მედიაკალენდარი: BBC-ის Hardtalk 20 წლისაა
31.03.2017
BBC-ის გადაცემა Hardtalk ეთერში პირველად1997 წლის 31 მარტს გავიდა და მსოფლიო აღიარება მალევე მოიპოვა. Hardtalk რესპონდენტებთან 25 წუთიან პირისპირ, კონფრონტაციულ და სიღრმისეულ ინტერვიუს გულისხმობს. გადაცემა ეთერში კვირაში ხუთჯერ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, BBC World News-ის მეშვეობით გადაიცემა.

1997 წლის 31 მარტს პირველი გადაცემა ჟურნალისტმა ტიმ სებასტიანმა წაიყვანა და 2005 წლამდე სწორედ ის მასპინძლობდა Hardtalk- ის სტუმრებს. ბოლო შვიდი წელია, რაც Hardtalk-ში მასპინძლის როლი, BBC-ის საერთაშორისო კორესპონდენტმა და გამოცდილმა ინტერვიუერმა სტივენ საკურმა მოირგო.

„Hardalk მიზანი არ არის ყვირილი ან ქულების დაწერა, Hardtalk - ეს იმ აზრიანი კითხვების დასმაა, იმ კითვების, რომელსაც ჩვენი მაყურებელი დასვამდა Hardtalk-ის წამყვანის სკამზე ჯდომის შესაძლებლობა რომ ჰქონოდა“ - ამბობს სტივენ საკური.

წლების განმავლობაში Hardtalk-ის სტუმრები იყვნენ პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტი პერვეზ მუშარაფი, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი ტაბო მბეკი, პოპულარული მუსიკოსი ბოი ჯორჯი და სხვები. გარდა ამისა, 2012 წელს გადაცემას ინტერვიუ მისცა ბირმის პრეზიდენტმა ტეინ სეინმა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ბირმას სამხედრო ხუნტას ხელმძღვანელობდა. Hardtalk-ს ინტერვიუ ჩაწერილი აქვს ეკვატორული გვინეის პრეზიდენტთანაც, რომელიც ინტერვიუებს იშვიათად თანხმდება და რომელიც საკურმა დაახასიათა, როგორც „ბუნკერის მენტალიტეტის მქონე“ და „პარალელურ სამყაროში მცხოვრები“.

2010 წელს Hardtalk-მა ინტერვიუ აიღო ვენესუელის პრეზიდეტისგან უგო ჩავესისგანაც, რომელიც დასავლურ მედიას ხანგრძლივი ინტერვიუებით იშვიათად ანებივრებდა. გარდა ამისა, გადაცემას წლების განმავლობაში სტუმრობდნენ მსოფლიო პოლიტიკის განმსაზღვრელი არაერთი წამყვანი ფიგურები, მინისტრები, თუ სხვა სახელმწიფო მოხელეები.

Hardtalk-ის პარალელურად, 2004 წელს ეკრანებზე გამოჩნდა შოუს დამატება - Hardtalk Extra, რომლის ძირითადი მიმართულება ხელოვნება და კულტურაა. გადაცემას სხვადასხვა დროს სტუმრობდნენ მწერლები პაულო კოელიო, ანიტა დესაი, მსახიობები ანჯელინა ჯოლი, კრისტოფერ რივი და სხვები.

Extra Time - ეს Hardtalk-ის გუნდის კიდევ ერთი პროდუქტია, რომლის მთავარი ორიენტირი მსოფლიო სპორტიდან ადამიანების წარმოჩენაა. გარდა ამისა, არსებობს გადაცემის ორი სამხრეთაზიური ვერსიაც - Hardtalk India და Hardtalk Pakistan.

ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ