ამერიკულმა ტელევიზიამ ბრიტანეთის სამეფო ოჯახზე გავრცელებული ცრუ ინფორმაციის გამო ბოდიში მოიხადა
14.08.2017
CBS-თან აფილირებულმა ციფრულმა ტელევიზია KMOV-მა ბოდიში მოიხადა დედოფალ ელისაბედსა და პრინც ულიამსზე გავრცელებული ცრუ ინფორმაციის გამო.

მედიასაშუალებამ გაავრცელა ახალი ამბავი, რომ დედოფალმა ელისაბედ II-მ ოფიციალურად გადასცა სამეფო გვირგვინი პრინც უილიამსა და მის მეუღლეს, ქეით მიდლტონს. შესაბამისად, დედოფლის შემდეგ უილიამი გახდებოდა მეფე, ქეითი კი - დედოფალი. “ელისაბედმა ამ ნაბიჯით გამოტოვა საკუთარი შვილი, პრინცი ჩარლზი, რომელსაც წესისამებრ დედოფლის შემდეგ უნდა ემეფა.” - წერდა KMOV.

თუმცა, KMOV-ის ინფორმაცია გადაუმოწმებელი აღმოჩნდა და ტელევიზიას ამის გამო ბოდიშის მოხდაც მოუწია. სავარაუდოდ, ის ნიგერიული ვებსაიტ Nation-ს დაეყრდნო, რომელმაც 11 აგვისტოს გამოაქვყეყნა სტატია ბრიტანეთის სამეფო კარზე. გაზეთი წერდა, რომ “დედოფალს მის მემკვიდრედ პრინცი უილიამი სურს”. სტატია, თავის მხრივ, “ანონიმურ წყაროს” ეყრდნობოდა, რომელიც Nation-ის მტკიცებით, სამეფო კართან დაახლოებული პირია.

საბოლოოდ, მისურის შტატში მაუწყებელმა KMOV-მა ეს ახალი ამბავი წაშალა. ტელევიზიამ, სანაცვლოდ შენიშვნა გამოაქვეყნა, რომელიც პირდაპირ არ უთითებდა მის შეცდომაზე, თუმცა, აღიარებდა, რომ ბრიტანეთის სამეფო კარზე გავრცელებული ინფორმაცია გადაუმოწმებელი იყო. “ეს ოფიციალური არაა, ელისაბედ II-ეს არ გადაუცია გვირგვინი პრინცი უილიამისთვის და არ გამოუტოვებია პრინცი ჩარლზი, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ინფორმაცია მოგვაწოდეს წყაროებმა. ჩვენ ბოდიშს ვიხდით ამის გამო წარმოქმნილი დაბნეულობისა და გაუგებრობის გამო.” - ასეთი განცხადება გაავრცელა ტელევიზიამ.

თეგები : ყალბი ინფორმაცია;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ