მედიაკოალიცია 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორების დასჯას ითხოვს
05.07.2022
"მედიის ადვოკატირების კოალიცია" ჟურნალისტებზე მასშტაბური ძალადობიდან ერთი წლის შემდეგ მედიაგარემოს გაუარესებაზე საუბრობს და ხელისუფლებას მიმართავს.

რა ხდება? მედია კოალიციიის წევრები საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან შეიკრიბნენ და ხელისუფლებას მოუწოდეს:

  • გამოავლინოს და სათანადოდ დასაჯოს 5-6 ივლისის მოვლენების დროს დანაშაულებრივი ქმედებების უშუალო ჩამდენები და ორგანიზატორები.
  • Სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიოს ჟურნალისტების წინააღმდეგ მომრავლებული თავდასხმები, მათ პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტები და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს შესაბამისი პირები.
  • შეწყდეს კრიტიკული მედიასაშუალებების მიმართ მიმდინარე პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებები და სასამართლო პროცესები. ციხიდან გათავისუფლდეს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორი და დამფუძნებელი ნიკა გვარამია.
  • გამოიძიოს მედიის წარმომადგენლების მასობრივი უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის საქმეები.

რატომ არის მნიშვნელოვანი? ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან მედიის ათობით წარმომადგენელზე ძალადობიდან ერთი წლის შემდეგაც თავდასხმის ორგანიზატორები არ დასჯილან.

მედიაკოალიცია ამბობს, რომ პასუხისმგებლობაში მიცემული არ არიან უშუალოდ ძალადობაში მონაწილეთა ნაწილიც.

მედიაექსპერტის, ზვიად ქორიძის თქმით, 5-6 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები ერთი წლის განმავლობაში  ტელეკომპანიის მფლობელები და პარტიის დამფუძნებლები გახდნენ და ცდილობენ მეტი ლეგიტიმაცია მოიპოვონ საზოგადოებაში თავიანთი "შავრაზმული" საქმიანობისთვის.
  • “ ამას რომ ხელს უწყობს ხელისუფლება, ბუნებრივია ის ხელს უწყობს ქვეყანაში ქვეყანაში თავგასულობის, ულტრანაციონალიზმის, შავრაზმული პოლიტიკის წახალისებას, ეს ყველაფერი აზიანებს ჩვენი საზოგადოების პრინციპულ გადაწყვეტილებას: ევროპულ არჩევანს და ევროკავშირისკენ სწრაფვას.”, - ამბობს ქროიძე.

კოალიციის შეფასებით, დაუსჯელობამ მედიაგარემო გააუარესა:

  • “მუქარა, შევიწროება, უკანონო მოსმენა-მიყურადება და თვალთვალი, ზეწოლა, დისკრიმინაცია, დისკრედიტაცია, ფიზიკური თავდასხმა, ბრიფინგებზე ჟურნალისტების შერჩევით დაშვება - ეს დარღვევების მცირე ჩამონათვალია.”
  • “ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის გამო თითქმის ყოველდღე ხდებიან პოლიტიკოსების თუ წახალისებული მოძალადეების სიტყვიერი ან/და ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლები.”
  • “ჟურნალისტებს ეზღუდებათ საჯარო ინფორმაციაზე წვდომა, განსაკუთრებით, როცა ხელისუფლების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, ადამიანის უფლებების დარღვევის, კორუფციის, ბიუჯეტის არასწორი მართვის თუ დანაშაულებრივი საქმიანობის შემთხვევებს იკვლევენ.”
  • “პატიმრობაშია კრიტიკული ტელევიზიის „მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია, რომლის გამამტყუნებელ განაჩენსაც შიდა და საერთაშორისო ორგანიზაციები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.”

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა?

კოალიცია განმარტავს, რომ გამოხატვის თავისუფლების დაცვა და უზრუნველყოფა სახელმწიფოს ვალდებულებაა.

  • სახელმწიფო პასუხისმგებელია ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნასა და ხელშეშლის თავიდან აცილებაზე.
  • სახელმწიფო ვალდებულია ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, დაიცვას მედიის დამოუკიდებლობა და პლურალიზმი.

კონტექსტი

2021 წლის 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი "ღირსების მარშის" წინააღმდეგ გამოსული ძალადობრივი ჯგუფები მედიის 53 წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დაშავებულებს შორის იყო ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა.

ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების დასჯას უშედეგოდ ითხოვს მედია, არასამთავრობო სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება. თუმცა, ამ დრომდე არც ერთი ორგანიზატორი პასუხისგებაში მიცემული არ არის.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ