ახალი ამბების ვეტერანები Fake News-ებთან ბრძოლას იწყებენ
21.01.2019

ინტერნეტში გავრცელებულმა კონსპირაციის თეორიებმა, პროპაგანდამ და უბრალო უზუსტობებმა ზოგჯერ შესაძლოა ყველაზე ჭკვიანი მკითხველიც დააბნიოს. ისინი იმაზე სწრაფად ვრცელდება, ვიდრე fake news-ის თქმას მოასწრებ.

ახალ სტარტაპში NewsGuard, ამბობენ, რომ მათ შესაძლოა პრობლემის მოგვარება შეძლონ. ინიციატივა ახალი ამბების ვეტერან პროფესიონალებს, ჟურნალ The American Lawyer-ის დამფუძნებელ, სტივენ ბრილს და The Wall Street Journal-ის ყოფილ გამომცემელს, გორდონ კროვიცს ეკუთვნის. გასულ კვირას კომპანიამ პირველ დიდ კლიენტთან თანამშრომლობასაც მოაწერა ხელი და ეს Microsoft იყო.

NewsGuard-მა შექმნა საკვები ეტიკეტების მსგავსი მარკირების სისტემა ახალი ამბების ორგანიზაციებისთვის, რომლის მიხედვითაც 2000-ზე მეტ ვებგვერდს აფასებენ შემდეგი თეგებით: წითელი ფერით არასანდოს ნიშნავენ, მწვანით კი სანდოს. შეფასებას 50-მდე ჟურნალისტისა და ანალიტიკოსისგან შემდგარი გუნდი აკეთებს.

NewsGuard -მა უკვე მისცა დადებითი შეფასება ისეთ სტაჟიან გამოცემებს, როგორებიც არიან The New York Times , The Wall Street Journal, ასევე შედარებით ახალ ონლაინ მედია პლატფორმებს: BuzzFeed-ს, Newsmax-ს. მწვანე შუქი აქვთ ანთებული ასევე შემდეგ მედია ორგანიზაციებს: FoxNews, The Hill, The Daily Beast and HuffPost .

წითელი ფერით არის აღნიშნული NewsGuard-ის შეფასებით არასანდო ვებგვერდები: მემარჯვენე Infowars და Breitbart და მემარცხენე Daily Kos . კიდევ ერთმა მემარცხენე ადვოკატირების ორგანიზაცია Media Matters-მა, რომელსაც პროფილური ბლოგი აქვს მედიაზე, მართალია მწვანე ეტიკეტი დაიმსახურა, მაგრამ NewsGuard-ის9 კრიტერიუმიდან მას 4 ნეგატიური ქულა აქვს.

სტარტაპში იმედი აქვთ, რომ მათი საქმიანობა ონლაინ სივრცეში კითხვის რეგულარული ნაწილი გახდება. დამფუძნებლები მიიჩნევენ, რომ უფრო ეფექტური იქნება, თავად ორგანიზაციებს თუ შეაფასებენ და არა სტატიების უსასრულო სტრიმს ყოველ საათში.

სერვისი მკითხველებისთვის უფასოა, ის უბრალოდ ბრაუზერის „დანამატს“ (browser extension) მოითხოვს. ამის შემდეგ, როდესაც რომელიმე გამოცემის საიტზე შეხვალთ, მის სანდოობა-არასანდოობასთან ერთად, მწვანე ან წითელ ნიშნულზე დაჭერით NewsGuard-ის რეიტინგის ნახვასაც შეძლებთ, სადაც ორგანიზაცია გამოცემებს 9 პუნქტით აფასებს.

ფულის შოვნისთვის სტარტაპი სხვადასხვა მსხვილ კომპანიებს მიმართავს და ცდილობს, დაარწმუნოს ისინი, ლიცენზია მისცენ მათ software-ს და მოახდინონ მათი რეიტინგების ინტეგრირება საკუთარ სერვისებში. Microsoft პირველი დიდი ტექნოლოგიური მოთამაშეა ბაზარზე, რომელიც დათანხმდა, ეს სისტემა საკუთარ მობილურ ბრაუზერზე დაეინსტალირებინა. 

სტივენ ბრილისთვის NewsGuard არაა პირველი ინიციატივა, რომელიც მედიას შეეხება. 1998 წელს მან ყოველთვიური ჟურნალი- Brill’s Content დააარსა, რომელშიც სხვადასხვა მედია ორგანიზაციების და ჟურნალისტების ნამუშევრებს აფასებდნენ. გამოცემა 2001 წელს დაიხურა.

ბრილმა იცის, რომ ჯერჯერობით NewsGuard-ის ანალიზს და შეფასებებს არ აქვთ დიდი გავლენა, მათი გავრცელების მასშტაბიდან გამომდინარე, მაგრამ Gallup-ის გამოკითხვა, რომელიც Knight Foundation-მა დააფინანსა, გვაჩვენებს, რომ დამოუკიდებელ რეიტინგებს შეუძლიათ ზეგავლენა მოახდინონ იმაზე, თუ როგორ მოიხმარენ ახალ ამბებს ადამიანები. გამოკითხვაში მონაწილეები ამბობდნენ, რომ ისინი ნაკლებად გააზიარებენ ისეთ მასალებს, რომლებზეც აღნიშნული იქნება, რომ ის შესაძლოა ტყუილი იყოს. (Knight Foundation ასევე შეუერთდა NewsGuard-ის ინვესტორთა რიცხვებს)

Facebook-ს და სხვა სოციალურ ქსელებს არ მოუწერიათ ხელი NewsGuard-თან თანამშრომლობაზე, თუმცა ბრილი და კროვიცი ვარაუდობენ, რომ რაღაც ტიპის რეიტინგები და სერვისები აუცილებლად გაჩნდება ვებზე. მართალია, NewsGuard საჯარო სივრცეში პოზიციონირებს, როგორც ახალი ამბების ერთგვარი მარკა, კვების ეტიკეტი, მაგრამ დამფუძნებლები ამბობენ, რომ მათი საქმე არ უნდა იქნეს აღქმული ისე, თითქოს ეს კვებისა და წამლის ადმინისტრაციის მედია ექვივალენტი იყოს. (Food and Drug Administration)

„ჩვენთვის ძალიან არაკომფორტული იქნებოდა, მთავრობა რომ გასცემდეს რაიმე მანდატს ახალი ამბების შესახებ. ეს სიტყვის თავისუფლების პრინციპს დაარღვევდა. ჩვენ ხომ პირველი შესწორება გვაქვს კონსტიტუციაში“ - აღნიშნავს გორდონ კროვიცი.

წყარო: New York Times


ავტორი : ნინო ჩიმაკაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ