და დირექტორს ჰგონია, რომ ამ ეტაპზე მე ამ გადაწყვეტილებას არ დავთანხმდები. მაგრამ მაინტერესებს თავად მისი რეაქციები როგორი იქნება ამის შემდეგ, რადგან ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ დროებით ჩავალ ქუთაისში და შევასრულებ მოვალეობას და ვნახოთ, რამდენ ხანში გამოძებნის რესუსრს ბიუროსთვის, ოპერატორისთვის…იურისტებთან აუცილებლად მექნება კონსულტაცია, EMC იცავს ჩვენს უფლებებს და მათთან ვიმსჯელებ ამ საკითხებზე. სამართლებრივ ბრძოლას გავაგრძელებ, ეს იქნება პირველი, რასაც გავაკეთებ. ”

გიორგი კოხრეიძე “მედიაჩეკერის” ზარებს არ პასუხობს, შესაბამისად, ამ ეტაპზე უცნობია, რითი ხსნის მაუწყებლის დირექტორი თეონა ხარაბაძის ქუთაისში გადაყვანას.

თეონა ხარაბაძემდე გიორგი კოხრეიძემ ახალი ამბების სამსახურის უფროსისა და მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორის პოზიციიდან გაათავისუფლა მაია მერკვილაძე და არსებითად განსხვავებულ პოზიციაზე, რადიო მაუწყებლობის სამსახურში გადაყვანა, სამსახურიდან გაათავისუფლა ახალი ამბების სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი და მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე. გარდა ამისა, გიორგი კოხრეიძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ მაუწყებელი დატოვა დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძემ.

შეგახსენებთ, მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებს ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების დაცვაზე მომუშავე ორგანიზაციები საგანგაშოდ აფასებენ და საერთაშორისო ორგანიზაციებს რეაგირებასა და მაუწყებლის დამოუკიდებლობისთვის პოლიტიკურ მხარდაჭერას თხოვენ.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ