BBC აღიარებს, რომ კლიმატის ცვლილების თემას ხშირად არასწორად აშუქებდა
26.09.2018
სამაუწყებლო კომპანია BBC-ს სარედაქციო პოლიტიკაში ცვლილებები შეაქვს. კომპანიის ახალი ამბების განყოფილების დირექტორმა, ფრენ ანსვორთმა  სარედაქციო ჯგუფებს განცხადება გაუგზავნა, სადაც თქვა, რომ კლიმატის ცვლილება ბუნებაში მიმდინარეობს, ამიტომაც დებატების დასაბალანსებლად არ არის საჭირო ისეთი რესპონდენტი, რომელიც საერთოდ უარყოფს კლიმატის ცვლილებას - „ადამიანების მიერ პროვოცირებული კლიმატის ცვლილება არსებობს. თუ ამას მეცნიერება ადასტურებს, ჩვენ ეს უნდა გადმოვცეთ. BBC-ს მიერ კლიმატის ცვლილებების გაშუქებისას მიუკერძოებლობის მისაღწევად არ გჭირდება ის, ვინც საერთოდ უარყოფს ამ პროცესს. ისევე, როგორც არ გჭირდება ვინმე, ვინც უარყოფს იმას, რომ შაბათს მანჩესტერმა 2:0 მოიგო მაშინ, როცა ეს მსაჯის მიერ დადასტურებულია", - წერს ანსვორთი.

ეს ნაბიჯი კომპანიამ მას შემდეგ გადადგა, რაც თანამშრომლებს არაერთხელ მოუხდათ ბოდიშის მოხდა კლიმატის ცვლილების სკეპტიკოსებთან ინტერვიუების შემდეგ. განცხადება, რომელიც BBC-ის ახალი ამბების დირექტორმა გაავრცელა, ასე იწყება „კლიმატის ცვლილება BBC-სთვის რთული საკითხი იყო და ჩვენ ამ თემას ხშირად არასწორად ვაშუქებდით“. 

ბოლოს BBC-მ ბოდიში გასული წლის ოქტომბერში მოიხადა საკუთარი მასალის გამო, მას შემდეგ რაც BBC Radio4-მა პოლიტიკოსთან, ლორდ ლოუსონთან ჩაწერა ინტერვიუ და მას იმის მტკიცების საშუალება მისცა, რომ ბოლო დეკადის განმავლობაში გლობალური ტემპერატურა არ აწეულა, რაც მეცნიერულ დასკვნებს ეწინააღმდეგება. მსგავსი შემთხვევები კომპანიას მანამდეც ჰქონია, რის გამოც არაერთხელ გაუკეთებიათ სპეციალური განცხადება და შესწორება.

“კლიმატის ცვლილება ნამდვილად ხდება. არსებობს ზოგადი კონსესუსი იმაზე, რომ ამან შეიძლება გამანადგურებელი შედეგი მოგვიტანოს სხვადასხვა მიმართულებით - წერს ანსვორთი 4-გვერდიან განცხადებაში. თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ კლიმატის ცვლილება მანამდეც მომხდარა და ზოგჯერ შესაძლოა გარკვეული სკეპტიკოსების აზრი საინტერესო იყოს: „მაგალითად, სიჩქარის ინტენსივობაზე და იმაზე, თუ რა მოხდება მომავალში ან რა პოლიტიკა უნდა შეიმუშაოს მთავრობამ“, - ნათქვამია ტექსტში. აქ ასევე ვხვდებით კონკრეტულ რეკომენდაციებს ჟურნალისტებისთვის, რომ მათ ყოველთვის კარგად გამოიკვლიონ რესპონდენტების ხედვები და მათი საქმიანობა: „ჩვენ უნდა მივაწოდოთ აუდიტორიას ინფორმაცია, რომელ ორგანიზაციას წარმოადგენს სპიკერი, როგორ ფინანსდება ეს ორგანიზაცია და საუბრობენ თუ არა მისი წარმომადგენლები მეცნიერული პოზიციიდან“.

აღსანიშნავია, რომ ლორდ ლოუსონის ორგანიზაცია „გლობალური დათბობის პოლიტიკის ფონდი“ (Global Warming Policy Foundation ) დაფინანსების წყაროს არ ასაჯაროებს. ორგანიზაცია Energy and Climate Intelligence Unit-ის დირექტორი, რიჩარდ ბლექი, რომელიც წლების განმავლობაში გარემოსდაცვით საკითხებს აშუქებდა BBC -ში, ამ ნაბიჯს მიესალმება: “ამ კურსის აღება ძალიან სწორი ნაბიჯია. ჩემი აზრით BBC შეცდა, როცა 2011 წელს დაწყებული სამეცნიერო სემინარების კურსი მალევე შეწყვიტა - ძალიან ცოტა პროდიუსერს თუ წამყვანს აქვს სამეცნიერო ბექგრაუნდი“.

პროფესორო ედ ჰოუკინსი, მეცნიერი, რომელიც რიდინგის უნივერსიტეტში კლიმატის თემაზე მუშაობს, ამბობს, რომ ეს კომპანიას დიდი ხნის წინ უნდა გაეკეთებინა: „ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, როდესაც BBC-ის აუდიტორია შეცდომაში იქნა შეყვანილ“.

აგვისტოში 57-მა გავლენიანმა გარემოს დაცვის სპეციალისტმა, მათ შორის ჯონათან პორიტმა და ეროლაინ ლუკასმა გარდიანს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამი იყო: „ჩვენ აღარ მივიღებთ იმ ადამიანებთან დებატებში მონაწილეობას, ვინც უარყოფს, რომ ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილება რეალურია. უამრავი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია კლიმატის თემის ირგვლივ, რაზეც უნდა ვიკამათოთ და განვიხილოთ და ამაზე დროის კარგვა ნამდვილად არ ღირს. ჩვენ მოვუწოდებთ მაუწყებლებს იგივე გააკეთნ“ - წერდნენ ისინი განცხადებაში.

წყარო: www.theguardian.com

ავტორი : ნინო ჩიმაკაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ