„ჩვენ შესახებ“ - როგორ უნდა გააცნოთ თქვენი გვერდი აუდიტორიას
26.03.2019

აუდიტორიას აქვს უფლება ფლობდეს მედიასაშუალების შესახებ ინფორმაციას, იქნება ეს მისი საკონტაქტო ნომერი, მფლობელის ვინაობა, ფინანსების გამჭვირვალობა თუ ორგანიზაციის მთავარი მისია.

მედია ეთიკის მიმომხილველი კელი მაქბრაიდი Poynter-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში ონლაინ მედიასაშუალებებისთვის "ჩვენ შესახებ" გვერდის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, დღესდღეობით მედიაში უამრავი რთული პრობლემაა, თუმცა არსებობს ერთი მარტივი პრობლემაც, რომლის გადაჭრა ნებისმიერ მედია ორგანიზაციას ზომიერი ძალისხმევით შეუძლია - ეს კი სწორედ "ჩვენ შესახებ" გვერდს უკავშირდება.

ორგანიზაციის საქმიანობის გაცნობითი ხასიათის გვერდი ყველა ონლაინ მედიასაშუალებას უნდა ჰქონდეს, თუმცა ვებგვერდების უმრავლესობას , ფაქტობრივად, არ აქვს ადგილი გამოყოფილი იმისთვის, რომ საზოგადოებას თავიანთ შესახებ მოუყვნენ - ვინ არიან, რას საქმიანობენ და რა წარმოადგენს მათს მიზანს. ზოგჯერ აუდიტორიისთვის ვებსაიტზე ელემენტარული ინფორმაციის მოძებნაც კი შეუძლებელია, მათ შორის, თუ ვინ დგას გვერდის მიღმა და საერთოდაც რატომ არსებობს ესა თუ ის ვებსაიტი.

“ჟურნალისტები ბევრს შრომობენ იმისთვის, რომ აუხსნან რას სთავაზობენ საზოგადოებას, რატომ არიან ღირებულნი და რატომ უნდა დაუჯეროთ მათ. "ჩვენ შესახებ" გვერდი კი უმარტივესი გზაა ამის სათქმელად", - განმარტავს პროექტ Trusting News-ის ხელმძღვანელი, ჯოი მეიერი.

სტატიის ავტორი გაცნობითი ხასიათის გვერდის ქონის თვალსაზრისით გამონაკლისებად სტარტაპებსა და არაკომერციულ ორგანიზაციებს მიიჩნევს. კელი მაქბრაიდი აღნიშნავს, რომ ასეთი ტიპის ვებგვერდებს ყოველთვის აქვთ ადგილი გამოყოფილი კომპანიის შესახებ ინფორმაციის განსათავსებლად, რადგან სტარტაპების შემთხვევაში, ისინი რაღაც ახალს ქმნიან და ცდილობენ ამის შესახებ საზოგადოებასაც შეატყობინონ, არაკომერციული ორგანიზაციების ნაწილი კი შემოწირულობებს ითხოვს.

მედია ორგანიზაცია NPR-ს გაცნობითი ხასიათის გვერდი მრავალფეროვანი ინფორმაციით აქვს შევსებული, მათ შორის რამდენიმე ათეული ბმულით კომპანიის ფინანსების, საკონტაქტო ინფორმაციისა და მასალის შესწორების მოთხოვნის გაგზავნის შესახებ. ამ შემთხვევაში მაქბრაიდი ერთადერთ პრობლემად იმას მიიჩნევს, რომ ბმულების მოსაძებნად მკითხველს გვერდის ბოლომდე უწევს ჩასვლა. 

 The Texas Tribune-საც არანაკლებ მრავალფეროვანი მასალა აქვს "ჩვენ შესახებ" გრაფაში, მათ შორის ინფორმაცია კადრების, ფინანსების, სტრატეგიული გეგმის, ეთიკისა და სხვა სახელმძღვანელო პრინციპების შესახებ. იგივე შეიძლება ითქვას ProPublica-ზეც.

alt


სტატიის ავტორს ჯოი მეიერის არგუმენტი მოჰყავს და წერს, რომ ექსპერტები ახალგაზრდებს ინფორმაციის შეფასებისას უპირველეს ყოვლისა მისი წყაროს დადგენას ასწავლიან და როდესაც ვებსაიტზე "ჩვენ შესახებ" გვერდი არ გვხვდება ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ კომპანიას არ სურს გამჭვირვალობა. მეიერი იმასაც აღნიშნავს, რომ ზოგიერთი ადგილობრივი მედიასაშუალების ვებგვერდზე იმის შესახებაც კი არ იძებნება ინფორმაცია, თუ რა გეოგრაფიულ არეალს ფარავს.

"ჩვენ შესახებ" გვერდის შექმნა არამარტო აუდიტორიას მიაწვდის ინფორმაციას ორგანიზაციის შესახებ, არამედ მედიასაშუალებებს შიდა მუშაობაშიც შეუწყობს ხელს, მათ შორის, ახალი კადრების ინტეგრირების პროცესსა და ეთიკური გადაწყვეტილებების მიღებაში.

მაქბრაიდის რეკომენდაციით, "ჩვენ შესახებ" სრულყოფილი გვერდის შექმნა 3 ელემენტს საჭიროებს:

  1. ხელმძღვანელობის კონსენსუსს - გუნდმა ერთად უნდა გამონახოს დრო "ჩვენ შესახებ" გვერდის შესაქმნელად.
  2. კარგი დიზაინს - მხოლოდ დიდი ტექსტი საკმარისი არაა.
  3. დეველოპერების გუნდს - გვერდზე ნებისმიერი ცვლილებისთვის პროგრამისტების შრომაა საჭირო.
კონკრეტული ნაბიჯები "ჩვენ შესახებ" გვერდის შესაქმნელად:

  • ჩამოწერეთ ხელმძღვანელი პირების სია, რომელთა ნებართვაც საჭიროა "ჩვენ შესახებ" გვერდის შესაქმნელად.
  • ამ სიიდან პროექტის მიმართ ენთუზიაზმით განაწყვეთ ერთი ადამიანი, რომელიც საქმეს ბოლომდე მიჰყვება.
  •  დაავალეთ ნიმუშის შექმნა მცირე ჯგუფს (არაუმეტეს ოთხი ადამიანისა)
  • გადაწყვიტეთ, რომელ კითხვებს უნდა პასუხობდეს თქვენი გაცნობითი გვერდი. შესაძლოა გამოიყენოთ ეს კითხვები:
         ○ რისთვის არსებობს ჩვენი საინფორმაციო ორგანიზაცია?
         ○ რა თემებს ვაშუქებთ?
         ○ რა თვალსაზრისით ვუდგებით ჩვენს საქმეს?
         ○ როგორ ვასწორებთ ჩვენს შეცდომებს? 
         ○ ვინ არის ჩვენი მფლობელი?
         ○ როგორ გვაფინანსებენ?
         ○ რა გზებით შეუძლია აუდიტორიას ჩვენთან ინტერაქცია?
         ○ ამჟამად რა გვჭირდება ჩვენი აუდიტორიისგან?
  • დაწერეთ საცდელი პროექტი.
  • ანახეთ მასალა ხელმძღვანელ პირებს მოდიფიცირებისთვის.
  • შექმენით დიზაინი.
  • პროგრამისტებს ისე განათავსებინეთ ეს მასალა ვებგვერდზე, რომ მკითხველი მას ყოველთვის ხედავდეს.
  • გამოაქვეყნეთ.
  • მიაქციეთ ყურადღება გვერდს. საშუალება მიეცით აუდიტორიას დაგიკავშირდნენ ამ გვერდის საშუალებით. ჩართეთ შეკითხვის გამოგზავნის ფუნქცია.
  • შეარჩიეთ ჟურნალისტი, რომელიც ამ გვერდზე შემოსულ ინფორმაციას ყოველ კვარტალში ერთხელ განიხილავს. როცა გამოქვეყნებულ ინფორმაციას განახლება დასჭირდება დაუბრუნდით ზემოთ ნახსენებ პირველ ნაბიჯს.

კელი მაქბრაიდი ზოგიერთ ვებსაიტზე "ჩვენ შესახებ" გვერდის არ არსებობის ერთერთ მიზეზად მენეჯმენტის მხრიდან ქედმაღლობას ასახელებს - "ზოგიერთი მედიასაშუალების ხელმძღვანელს ჰგონია, რომ ყველამ იცის მისი ორგანიზაციის შესახებ. შემიძლია გარანტია მოგცეთ იმისა, რომ ეს რწმენა უადგილოა ყველაზე ცნობილი ახალი ამბების ორგანიზაციებისთვისაც კი. თუ ასეთ ქედმაღლობას წააწყდებით ან თქვენ თვითონვე ხართ ამაში დამნაშავე, დასვით შეკითხვა: კმაყოფილი ვართ ჩვენი ამჟამინდელი აუდიტორიის ზომით? თუ გვინდა უფრო გავზარდოთ აუდიტორია? თუ აუდიტორიის ზრდა გინდათ, მაშინ ისიც უნდა აუხსნათ ხალხს, რატომ უნდა გენდოთ თქვენ", - წერს მაქბრაიდი.

ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ