ენდრიუ ტეიტის მავნე გავლენა სოციალური ქსელებით
23.01.2023
2022 წლის 30 დეკემბერს, ტვიტერზე გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ, რუმინეთის პოლიციამ დააკავა სექსისტური და მიზოგენური ვიდეოებით ცნობილი ინტერნეტ "ინფლუენსერი" ენდრიუ ტეიტი. მას ბრალად სექსუალური ძალადობა და ტრეფიკინგი ედება, თუმცა გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

რა ხდება?

2022 წლის 27 ოქტომბერს, სოციაოლურ მედიაში ულტრამემარჯვენე-კონსერვატიული და სექსისტური განცხადებებით ცნობილმა ყოფილმა კიკბოქსიორმა, ენდრიუ ტეიტმა გარემოს დამცველ აქტივისტ, გრეტა ტუნბერგს დამცინავი "ტვიტი" მიუძღვნა. ტვიტში ის თავისი ძვირადღირებული ავტომობილებით იწონებდა თავს და ტუნბერგს სწერდა, გაეზიარებინა მისთვის ელექტრონული ფოსტის მისამართი, რათა სრული სია გაეგზავნა მანქანებისა, თავიანთი "უზარმაზარი გამონაბოლქვით.

პასუხად, ტუნბერგმა ტეიტს ტვიტერზევე საჯაროდ მისწერა: "გთხოვ, განმანათლე. მომწერე მისამართზე Smalldickenergy@getalife.com (მისამართი ითარგმნება, როგორც პატარაპენისისენერგია@ცხოვრებაისწავლე.com). ეს ტვიტი ტუნბერგის ანგარიშზე დღეს მესამეა, მოწონებების რაოდენობით. ამ ტვიტს დღეისთვის ოთხ მილიონამდე მოწონება აქვს.

30 დეკემბერს ტეიტმა ტუნბერგს პასუხად ვიდეო ჩაუწერა, სადაც კადრში რუმინული პიცის ბრენდი ჩანდა. იმავე დღეს, ტეიტი რუმინეთის პოლიციამ დააპატიმრა სექსუალური ძალადობისა და ტრეფიკინგის შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. ერთ-ერთი ვერსიით ტეიტის ადგილმდებარეობა სწორედ პიცის ყუთმა გასცა, თუმცა ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა.

პოლიციამ ტეიტს ასევე ჩამოართვა სულ ცოტა 11 ძვირადღირებული ავტომობილი.

რა არის პრობლემა?

  • სოციალურ მედიაში ინფორმაციის გამოქვეყნება ადვილია, მათ შორის რადიკალურად განწყობილი ადამიანებისთვის. შესაბამისად, ბოლო წლებში უფრო და უფრო ხშირად ვრცელდება რადიკალური და, ხშირად, ძალადობისკენ მომწოდებელი გზავნილები.
  • ენდრიუ ტეიტი ერთ-ერთი ასეთი "ინფლუენსერია", რომელსაც მილიონობით მიმდევარი ჰყავს.
  • თვითგამოცხადებული მიზოგენი, ენდრიუ ტეიტი ჰომოფობიური, რასისტული და სექსისტური განცხადებებით არის ცნობილი, თუმცა ყველაზე აგრესიულად ვიდეოებში სწორედ ქალებზე საუბრობს.

რატომ არის ეს ამბავი მნიშვნელოვანი?

მიზოგენური და სექსისტური გამოსვლებით ცნობილ ენდრიუ ტეიტთან დაკავშირებულ სოციალური მედიის ანგარიშებს მილიონობით მიმდევარი ჰყავს და განსაკუთრებით დიდი გავლენა აქვს ბიჭებზე და ახალგაზრდა კაცებზე. მედიაექსპერტები ხშირად ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, რომ მისმა ვიდეოებმა შესაძლოა "გზა გაუხსნას" სხვა ექსტრემისტულ და მოძალადე კონტენტს სოციალურ მედიაში.

უფრო ვრცლად

  • მრავალენოვანი საერთაშორისო ონლაინ გამოცემის, "ვაისისმა" (VICE) გამოაქვეყნა ინტერვიუები ქალებთან, რომლებიც ენდრიუ ტეიტს ძალადობასა და შევიწროვებაში ადანაშაულებენ.
  • 12 იანვარს გამოქვეყნებულ დოკუმენტურ ფილმში ეს ქალები ანონიმურად ჰყვებიან, როგორ ითხოვენ წლების განმავლობაში, ამ საქმის გამოძიებას პოლიციისგან, თუმცა უშედეგოდ.
  • სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ვიდეოში ენდრიუ ტეიტი საუბრობს კიდეც იმაზე, როგორ უდევს საწოლთან მაჩეტე, რათა გამოიყენოს ის იმ ქალების წინააღმდეგ, რომლებიც მას ღალატში დაადანაშაულებდნენ. 
  • ტეიტი ამბობს იმასაც, რომ ქალებზე სექსუალური ძალადობა ქალებისვე ბრალია.

ენდრიუ ტეიტის გავლენა ბიჭებზე ისეთი მაღალია, რომ დიდი ბრიტანეთის სკოლებში ამ პრობლემას საჯაროდ განიხილავენ. "ტეიტის გამოსვლების პრობლემა არამხოლოდ ისაა, რომ ისინი ტოქსიკურად მასკულინური და მიზოგენურია. არც მხოლოდ ის, რომ ის მუდმივად მსხვერპლს აკისრებს პასუხისმგებლობას ძალადობაზე. მის გამოსვლებში ჩანს, რომ მას საერთოდ არ ეტყობა, რომ სხვა ადამიანებს ადამიანებად მიიჩნევს", - ამბობს ერთერთი ჩრდილოეთ ირლანდიელი მასწავლებელი The Independent Newspaper-თან ინტერვიუში.

კიდევ რა უნდა ვიცოდეთ ენდრიუ ტეიტზე?
  • ენდრიუ ტეიტი ფეისბუქზე, ინსტაგრამზე და ტვიტერზე 2022 წლიდან დაბლოკილია ქალების შესახებ მისი შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო. ფეისბუკის მფლობელი კომპანია "მეტამ" ის "საზოგადოებისთვის საშიში პიროვნებებისა და ორგანიზაციების სიაშიც შეიყვანა.
  • ტეიტი ტვიტერზეც დაბლოკილი იყო, თუმცა კომპანიის ყიდვის შემდეგ ახალმა მფლობელმა, ილონ მასკმა მისი ანგარიში აღადგინა. ტეიტიც და მასკიც ხშირად იყენებენ ულტრამემარჯვენე ტერმინოლოგიას.
  • სოციალურ ქსელებში დაბლოკვის მიუხედავად, სხვადასხვა ანგარიშიდან აქტიურად ვრცელდება მისი ვიდეოები. ენდრიუ ტეიტი მათთან პირდაპირ კავშირს უარყოფს, და ამბობს, რომ სოციალურ ქსელში სხვა ადამიანების ქცევას "ვერ გააკონტროლებს".

ავტორი : ონიკ ჯეიმს კრიკორიანი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ