ბელარუსი: ჟურნალისტებზე თავდასხმები, დაკავებები და გაფიცვები სახელმწიფო მედიაში
18.08.2020
80-ზე მეტი ჟურნალისტი დააკავეს ბელარუსში არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციების ფონზე, ნაცემია არაერთი მათგანი. ამ ფონზე სახელმწიფო მედიაორგანიზაციებში დასაქმებული რეპორტიორების ნაწილი გაფიცვის რეჟიმში ინაცვლებს. “მედიაჩეკერი” შეეცადა გაერკვია, თუ როგორ იცვლება მედიაგარემო ბელარუსში ბოლო დროს მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე.

როგორ აკონტროლებდა მედიას “ევროპის უკანასკნელი დიქტატორი”?
 
“ევროპის უკანასკნელი დიქტატორი”, “ევროპის ყველაზე გრძელვადიანი მმართველი”, - ასე მოიხსენიებენ ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს, რომელიც უკვე 26 წელია ქვეყნის სათავეშია ავტოკრატიული მმართველობის შედეგად.

“Freedom Houses”-ის ბოლო ანგარიშის მიხედვით, ბელარუსი 100-დან 19 ქულით არათავისუფალი ქვეყნების რიგშია. ორგანიზაციის შეფასებით, “ხელისუფლება შეუზღუდავ კონტროლს ახორციელებს ძირითადად მედიასაშუალებებზე. 2008 წელს მედიის შესახებ მიღებული კანონით სახელმწიფოს აქვს მონოპოლია პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური საკითხების შესახებ ინფორმაციაზე. ცილისწამება დასჯადია როგორც სამოქალაქო, ისე სისხლის სამართლის კოდექსით. ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსით დაცულია მაღალი თანამდებობის პირების პატივი და ღირსება. სახელმწიფო საკუთრებაშია ერთადერთი ინტერნეტ პროვაიდერი და ხელისუფლების სრულ კონტროლქვეშაა ინტერნეტი ტექნიკურადაც და სამართლებრივადაც. მედიის შესახებ კანონი ვრცელდება ვებგვერდებსა და ბლოგებზეც, რომლებსაც ზედამხედველობს ინფორმაციის სამინისტრო. ქვეყანაში მოქმედი ასეთი შეზღუდვების ფონზე ხშირია ჟურნალისტების დაჯარიმების, სამართლებრივი დევნის, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები”.

ბელარუსში მოქმედი ტელერადიო სადგურებისა და გაზეთების უმრავლესობა სახელმწიფოს საკუთრებაშია და ბიუჯეტიდან ფინანსდება.

“ბელარუსში კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებსა და ბლოგერებს აშინებენ და აპატიმრებენ, წამყვანი ახალი ამბების ვებგვერდები დაბლოკილია, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა აკრძალულია და მედიამრავალფეროვნება არ არსებობს. სახელმწიფო სრულად აკონტროლებს ყველა ტელევიზიას. რამდენიმე დამოუკიდებელი მედიაგამოცემა არსებობს, მაგრამ უმრავლესობა იძულებით უცხოეთშია დაფუძნებული და სახელმწიფო ორგანოები მაინც ავიწროებენ, განსაკუთრებით პოლონეთში დაფუძნებლ “ბელსატ ტვ”-ის”, - ასე აფასებს ბელარუსში არსებულ მედიაგარემოს კიდევ ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე”.

Freedom House-ის შეფასებით, “ბელარუსი ავტორიტარული პოლიციური სახელმწიფოა, სადაც არჩევნები ღიად ყალბდება და სამოქალაქო უფლებები იზღუდება”.

რას და რატომ აპროტესტებენ ბელარუსში?

9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. არჩევნებში მონაწილეობის შესახებ რამდენიმე თვით ადრე განაცხადა ბელარუსიელმა აქტივისტმა სერგეი ტიხანოვსკიმ, რომელიც ამ განცხადებიდან 2 დღეში დააპატიმრეს. საარჩევნო მარათონი მისმა ცოლმა - სვეტლანა ტიხანოვსკაიამ გააგრძელა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში გამარჯვებულად (ხმების 80%-ით) ლუკაშენკო გამოაცხადა , თუმცა ტიხანოვსკაია ირწმუნებოდა, რომ ხმების სამართლიანად დათვლის შემთხვევაში სწორედ ის მოიპოვებდა გამარჯვებას ხმების 70%-ით.

არჩევნების გაყალბებისა და დარღვევების არაერთი ფაქტი წარმოაჩინა ოპოზიციამ, რის გამოც ოპოზიციის წარმომადგენლების პროტესტმა მინსკის ქუჩებში გადაინაცვლა. ხელისუფლებამ პროტესტანტების მიმართ ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები გამოიყენა და ათასობით ადამიანი დააპატიმრა.

არჩევნების მეორე დღეს ტიხანოვსკაია საჩივრის შეტანას აპირებდა საარჩევნო კომისიაში გაყალბების ფაქტებზე, თუმცა მას თავისუფლება აღუკვეთეს 7 საათის განმავლობაში და აიძულეს გამგზავრებულიყო ლიტვაში, სადაც მანამდე თავისი შვილები გაგზავნა. ვიდეომიმართვაში, რომლითაც მან ლიტვიდან მიმართა მხარდამჭერებს, განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება შვილების უსაფრთხოებისთვის მიიღო.

მომდევნო დღეებში პოლიციასთან შეტაკებების შემდეგ მიღებული მძიმე დაზიანებების ამსახველი ფოტოვიდეო მასალები ფართოდ გავრცელდა სოციალურ ქსელებში, რამაც ბელარუსში პროტესტის ახალი ტალღა ააგორა. დაიწყო საპროტესტო გამოსვლები მთელი ქვეყნის მასშტაბით, გაფიცვები; გადადგა რამდენიმე თანამდებობის პირი; სლოვაკეთში ბელარუსის ელჩმა სოლიდარობა გამოუცხადა პროტესტანტებს; ბელარუსის წამყვანი საფეხბურთო კლუბის დირექტორმა თავისი პოლიციის ძველი უნიფორმა ნაგვის ყუთში გადააგდო; ფეხბურთელმა ილია შკურინმა კი განაცხადა, რომ აღარ ითამაშებს თავისი ქვეყნის სახელით მანამ, სანამ ლუკაშენკო არ გადადგება.

ანგარიშსწორება ჟურნალისტებზე

საპროტესტო აქციების დარბევების ფონზე ბელარუსის ხელისუფლების აქტიურ სამიზნეებად იქცნენ ჟურნალისტები. “ბელარუსიელი ჟურნალისტების ასოციაციამ” 2020 წლის მანძილზე ჟურნალისტებზე რეპრესიების 197 ფაქტი აღწერა ბელარუსში, აქედან 85 შემთხვევა 9 აგვისტოს და მის შემდგომ დღეებშია დაფიქსირებული. აღნიშნული ფაქტები შეეხება ჟურნალისტების ცემას, დაშავებასა და დაკავებების სერიას.

ორგანიზაციამ “საერთაშორისო ამნისტია” მოუწოდა ბელარუსის ხელისუფლებას პატივი სცეს მედიის საქმიანობას და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებული ჟურნალისტები.

გაფიცვები სახელმწიფო მედიორგანიზაციებში

16 აგვისტოს პირველი ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა ბელარუსში, რომელსაც სახელმწიფო ტელევიზიის თანამშრომლებიც შეუერთდნენ.

“ბელტერადიოკომპანიის” თანამშრომლების ნაწილი უკვე 2 დღეა გაფიცულია. ისინი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ობიექტურად გაშუქების გარანტიებს ითხოვენ.

18 აგვისტო ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ყოველდღიური გაზეთის - “ზვიაზდას” რედაქტორი დაითხოვეს მას შემდეგ, რაც გამოცემის თანამშრომლებმა, ასევე, გაფიცვისთვის დაიწყეს მზადება. ისინი რედაქციაში ცენზურის აღმოფხვრას მოითხოვენ.

რა არის და როგორ მუშაობს НЕХТА?

მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკური ანგარიშსწორებისა და ინტერნეტის ბლოკირების მიუხედავად, ბელარუსში მაინც გამოჩნდა საინფორმაციო არხი, რომელიც უმთავრესი წყარო გახდა ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ.

“НЕХТА” ბელარუსიულ ენაზე “ვინმეს” ნიშნავს, რომელიც სტეპან სვეტლოვის, ბელარუსიელი ბლოგერის ფსევდონიმია. НЕХТА - ეს არის არხი “ტელეგრამში”, რომელსაც უკვე 2 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს და რომელიც ერთერთი საპროტესტო აქციებს აქტიურად აშუქებს. ტელეგრამის გარდა, НЕХТА-ს აქვს არხები იუთუბსა და მესინჯერში. სტეპან სვეტლოვი მისი არხის პოპულარობას ბელარუსში ასე ხსნის:

“ჩვენ ძალიან ბევრი ექსკლუციური ინფორმაცია გვაქვს, გვყავს ხელისუფლების შიგნით ინსაიდერები, უამრავი დოკუმენტური მასალა სახელმწიფო დაწესებულებებიდან; დოკუმენტები მაღალი რანგის თანამდებობის პირებზე. ხალხმა იცის, რომ ჩვენთან ისინი წაიკითხავენ იმას, რაც არსად გამოქვეყნებულა იმის გამო, რომ ჩვეულებრივი დამოუკიდებელი მედია მათი გამოქვეყნების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გახდებოდა სახელმწიფოს მხრიდან დევნის ობიექტი და ეს სტატიები მაინც ჩაიხსნებოდა საიტებიდან”.

შეკითხვაზე, თუ როგორ მოახერხებ ეს არხი მუშაობის გაგრძელებას მაშინ, როცა ბელარუსში დაბლოკილია ვებგვერდების უმრავლესობა, ბლოგერი პასუხობს, რომ ამ პირობებში Telegram-ი როგორღაც მაინც მუშაობს:

“ეს არის ამ ახალი მედია ფორმატის ხიბლი - როცა არ არსებობს ერთი ცენტრალიზებული საიტი, რომლის დაბლოკვა ან სანქცირება შეუძლებელია, რადგან მასზე ყველას აქვს წვდომა”.

ბლოგერის თქმით, ისინი აქტიურად ურჩევენ ხელმომწერებს გამოიყენონ პროქსი-სერვერები, VPN, Tor და სხვა გზები ინტერნეტის სრულად ბლოკირების პირობებში.

ავტორი : მაია მეცხვარიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ