ჩეხეთში, პრაღაში, 15 ნოემბერს საზოგადოებრივი მედიის დაფინანსების
მოსალოდნელი სამთავრობო რეფორმის წინააღმდეგ მასობრივი დემონსტრაცია
გაიმართა. ორგანიზატორების
შეფასებით, მედიის დასაცავად 400 000-მდე ადამიანი
შეიკრიბა.
მოქალაქეთა უკმაყოფილება მედიის დაფინანსების შესახებ იმ კანონპროექტმა გამოიწვია, რომლის თანახმადაც, ჩეხეთის საზოგადოებრივი მედიასაშუალებები - „ჩეხეთის ტელევიზია“ და „ჩეხეთის რადიო“ საზოგადოებრივი დაფინანსებიდან სახელმწიფო დაფინანსებაზე უნდა გადავიდეს. ჩეხი მოქალაქეები ეროვნული ტელე-რადიო მაუწყებლობის დასაფინანსებლად ყოველთვიურ სავალდებულო გადასახადს, ოჯახზე 205 კრონს (8.5 ევრომდე) იხდიან. სადავო კანონპროექტი, რომლის პირველი მოსმენაც 24 ოქტომბერს გაიმართა, ამ მოსაკრებლის სახელმწიფო დაფინანსებით ჩანაცვლებას გულისხმობს.
როგორც Reuters-ი წერს, სახელმწიფო დაფინანსების შეთავაზებული მოცულობა იმაზე ნაკლებია, რასაც მედიასაშუალებები საზოგადოებრივი გადასახადებიდან ახლა იღებენ: „ცვლილებებით გათვალისწინებული დაფინანსების 15%-იანი შემცირება ტელევიზიის ნომინალურ ბიუჯეტს - 2008 წლის, რადიოსას კი 2005 წლის ნიშნულზე დააბრუნებს. მედიაში აცხადებენ, რომ ამ პირობებში ფუნქციონირება შეუძლებელი იქნება“.
აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ამ რეფორმით „ჩეხეთის ტელევიზია“ და „ჩეხეთის რადიო“ დამოუკიდებლობის დაკარგვის წინაშე დგანან, მთავრობა კი ამტკიცებს, რომ ეს ცვლილება გავლენას არ მოახდენს სარედაქციო დამოუკიდებლობასა და პროგრამის შინაარსზე.
ცნობისთვის, აღნიშნულ აქციას წინ უძღოდა „ჩეხეთის
ტელევიზიისა“ და „ჩეხეთის რადიოს“ თანამშრომლების 3 ნოემბრის
გაფიცვაც.

