„პატიმრობაში მყოფი მწერლების დღესთან“ დაკავშირებით PEN International-ი მსურველებს მზია ამაღლობელისთვის წერილის გაგზავნის შესაძლელობას აძლევს: „პროფესიული საქმიანობის შესრულებისთვის ციხეში მყოფი ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით ორწლიან სასჯელს იხდის. ის პატიმრობაში არასათანადო მოპყრობას განიცდის და ჯანმრთელობის სერიოზული რისკების წინაშე დგას“.
PEN International-ი „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასა და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ რეპრესიების შეწყვეტას ითხოვს.
კამპანიის ფარგლებში, PEN International-ი სოლიდარობას უცხადებს „ოთხ მამაც ხმას, რომლებიც რეპრესიების მიუხედავად კვლავაც აგრძელებენ სიმართლის თქმას: რორი ბრანკერი (ვენესუელა), იალქუნ როზი (ჩინეთი), მოჰამედ ტაჯადიტი (ალჟირი) და მზია ამაღლობელი (საქართველო)“.
PEN International-ის პრეზიდენტის, ბურჰან სონმეზის
თქმით: „რორი ბრანკერი, იალქუნ როზი, მოჰამედ ტაჯადიტი და
მზია ამაღლობელი გვახსენებენ, რომ სიტყვებს შეუძლიათ ძალაუფლების
შერყევა - და რომ გამბედაობა გრძელდება მაშინაც კი, როდესაც მათ
თავისუფლებას ართმევენ. მათი დევნა სამართლიანობისა და თავად
კაცობრიობის ჭრილობაა. ჩვენ არ უნდა მოვდუნდეთ მანამ, სანამ ისინი არ
გათავისუფლდებიან“.
მზია ამაღლობელი - „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. მას 6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დრეგუაძისთვის სილის გაწვნის გამო 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამაღლობელის განაჩენი ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც.
„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა. მზია ამაღლობელი ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა. მათ შორის, ამაღლობელმა მიიღო სახაროვის პრემია - ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო.
მოჰამედ ტაჯადიტი - ალჟირელი პოეტი და აქტივისტია, რომელიც ცნობილია, როგორც „ჰირაკის პოეტი“. amnesty international-ის ინფორმაციით, ის 2019 წლიდან მოყოლებული, სულ მცირე შვიდ ცალკეულ საქმეზე იყო გასამართლებული: „11 ნოემბერს, მას კიდევ ერთ საქმეზე ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ტერორიზმთან დაკავშირებული უსაფუძვლო ბრალდებებისთვის“.
PEN International-ის ინფორმაციით, ტაჯადიტი ალჟირის 2019 წლის პროდემოკრატიული ჰირაკის მოძრაობის წამყვანი ფიგურაა, რომელიც თავისი პოეზიისა და აქტივიზმის გამო წლების განმავლობაში თვითნებური დაკავებებისა და შევიწროების მსხვერპლი იყო.
რორი ბრანკერი - ვენესუელელი დამოუკიდებელი ჟურნალისტია, რომელიც „ლა პატილაში“ მუშაობდა. RSF-ის ინფორმაციით, ბრანკერი მეცხრე ჟურნალისტია, რომელიც 2024 წლის ივლისიდან მოყოლებული, პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის დააკავეს.
PEN International-ის ინფორმაციით, ჟურნალისტი 200 დღეზე მეტხანს იყო გაუჩინარებული: „მას არ მისცეს სასამართლო გარანტიები და დამოუკიდებელ იურიდიულ დახმარებაზე წვდომა“.
იალქუნ როზი - უიღურელი მწერალი და ლიტერატურის კრიტიკოსია, რომელსაც ჩინეთის ქალაქ სინძიანგში (Xinjiang) 15-წლიანი პატიმრობა შეეფარდა „სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის წაქეზებისთვის“. ის 2016 წელს დააკავეს.
PEN International-ის ინფორმაციით, როზი დიდი ხნის განმავლობაში უიღურულ ენასა და კულტურას ლიტერატურისა და განათლების გზით უწევდა პოპულარიზაციას. [*უიღურები ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიაში მცხოვრები თურქული ეთნოსია, რომელთა უმეტესობა ჩინეთში, სინძიანის პროვინციაში ცხოვრობს]. ორგანიზაცია ჩინეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს იალქუნ როზი და შეწყვიტოს სინძიანგში კულტურული მემკვიდრეობის სისტემატური წაშლის პრაქტიკა.
