რა წერია მედიაზე ევროპარლამეტის რეზოლუციის პროექტში?
08.06.2022
ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა რეზოლუციის 14-პუნქტიანი პროექტი საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ.


რა არის მნიშვნელოვანი?
დოკუმენტში ზოგიერთი პუნქტი შეიცავს მკაცრ ტერმინოლოგიას, როგორიცაა Demand (მოთხოვნა) და Condemn (დაგმობა) და Strongly Condemn (მკაცრად დაგმობა). მასში მოწოდებაა “მთავარი არხის” დირექტირის ნიკა გვარამიას გათავისუფლებისა და მედიის მიმართ აგრესიული რიტორიკის შეწყვეტის შესახებ.

რა წერია რეზოლუციის პროექტში?

  • ევროპარლამენტი ღრმად შეშფოთებულია საქართველოში დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიის მიმართ მზარდი საფრთხეებით.
  • ევროპარლამენტი გმობს გამოხატვის თავისუფლებაზე ნებისმიერ თავდასხმას.
  • ხელისუფლებისგან მოითხოვს ბოლო მოუღოს ჟურნალისტებისა და მედიის წინააღმეგ ძალადობას, შევიწროებას, დაშინებასა და ცენზურის ყველა გამოვლინებას.

რეზოპლუციის პროექტით, ევროპარლამენტი გმობს:

  • ლგბტქი+ ადამიანების მიმართ სიძულვილის დისკურსს.
  • მართლმსაჯულების სისტემის გამოყენებას მედიის ცენზურისა და დაშინებისთვის.

ადასტურებს, რომ ჟურნალისტზე თავდასხმების გამოძიების არარსებობა მეტყველებს დამნაშავეების დაუსჯელობაზე.

  • მოუწოდებს დაუყონებლივ,ზუსტ, დამოუკიდებელ და გამჭვირვალე გამოძიებისკენ ქვეყანაში ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე, პასუხისგებაში მიეცნენ დამნაშავეები.
  • მოუწოდებს ჩატარდეს დაუყონებლივ სრული, გამჭვირვალე, სანდო და მიუკერძოებელი გამოძიება და პასუხისგებაში მიეცნენ 2021 წლის 5 ივლისს 50-ზე მეტ ჟურნალისტზე მასობრივი ძალადობის ორგანიზატორები.
  • მოითხოვს ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გარემოებების სიღრმისეულ, მიუკერძოებელ და გამჭვირვალე გამოძიებას;

საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს:

  • უზრუნველყოს გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის მედიის მუშაობაში ჩაურევლობა და უზრუნველყოს პრესის თავისუფლად და უსაფრთხოდ მუშაობა.
  • დაუყონებლივ ჩაატაროს ნიკა გვარამიას განაჩენის დამოუკიდებელი გადახედვა და ამავდროულად დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის. ხელისუფლებას სთხოვს, გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენების გამო დაკავებული ყველა ჟურნალისტის გათავისუფლებას.
  • უზრუნველყოს არსებული კანონმდებლობის გადახედვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ისე, რომ არ შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება და უზრუნველყოს პროპორციულობა და კანონის წინაშე თანასწორობა.
  • უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრებისა უფლება ქალთა და ლგბტი+ უფლებებთან დაკავშირებით.
  • შეწყვიტოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტების, პოლიტიკოსების, სასულიერო პირების და დიპლომატების თვალთვალი და მოსმენები. ითხოვს პროკურატურის მიერ 14 სექტემბერს დაწყებული გამოძიება სრულიად გამჭვირვალე და დამოუკიდებელი იყოს.
  • მოუწოდებს ლგბტქი+ ადამიანების უფლებადამცველების დაშინების შეწყვეტისკენ.
  • უზრუნველყოს სასამართლოს დამოუკიდებლობა.

რეზოლუციის პროექტით, ევროპარლამენტი მოითხოვს:

  • საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭიროს მედიის თავისუფლების შემზღუდავ საკანონმდებლო კანონპროექტებს.
  • ხელისუფლებამ შეწყვიტოს აგრესიული რიტორიკა და დისკრიმინაციული მოპყრობა მედიის წარმომადგენლების მიმართ, დაგმოს ძალადობრივი მოწოდებები და ქმედებები და საჯარო განცხადებებში ტოლერანტული, ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული პოზიცია დაიცვას.

რეზოლუციის პროექტით, ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს: ურზუნველყოს საქართველოს მიერ კანონის უზენაესობისა და ადამიანის ძირითადი უფლებების ვალდებულებების სრული შესრულება ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობის განუყოფელი ნაწილი იყოს.

ხაზს უსვამს, რომ უკრაინაში ომისა და საქართველოს გეოსტრატეგიული პოზიციის გამო ევროკავშირმა თვალი არ უნდა დახუჭოს ქვეყანაში მედიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების ვითარებაზე.

ევროპარლამენტის პრეზიდენტს მიუთითებს ეს რეზოლუცია გაუგზავნოს საბჭოს, კომისიას, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, წევრი სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებს, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ადამიანის უფლებათა საკითხებში. საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს, ეუთოს, ევროპის საბჭოს და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო.

  • რეზოლუციის პროექტის ტექსტი საქართველოში მედია გარემოს გაუარესებასთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი მოვლენებითა და შეფასებებიდან გამომდინარეობს.
  • ევროპარლამენტში ქართული მედიაგარემოს შესახებ დღეს იმსჯელებენ, ხვალ, 9 ივნისს კი კენჭს უყრიან რეზოლუციას, რომელიც პარლამენტის მემარცხენე ჯგუფის სახელით ესპანელმა ევროდეპუტატმა მიგელ ურბან კრესპომ მოამზადა.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ