ცნობილი ჟურნალების გარეკანები
10.03.2018
Rolling Stone - 22 იანვარი, 1981 - ჯონ ლენონი და იოკო ონო


ჯონ ლენონისა და იოკო ონოს ცნობილი ფოტო ანი ლებოვიცმა გადაიღო. თავიდან ჟურნალში წყვილის შიშველი ფოტოს გამოქვეყნებას გეგმავდნენ, მაგრამ სესიამდე იოკო ონომ უხერხულად იგრძნო თავი, ლენონმა კი ტანსაცმელი მაშინვე გაიხადა და მას მოეხვია. „თავიდან უკმაყოფილო ვიყავი და რედაქციაშიც დავრეკე, იქ მირჩიეს ყველაფერი ასევე დამეტოვებინა. ჩვენ სამნი ვიყავით და ერთი პოლაროიდი,“ - ასე შეიქმნა ფოტო 1980 წლის 8 დეკემებერს Rolling Stone-ის ცნობილი ყდისთვის. ჯონ ლენონი მისმა ფანმა იმავე ღამეს მოკლა.

Esquire -ოქტომბერი, 1966



„ღმერთო ჩემო - ჩვენ პატარა გოგოს ვესროლეთ“ - ომის რეპორტიორის ჯონ სეკის რეპორტაჟის სათაური და ჟურნალ Esquire-ის ცნობილი პირველი გვერდია. ყველაზე დიდი სტატია, რომელიც ჟურნალში გამოქვეყნებულა, ვიეტნამის ომის ქრონიკაა. სათაური კი ჯარისკაცების მიერ შემთხვევით მოკლულ 7 წლის გოგოს ეხება.

LIFE- 26 ნოემბერი, 1965


„ვიეტნამის ომის მძიმე რეალობა“ ჟურნალ LIFE-ის გარეკანზე 1965 წლის 26 ნოემბერს მოხვდა. პოლ შუცერის ფოტოს, რომელზეც ვიეტკონგელი ტყვეა აღბეჭდილი, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შუცერი მაშინ ჟურნალის ერთ-ერთი საუკეთესო ფოტოგრაფი იყო, მაგრამ 1967 წელს მოკლეს.

National Geographic -ოქტომბერი 1978



National Geographic-ის ყდას „გორილასთან დიალოგი“ ჰქვია. გორილა კოკო საკუთარ თავს უღებს ფოტოს სარკეში. ცხოველის „სელფი“ იმდენად კარგი გამოვიდა, რომ ჟურნალმა გადაწყვიტა მისი ფოტო გარეკანზე დაეტანათ. კოკოსთან მომუშავე სპეციალისტები იმასაც ამბობდნენ, რომ გორილა ნიშნების ენას სწავლობდა და მისი ლინგვისტური შესაძლებლობების მაგალითიც ნახეს.

TIME- 31 აგვისტო, 1962

ჟურნალი TIME ასეთი ილუსტრაციით შეეცადა იმ პერიოდში ახლად გაყოფილი ბერლინის აღწერას. ადამიანები ერთი ქალაქიდან ომის შემდეგ სრულიად განსხვავებულ სამყაროში აღმოჩნდნენ. საბჭოთა კავშირმა კედელთან ერთად მავთულხლართები და რკინის ფარდა ჩამოაფარა, ბერლინელებმა კი მალევე დაიწყეს უკეთეს სამყაროში თანაქალაქელებთან გაქცევაზე ოცნება. ჟურნალის ყდაც ილუსტრაციით ბერლინელების ბრძოლას ასახავს.

The New Yorker - 24 სექტემბერი, 2001


11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, New Yorker-მა ჟურნალის ყდისთვის ედ რეინჰარტის შავ-თეთრი მხატვრობიდან აიღო ინსპირაცია. ჟურნალმა დიდი ტრაგედიის აღწერა ასე მინიმალისტურად შეძლო.

National Geographic - ივნისი, 1985



ამ ფოტოზე ფოტოგრაფმა სტივ მაკკიურიმ ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე ლტოლვილთა ბანაკში 12 წლის ავღანელი გოგონას მძიმე ცხოვრება აღბეჭდა. მისი ოჯახი და სოფელი საბჭოთა ვერტმფრენების თავდასხმას ემსხვერპლა. ცნობილმა ფოტომ მსოფლიო აღიარება მას შემდეგ მოიპოვა, რაც ის National Geographic-ის მთავარ გვერდზე 1985 წლის ივნისში დაბეჭდეს.

The Economist -6 მარტი, 2010


“რა დაემართა 100 მილიონ პატარა გოგოს?” ასე გამოეხმაურა The Economist შერჩევით აბორტს. ეს მინიმალისტური ილუსტრაცია და სათაური გამოძახილია ერნესტ ჰემინგუეის ცნობილი ერთწინადადებიანი მოთხრობისა - „იყიდება ბავშვის ფეხსაცმელები, უხმარი“. მსოფლიოში მილიონობით გოგო ვერ დაიბადა, მხოლოდ იმის გამო, რომ სხვადასხვა მიზეზით, მათ ბიჭები ამჯობინეს.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ