BBC: კორბინის ვიზუალის შესაცვლელად ფოტოშოფი არ გამოგვიყენებია
23.05.2018
გამოიყენა თუ არა BBC-მ ფოტოშოფი იმისთვის, რომ ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ჯერემი კორბინი რუსს დამსგავსებოდა? მიუხედავად სოციალურ ქსელში გამოხატული უამრავი უკმაყოფილებისა, BBC ამბობს, რომ არა და მომჩივნებს უთითებს, რომ არხის ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება ბრიტანეთის სამაუწყებლო მარეგულირებელ კომისიაში შეუძლიათ.

BBC-მ ლენინისეულ სტილში ქუდით ჯერემი კორბინის გამოსახულება კრემლის ფონზე წარმოაჩინა. გამოსახულება ეკრანზე 15 მარტს ტოქშოუ Newsnight-ის იმ ეპიზოდში გამოჩნდა, როდესაც რუსეთის მხრიდან ბრიტანეთში მამა-შვილი სკრიპალების მოწამვლის ფაქტის შესახებ კორბინის პასუხზე იყო საუბარი.

BBC-ის მტკიცებით, ფოტოს დასამუშავებლად მათ ფოტოშოფი არ გამოუყენებიათ. თუმცა, ფოტოში მცირე ტექნიკური ცვლილებები შეიტანეს და ბუნებრივი ფონი გამოიყენეს.

“სინამდვილეში გრაფიკულმა ჯგუფმა ეკრანის შესაბამისი რეზოლუციის მისაღებად კონტრასტი გაზარდა და უფრო მკვეთრი ფერები გამოიყენა”, - განაცხადეს BBC-ში.

რაც შეეხება ქუდს, “დამუშავების შედეგად, კორბინის ორიგინალი ქუდის დეტალების დიდი ნაწილი დაიკარგა და ის სხვა ფორმატში გამოჩნდა, რის გამოც ზოგიერთ მაყურებელს რუსული ქუდის ასოციაცია გაუჩნდა”, - განმარტეს BBC-ში.

BBC-ში ასევე აღნიშნეს, რომ მათ მიერ პროგრამაში ფონად კრემლის გამოყენების მთავარი მიზანი ბრიტანეთსა და რუსეთს შორის ამჟამინდელი ურთიერთობის წარმოჩენა იყო.

წყარო: imediaethics.org

ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ