სასამართლომ რუსთავი 2-ს თენგო გოგიტიშვილისთვის კუთვნილი ხელფასისა და შესაბამისი კონპენსაციის ანაზღაურება დააკისრა
14.07.2023
მოკლედ: ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს ჟურნალისტ თენგო გოგიტიშვილის კუთვნილი ხელფასის და შესაბამისი კონპენსაციის ანაზღაურება დაეკისრა.

რას ამბობენ? "ჩვენმა იურისტებმა ჟურნალისტ თენგო გოგიტიშვილის საქმე სამივე ინსტანციის სასამართლოში წარმატებით დაასრულეს", — წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

თეონა ზაქარაშვილმა, ორგანიზაციის იურისტმა, დამატებით გვითხრა, რომ:
  • ამ ეტაპზე, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ყოფილი თანამშრომლების სასამართლო საქმეებთან დაკავშირებით, ორი ძირითადი კატეგორიის დავა მიმდინარეობს — გაუცემელი ხელფასისა და უკანონო გათავისუფლების საფუძველზე კონპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნით.
  • ტელეკომპანიას, ჟურნალისტების უკანონო გათავისუფლებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ უკვე დააკისრა კონპენსაციის გადახდა ჟურნალისტებისთვის: ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, გიორგი გაბუნია. სამივე შემთხვევაში, დავა პირველი ინსტანციის სასამართლოშია მოგებული.
  • ნანუკა ჟორჟოლიანისა და ნოდარ მელაძის შემთხვევაში, "რუსთავი 2"-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
  • დამსაქმებელს, კუთვნილი ხელფასის მისაღებად, სასამართლო დავა მოუგეს ჟურნალისტებმა: მიხეილ სესიაშვილმა, თენგო გოგიტიშვილმა, პაატა იაკობაშვილმა.
"რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, ტელევიზიის ყოფილი თანამშრომლების სასამართლო დავები არ მოიცავს მხოლოდ ჟურნალისტების საჩივრებს, მათ შორის არიან ოპერატორებიც, მძღოლებიც", — გვითხრა თეონა ზაქარაშვილმა, ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტმა.

არქივი:

კონტექსტი — 2019 წელი: ცვლილებები რუსთავი 2-ზე


"რუსთავი 2-ში" ცვლილებები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2019 წლის 18 ივნისს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანიასთან დაკავშირებით წარმართულ სასამართლო პროცესში არც ერთი სადავო უფლების დარღვევა არ დადგინდა.

შესაბამისად, იმავე დღეს აღსრულდა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, არხის მფლობელადაც ქიბარ ხალვაში დარეგისტრირდა და თანამდებობიდან გადააყენა გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. მისი ადგილი პაატა სალიამ დაიკავა.
  • 9 აგვისტოს არხის 9% -ის უკვე ყოფილი მფლობელის, ნინო ნიჟარაძის საჩივრის გამო დაწყებული გამოძიების საფუძველზე პროკურატურამ ნიკა გვარამიას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დასდო ბრალი და აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.
  • 14 აგვისტოს ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანიის გაყიდვის სურვილი გამოთქვა და პოტენციურ მყიდველებს ერთი კვირის ვადა მისცა, თუმცა, რადგანაც მსურველი არ გამოჩნდა, 19 აგვისტოს განაცხადა, რომ ტელეკომპანიას არ ყიდის, არ გააკოტრებს და "რუსთავი 2 "იქნება "პოლიტიკურად დამოუკიდებელი".
  • 20 აგვისტოს ტელეკომპანია "რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ სამსახურიდან გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და პოლიტიკური ტოქშოუების "არჩევანისა" და "კვირის აქცენტების", წამყვანები გიორგი გაბუნია და ეკა კვესიტაძე.
  • ტელეკომპანია პირდაპირ ეთერში დატოვეს საინფორმაციო გადაცემის წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა. წასვლის შესახებ განაცხადა პაატა იაკობაშვილმაც.
  • 21 აგვისტოს არხი "კურიერის" გუნდმა დატოვა.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ