‘კვირას’ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ, ქარტია მომხდარის დროულად გამოძიებას ითხოვს
16.02.2021
მედიაჰოლდინგ "კვირას" გადამღებ ჯგუფს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები დაესხნენ თავს და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში აცხადებენ, რომ სამართალდამცავმა უწყებებმა მომხდარი დროულად უნდა გამოიძიონ.

გამოცემის ინფორმაციით, თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც გადამღები ჯგუფი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა.

„ჩამოვედით ჭიათურაში და სიუჟეტისთვის მასალების მოგროვება დავიწყეთ. გამოკითხვები გავაკეთეთ, ხალხი ჩავწერეთ და ერთ-ერთ რესპონდენტთან რომ მივდიოდით, რომელთანაც წინასწარ ვიყავით შეთანხმებულები ჩაწერაზე, უკან უცხო მანქანა აგვედევნა. მომენტალურად უმატებდნენ სიჩქარეს და იმიტაციას აკეთებდნენ, თითქოს გვეჯახებოდნენ. დანიშნულების ადგილას რომ მივედით, ეს უცხო პირები უცებ გადმოცვივდნენ მანქანიდან და ჩვენი მისამართით გინება დაიწყეს. ვცდილობდით ჩვენი საქმე შეგვესრულებინა, თუმცა ხელს გვიშლიდნენ მიზანმიმართულად და როდესაც ჩემმა ოპერატორმა სანდრომ კამერა ჩართო, მას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ნასვამები იყვნენ და საკმაოდ აგრესიულები”, - ვკითხულობთ გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელსაც თან ერთვის ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა. ვიდეოში ისმის თავდამსხმელის გინებაც.

„კვირაში“ აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით მათ უკვე მიმართეს პოლიციას და გადამღები ჯგუფი გამოკითხვაზე იმყოფება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში "მედიაჩეკერს" განუცხადეს, რომ ჭიათურაში, მედიაზე თავდასხმის ფაქტზე ძიება სისხლის სამართლის 154-ე, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მუხლით დაიწყო და "საქმეზე მიმდინარეობს ძიება ინტენსიურ რეჟიმში". 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში აცხადებენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია შესაბამისმა უწყებამ მომხდარი სწრაფად და ეფექტურად გამოიძიოს, "რათა ჟურნალისტებს მიეცეთ საშუალება უსაფრთხო სამუშაო პირობებში განაგრძონ საქმიანობა".

შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში საგანგაშოდ გახშირდა მედიაზე თავდასხმა და მათ მუშობაში ხელშეშლა რიგითი მოქალაქეების მხრიდან. ამავდროულად, ასეთი ფაქტების გამოძიებას ხშირად არად 154-ე, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის, არამედ სრულიად სხვა მუხლებით იწყებენ, ეს კი მედიასამართლის იურისტებს მავნე პრაქტიკად მიაჩნიათ.

მაგალითად, 2020 წლის 31 ოქტომბერს ასევე არაფხიზელ მდგომარეობაში პირი თავს დაესხა ონლაინ გამოცემა "პუბლიკას" ჟურნალისტს, რომელიც გლდანის 79-ე საარჩევნო უბანზე ინიციდენტს იღებდა. მას ტელეფონი დაუმტვრიეს. ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინიტრომ გამოძიება თავდაპირველად მხოლოდ ერთი მუხლით - სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რასაც მედიასამართლის იურისტების კრიტიკა მოჰყვა. მოგვიანებით  საქმეს კიდევ ერთი - 154-ე მუხლი დაემატა, ამ დროისათვის საქმეზე ერთი პირია დაკავებული.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის არქივში არაერთი განცხადება იძებნება ჟურნალისტებზე თავდასხმის დროული, ეფექტური და შესაბამისი მუხლით გამოძიების აუცილებლობის შესახებ. ქარტიაში აცხადებენ, რომ ამგვარი ფაქტები რეაგირების გარეშე დატოვება ჟურნალისტებზე თავდასხმის მანკიერ პრაქტიკას ახალისებს.

ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ