რატომ და როგორ შეიცვალა ამერიკის ხმის, რადიო თავისუფლების და სხვა მედიების ხელმძღვანელები აშშ-ში
26.01.2021
მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტზე დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენმა შეცვალა, არაერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა. ცვლილებები შეეხო რამდენიმე საერთაშორისო მედიაორგანიზაციას, რომლებიც ამერიკის მთავრობისგან ფინანსდება.

20 იანვარს, ინაუგურაციიდან რამდენიმე საათის შემდეგ, პრეზიდენტმა ბაიდენმა ფედერალური სააგენტოების დროებითი ხელმძღვანელები დაასახელა. თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იუწყებოდა, რომ აშშ-ის გლობალური მედია სააგენტოს (USAGM) ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად კელუ ჩაო დაინიშნა, რომელიც მანამდე “ამერიკის ხმის” პროგრამების დირექტორად მუშაობდა.

აშშ-ის გლობალური მედია სააგენტოს (USAGM) დაქვემდებარებაშია მედიაორგანიზაციები: “ამერიკის ხმა”, კუბის მაუწყებლობის ოფისი, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება, რადიო თავისუფალი აზია და ახლო აღმოსავლეთის სამაუწყებლო ქსელი.

კელუ ჩაოს დანიშვნას წინ უძღოდა USAGM-ის ხელმძღვანელის პოსტიდან მაიკლ პეკის გადადგომა. პეკი მას შემდეგ გადადგა, რაც მას ბაიდენის ადმინისტრაციიდან მოსალოდნელი დათხოვნის თაობაზე აცნობეს.

მაიკლ პეკი USAGM-ის ხელმძღვანელად გასულ წელს დაინიშნა, პრეზიდენტ ტრამპის წარდგენით. მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნის საკითხი 2 წლის განმავლობაში იხილებოდა. ამერიკული მედიის ინფორმაციით, კონსერვატორი კინოდოკუმენტალისტი პეკი ტრამპის მომხრე იყო და იგი აქტიურად ცდილობდა სააგენტოს დაქვემდებარებული მედიაორგანიზაციების სარედაქციო საქმეებში ჩარევას.

USAGM-ის ხელმძღვანელად პეკის დანიშვნის შემდეგ სააგენტოს დაქვემდებარებული მედია ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა პოსტები დატოვეს ან ისინი თავად პეკმა დაითხოვა.

გასული წლის ნოემბერში ვაშინგტონის ფედერალურმა სასამართლომ მაიკლ პეკის წინააღმდეგ წინასწარი ამკრძალავი ბრძანება გამოსცა. ბრძანებაში ნათქვამი იყო, რომ პეკს და USAGM-ის მმართველ პირებს ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა არ შეეძლოთ. პეკს სასამართლოში კელუ ჩაომ და სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელებმა უჩივლეს.

მოსამართლის ამკრძალავი ბრძანების მიუხედავად, მაიკლ პეკმა სააგენტოს უფროსის პოსტზე მისი მუშაობის ბოლო თვენახევარში რამდენიმე საკვანძო საკადრო ცვლილება განახორციელა, რაც მედიაორგანიზაციების სარედაქციო პოლიტიკასთან იყო დაკავშირებული.

გასული წლის დეკემბერში მაიკლ პეკმა თანამდებობიდან დაითხოვა “ამერიკის ხმის” დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ელეზ ბიბერაი, რომელსაც ჟურნალისტური საქმიანობის 40-წლიანი სტაჟი ჰქონდა და 2006 წლიდან ხელმძღვანელობდა "ამერიკის ხმის" ევრაზიის განყოფილებას, სადაც ქართული, რუსული, უკრაინული, სომხური, და ბალკანური რედაქციებია გაერთიანებული.

“ვაშინგტონ პოსტის” ინფორმაციით, ბიბერაი უხმაუროდ ეწინააღმდეგებოდა პეკის მცდელობებს, რომ “ამერიკის ხმის” სარედაქციო პოლიტიკა პრეზიდენტ ტრამპის ხედვებისა და პოლიტიკისთვის დაეახლოვებინა.

მაიკლ პეკმა ბიბერაის ადგილზე რობერტ რ. რაილი დანიშნა, რომელიც “ამერიკის ხმას” 2001-02 წლებში ხელმძღვანელობდა. 2017 წელს, “უოლ სტრიტ ჯოურნალში” გამოქვეყნებულ მოსაზრებაში, რაილი წერდა, რომ “ამერიკის ხმა” ხელისუფლების დიპლომატიის ინსტრუმენტი უნდა იყოს და არა ახალი ამბების ორგანიზაცია.

“ამერიკის ხმაში” განხორციელებული საკადრო ცვლილების შემდეგ, პეკმა ხელმძღვანელები შეცვალა სააგენტოს დაქვემდებარებულ სხვა მედიაორგანიზაციებშიც. გასული წლის 18 დეკემბერს რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ხელმძღვანელად ტედ ლიპიენი დანიშნა, რომელიც მანამდე “ამერიკის ხმაში” მუშაობდა და ბოლო დროს ბლოგებს აქვეყნებდა იმაზე, რომ “ამერიკის ხმის” სარედაქციო პოლიტიკაში უფრო მეტად იგრძნობოდა ლიბერალიზმის მხარდაჭერა და კონსერვატიული ხედვების ნაკლებობა იყო.

თავისუფალ მედიაზე თავდასხმად შეფასდა შეერთებული შტატების მედია წრეებში 2 კვირის წინ “ამერიკის ხმაში” განხორციელებული საკადრო ცვლილება, როცა თეთრის სახლის კორესპონდენტი დააქვეითეს მას შემდეგ, რაც მან დამატებითი შეკითხვები დაუსვა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს.

USAGM-ის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა კელუ ჩაომ პირველ რიგში “ამერიკის ხმის” დირექტორის თანამდებობიდან დაითხოვა რობერტ რაილი, ასევე მისი მოადგილე ელიზაბეტ რობინსი. დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კი იოლანდა ლოპესი დაინიშნა, რომელიც რალიმ “ამერიკის ხმის” ახალი ამბების დირექტორის პოსტიდან დაითხოვა ზემოთ აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, როდესაც “ამერიკის ხმის” ჟურნალისტმა პომპეოს დამატებითი შეკითხვები დაუსვა.

ჩაომ ასევე თანამდებობიდან გაათავისუფლა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების დირექტორი ტედ ლიპიენი, რადიო თავისუფალი აზიისა და ახლო აღმოსავლეთის მაუწყებელთა ქსელის დირექტორები. თანამდებობიდან გადადგა კუბის მაუწყებლობის ოფისის ხელმძღვანელი.

ჩაოს გადაწყვეტილებით, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების დირექტორის მოვალეობას დეიზი სინდელარი შეასრულებს, რომელიც ამავე მედიაორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი და მთავარი რედაქტორი იყო. ჩაომ ახალი ხელმძღვანელები დანიშნა ასევე რადიო თავისუფალ აზიასა და ახლო აღმოსავლეთის მაუწყებლების ქსელში.

ავტორი : მაია მეცხვარიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ