2018 წელს მსოფლიო პრესა ორ ისტორიულ გამოცემას დაემშვიდობა
21.12.2018
2018 წელს დაიხურა ამერიკული გაზეთი Village Voice და მისი ვებგვერდი და არსებობა შეწყვიტა ბრიტანული მუსიკალური ჟურნალის NME-ს ბეჭდურმა ვერსიამ. ეს გამოცემები ათეული წლების განმავლობაში იყვნენ ფლაგმანები სხვადასხვა მიმართულებით და უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდნენ ქვეყანაში მიმდინარე კულტურულ-საზოგადოებრივ პროცესებში.

Village Voice

63-წლიანი არსებობის შემდეგ, საკულტო ყოველკვირეული ნიუ-იორკული გამოცემა, Village Voice, 2018 წლის აგვისტოს ბოლოს დაიხურა. 2015 წელს, ფინანსური კრიზისის გამო, გამომცემლებს მისი გაყიდვა მოუხდათ. Village Voice ამერიკის ერთ-ერთი უმდიდრესი ოჯახის წარმომადგენელმა, პიტერ ბარბეიმ იყიდა და როგორც მაშინ ამბობდა, გაზეთის „აყვავებას“ აპირებდა. თუმცა, როგორც ჩანს, მალე მიხვდა რომ გამოცემის მაღალი პროფესიული სტანდარტების, ალტერნატიული ხედვისა და უკომპრომისო ავტორების პირობებში Village Voice კომერციულ ტაბლოიდად ვერ იქცეოდა და ორ წელიწადში ჯერ ბეჭდური ვერსია გააუქმა, მომდევნო წელს კი ონლაინ გამოცემის დახურვის გადაწყვეტილებაც მიიღო.

Village Voice-ის ბოლო ნომერი 2017 წლის 20 სექტემბერს გამოვიდა და მის გარეკანზე 23 წლის ბობ დილანის ფოტო იყო, რომელიც 1965 წელს გაზეთს ძველი რედაქციის ოფისთან ახლოსაა გადაღებული.

ამ ეტაპზე გამოცემაში მხოლოდ რამდენიმე თანამშრომელი რჩება, რომლებიც გარკვეული დროის განმავლობაში საარქივო მასალების დამუშავებასა და მათ ვებგვერდზე განთავსებაზე იზრუნებენ. თუმცა, ახალ მასალებს გაზეთი აღარ გამოაქვეყნებს.

Village Voice 1955 წელს დაარსდა და ათეული წლების განმავლობაში ქალაქის კულტურული ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. ლოკალური არტისტული სცენის და კულტურული მოვლენების სიღრმისეული ანალიზი, კინო, ლიტერატურული და მუსიკალური მიმოხილვები, ანალიტიკური სტატიები და საგამოძიებო მასალები პოლიტიკასა და სოციალურ თემებზე და რაც მთავარია, საუკეთესო ავტორები - ამ ყველაფრის გამო Voice-მა მალევე დაიმკვიდრა ადგილი, როგორც ალტერნატიულმა, მემარცხენე ინტელექტუალურმა გამოცემამ და ნიუ-იორკის ერთგვარ სიმბოლოდაც კი იქცა.

გაზეთი ამერიკელმა მწერალმა, ნორმან მაილერმა, ჟურნალისტმა ჯონ უილკოკმა და გამომცემლებმა - ედ ფენჩერმა და დენ ვულფმა დაარსეს. მათი მიზანი ნიუ-იორკის შემოქმედებით სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის პლატფორმის შექმნა და საზოგადოების სოციალური და პოლიტიკური მგრძნობელობის ამაღლება იყო. წლების განმავლობაში აქ საუკეთესო ჟურნალისტებისა და კრიტიკოსების სტატიებთან ერთად ისეთი მწერლების ტექსტები ქვეყნდებოდა, როგორებიც არიან: ეზრა პაუნდი, ჰენრი მილერი, ალენ გინსბერგი, ჯეიმს ბოლდუინი, ბარბარა გარსონი და სხვები. Village Voice დაარსების დღიდან იდგა პროგრესული იდეების ავანგარდში. აქ შუქდებოდა ყველა მწვავე და აქტუალური საკითხი, მათ შორის ისეთებიც, რასაც იმ დროს ბევრი გამოცემა ჯერ კიდევ თავს არიდებდა. გაზეთი აქტიურად უჭერდა მხარს ჰომოსექსუალების უფლებების დაცვას, შავკანიანებისა და ქალების ბრძოლას თანასწორობისთვის. Village Voice-სი კრიტიკის მთავარი სამიზნე პოლიტიკური და ბიზნეს ელიტა იყო. მათ მანკიერ მხარეებზე ყველაზე აქტიურად უეინ ბარეტი წერდა, რომელიც 37 წლის განმავლობაში მუშაობდა გამოცემაში გამომძიებელი ჟურნალისტისა და მთავარი რედაქტორის პოზიციაზე. თავის დროზე მას სტატიები და წიგნები დონალდ ტრამპზეც აქვს დაწერილი, რაც დღეს განსაკუთრებით ღირებული გახდა ჟურნალისტებისთვის ამერიკის პრეზიდენტის გაშუქებისას.

Village Voice ბოლო წლებში პრაქტიკულად ერთადერთი ხარისხიანი, არატაბლოიდური გამოცემა იყო ნიუ იორკში, რომელიც აქტიურად აშუქებდა ქალაქის კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრების დეტალებს და მეინსტრიმის მიღმა ეძებდა თემებს. გამოცემას პულიცერის სამი და სხვაც არაერთი პრიზი აქვს აღებული.

NME
ლეგენდარულმა მუსიკალურმა ჟურნალმა NME-მ, 66-წლიანი არსებობის შემდეგ, ბეჭდური სახით არსებობა 2018 წლის მარტში შეწყვიტა. თუმცა, Village Voice-სგან გასნხვავებით ჟურნალი ჯერჯერობით კვლავ განაგრძობს ონლაინ არსებობას. ამის მიუხედავად, NME-ს მკითხველებისთვის ეს ამბავი მაინც ძალიან სევდიანი იყო. „ეპოქის დასასრული“ ასე დაასათაურა Guardian-მა სარედაქციო სტატია, რომელიც ჟურნალის დახურვას ეძღვნებოდა.

NME -მ მართლაც მთელი ეპოქა შექმნა. ნახევარ საუკუნეზე მეტი ის მუსიკალური სამყაროს ერთ-ერთი ეპიცენტრი იყო, სადაც მელომანებს საყვარელ არტისტებსა თუ ახალ მუსიკალურ აღმოჩენებზე მაღალპროფესიული, საინტერესო და ექსკლუზიური სტატიების წაკითხვა შეეძლოთ. მუსიკოსებისთვის კი ჟურნალი უმნიშვნელოვანესი პლატფორმა იყო თავის დასამკვიდრებლად, განსაკუთრებით ციფრულ ეპოქამდე. NME-ში მათი სიმღერის ან ალბომის მიმოხილვა, ან პატარა ინტერვიუს დაბეჭდვა წარმატების ერთ-ერთი ინდიკატორი იყო. ჟურნალის გარეკანზე მოხვედრა კი ახალბედა მუსიკოსისთვის შეიძლება ითქვას, გარანტირებულ დიდებას ნიშნავდა.

NME ( New Musical Express)1952 წელს ლონდონელმა მუსიკალურმა პრომოუტერმა, მაურის კინმა დააარსა. იმავე წლის ბოლოს გამოცემამ ბრიტანთში პირველი მუსიკალური სინგლების ჩარტი შექმნა. 1953 წლიდან კი საკუთარი ჯილდოც დააარსა, რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალობას.

60-იან წლებში გამოცემამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა Beatles-ისა და Rolling Stones-ის პოპულარიზაციაში. ისინი ჟურნალის გარეკანზეც არაერთხელ მოხვედრილან. 70-იანი წლების მეორე ნახევრიდან NME იმ დროის ახლადგამოჩენილი სუბკულტურით - პანკ მოძრაობით დაინტერესდა და ამ მიმდინარეობის მუსიკას აქტიურად უჭერდა მხარს. NME პირველი მუსიკალური გამოცემა იყო, რომელმაც Sex Pistols-ის შესახებ სტატია გამოაქვეყნა და პრაქტიკულად, გადამწყვეტი როლი ითამაშა მათ შემდგომ წარმატებაში. მუსიკალური თემების გარდა ჟურნალი პოლიტიკის, ტექნოლოგიების, კინოს, მოდისა და ხელოვნების სხვა სფეროების შესახებაც ხშირად წერდა, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა გამოცემას და მრავალფეროვან აუდიტორიას იზიდავდა.

70-იანი წლების ბოლოდან NME აქტიურად ჩაერთო პოლიტიკურ ცხოვრებაში და ხშირად უძღვნიდა სტატიებს ახალგაზრდების ცხოვრებას, მათ პრობლემებსა და გამოწვევებს. 1979 წელს, მარგარეტ ტეტჩერის გამარჯვების შემდეგ, ჟურნალი ღიად გამოხატავდა ანტიპათიას მისი და კონსერვატორული პარტიის მიმართ და მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ტეტჩერის პოლიტიკის ერთ-ერთი მწვავე კრიტიკოსი იყო.

NME-ს მნიშვნელოვანი წვლილი აქვს ინდი მუსიკის პოპულარიზაციაშიც. 2000-იან წლებში ჟურნალმა არაერთი დამწყები, ნიჭიერი მუსიკოსის ბედი გადაწყვიტა: The Libertines, White Stripes, Strokes, Franz Ferdinand - ამ ბენდების წარმატებაში NME-ს წვლილი უდიდესია. მოგვიანებით, ჟურნალმა მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია ასევე Arctic Monkey-საც, რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინდი როკ ბენდია მსოფლიოში.

2015 წელს, მას შემდეგ რაც ინტერნეტის მოხმარების ინტენსიურმა ზრდამ და ონლაინ საინფორმაციო ბაზრის გაჯერებამ გამოცემების გაყიდვის რაოდენობა მკვეთრად დააგდო, NME-ს მფლობელებმა გადაწყვიტეს, ჟურნალის ბეჭდური ვერსია უფასო გაეხადათ და რეკლამის გაზრდილი წილის დახმარებით შეენახათ. თუმცა, 3-წლიანმა ექსპერიმენტმა საბოლოოდ ვერ გაამართლა და გამომცემლებს ჟურნალის დახურვა მოუხდათ.

დღეს NME კვლავ ინარჩუნებს ონლაინ ვერსიას და ამ პლატფორმაზეც არაერთ საინტერესო მასალას გვთავაზობს, თუმცა, ბეჭდური ვერსია თავისი გამორჩეული გარეკანებით და ის ამაღელვებელი მოლოდინი, რაც მელომანებს ყოველ თვეში, ჟურნალის გამოსვლისას ჰქონდათ, ისტორიას ჩაბარდა.

ავტორი : ნინო ჩიმაკაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ