გამოვლინდა რუსული დეზინფორმაციის ახალი ქსელი
16.06.2023
საფრანგეთმა რუსეთის დეზინფორმაციის გლობალური ქსელი გამოავლინა.

ეს კამპანია აყალბებდა სანდო რეპუტაციის მქონე ახალი ამბების ვებგვერდებს და მათი სახელით ავრცელებდა რუსეთის პროპაგანდისტულ გზავნილებს.

რა ხდება?

ეს ბოლო წლებში გამოვლენილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი რუსული დეზინფორმაციული კამპანიაა.

  • გააყალბეს ისეთი გამოცემების ვებგვერდები, როგორებიცაა,Le Monde, Le Figaro, La Parisian - საფრანგეთში; Frankfurter Allgemeine Zeitung, Der Spiegel და Bild - გერმანიაში და Mako Liberal in Hebrew, Jewish Journal - ისრაელში.
  • ვებგვერდები, სადაც ყალბი მასალები ქვეყნდებოდა, სანდო და გავლენიანი ახალი ამბების ვებგვერდების იდენტური იყო, თუმცა შეცვლილი მისამართით.
  • ინფორმაციის გაყალბების ამ ტაქტიკას typosquatting ჰქვია, და გათვლილია იმაზე, რომ მომხმარებლები ვებგვერდის ზუსტ მისამართს არ გადაამოწმებენ.

მიზანი

  • რუსი პროპაგანდისტების მთავარი მიზანი იყო საფრანგეთში, გერმანიასა და ისრაელში სახალხო და უკრაინისადმი პოლიტიკური მხარდაჭერის განეიტირალება.
  • ყალბ ვებსაიტებზე გამოქვეყნებული ყველა რეპორტაჟი და სტატია ერთსა და იმავე ნარატივს ეხმიანებოდა: უკრაინის მხარდაჭერა საფრთხეს უქმნის ქვეყნების ეკონომიკას და მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას.

კამპანია პრორუსულ და ანტი უკრაინულ გზავნილებს ავრცელებდა

  • მაგალითად, ისრაელის ახალი ამბების საიტის Mako-ს ყალბი რუსული ვერსია mako.co.il-ის ნაცვლად იყენებდა დომეინს mako.news.
  • ვებგვერდმა გამოაქვეყნა ორი ყალბი ამბავი, სათაურით "უკრაინასთან სოლიდარობა ძალიან ძვირია" და "ზელენსკის თავდასხმები ირანზე მხოლოდ ზიანს აყენებს ისრაელს".
  • „ფრანგი მინისტრი მხარს უჭერს უკრაინაში რუსი ჯარისკაცების ამოხოცვას“, - ასე ჟღერს ერთ-ერთი ყალბი სტატიის სატაური, რომელიც განთავსებული იყო ცნობილი ფრანგული გაზეთი Le Monde-ის ყალბ ვებსაიტზე.

ორივე სტატიის ავტორად რეალური ჟურნალისტების სახელები ეწერა.

Typosquatting გარდა, კამპანია მოიცვდა ბევრ სხვა ტექნიკას, მაგალითად, ანიმაციების წარმოებას პრორუსული ნარატივით ან უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის დაცინვით.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ამ დეზინფორმაციულ ოპერაციაში პირდაპირ და პირველად დაადანაშაულა რუსეთი.

“რუსეთის საელჩოებისა და კულტურული ცენტრების ჩართვა, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ ამ კამპანიის გაძლიერებაში, მათ შორის მათი ინსტიტუციური ანგარიშების საშუალებით სოციალურ ქსელებში, არის კიდევ ერთი ილუსტრაცია იმ ჰიბრიდული სტრატეგიისა, რომელსაც რუსეთი ახორციელებს დემოკრატიული დებატების შელახვის მიზნით“, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კეტრინ კოლონამ.

რუსული დეზინფორმაციული ქსელი ადრეც არაერთხელ გამოვლენილა, მაგალითად კომპანია Meta-ს მიერ ფეისბუქზე ათასობით ყალბი რუსული ნარატივის გამავრცელებელი ანგარიში დაუბლოკავს, თუმცა ეს ახალი ტალღა წელს, მცირე პაუზის შემდეგ დაიწყო.

ავტორი : მარგარიტა ანთიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ