როგორ "გადავურჩეთ" საპირველაპრილო ხუმრობებს
31.03.2019

აპრილის მოახლოება როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში, საპირველაპრილო ხუმრობებთანაა დაკავშირებული. პირველ აპრილს ხშირად შეხვდებით სხვადასხვა კომპანიისა თუ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებას, რომელიც სინამდვილეში "უწყინარი ხუმრობა" აღმოჩნდება ხოლმე.

ამ მცდარი განცხადებების ტირაჟირებას მედიასაშუალებების ნაწილიც უწყობს ხელს. ზოგიერთ შემთხვევაში, თავად მედია ორგანიზაციებიც იგონებენ არარსებულ ფაქტებს და აუდიტორიის საპირველაპრილოდ გაცურებას (მოტყუებას) ცდილობენ.

ამ თემაზე: "საპირველაპრილო ხუმრობები ქართულ მედიაში"

თუმცა, რამდენად მისაღებია მსგავსი მიდგომა და როგორ უნდა მოიქცეს ჟურნალისტი, რომ შემთხვევით პირველი აპრილის ხუმრობების ”მსხვერპლი“ არ გახდეს და ყალბი ინფორმაცია არ გაავრცელოს? - ამ კითხვებზე პასუხსა და რჩევებს Poynter-ის ინსტიტუტი აქვეყნებს.

1. ნუ იჩქარებთ - სხვა დღეებთან შედარებით პირველ აპრილს ადამიანები უფრო მეტად შეეცდებიან მოგატყუონ, ამიტომ ნუ იჩქარებთ, დაფიქრდით და სკეპტიკურად შეხედეთ ყველა ამბავს.

2. ნუ ენდობით სტუდენტურ გამოცემებს - და ზოგადად, თვალდახუჭული არც სხვა მედიასაშუალებებს ენდოთ, გადაამოწმეთ ყველა ფაქტის სისწორე.

3. იქნებ არ ღირს მონაწილეობა - მკითხველებისთვის თქვენ მიერ გავრცელებული უწყინარი ხუმრობები შეიძლება უკან ცუდად დაგიბრუნდეთ. ორგანიზაცია RTDNA-ს ყოფილი თავმჯდომარე ვინსენტ დაფი ამ საკითხთან დაკავშირებით წერდა " ბევრმა ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი სანდოობაა, განსაკუთრებით იმ ხანაში, როდესაც ბევრი მედიასაშუალება ჯერ ამბავს აშუქებს და ფაქტებს მოგვიანებით ამოწმებს. ზოგიერთი პოლიტიკური ორგანიზაცია და აქტივისტი კი დეზინფორმაციას გამიზნულად ავრცელებს სოციალური მედიის საშუალებით. თუ გვინდა, რომ გვენდობოდნენ, მაშინ არ უნდა ჩავერთოთ ხალხის მოტყუების (საპირველაპრილო) თამაშში."

4. ზოგჯერ ეს მუშაობს - National Public Radio-მ 2014 წელს Facebook-ზე საპირველაპრილოდ ერთდროულად სახუმარო და შინაარსიანი მასალა გამოაქვეყნა სათაურით: "რატომ აღარ კითხულობენ ამერიკელები?" ბმულზე გადასულ მკითხველს კი შემდეგი ტექსტი დახვდა ვებგვერდზე:

"ჭეშმარიტო (ნამდვილო) მკითხველებო, გილოცავთ პირველ აპრილს!

ზოგჯერ გვგონია, რომ ხალხის ნაწილი ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ სტატიებზე ისე აკომენტარებს, რომ მათ არც კი კითხულობს. თუ შენ ახლა ამას კითხულობ, გთხოვ მოიწონე ეს პოსტი, მაგრამ არ დატოვო კომენტარი მის ქვეშ და ვნახოთ, რას იტყვის ხალხი ამ "სტატიაზე".

სასიამოვნო დღეს გისურვებთ.
საუკეთესო სურვილებით,
თქვენი მეგობრები NPR-დან“

alt


და ბოლოს, Poynter-ის ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ცენტრი სვამს კითხვას: "ყალბი ახალი ამბების ერაში, არის კი სასაცილო საპირველაპრილო ხუმრობები?

----
P.S. სტატიის ორიგინალი ვერსია Poynter-ზე 2015 წელს გამოქვეყნდა, 2018 წელს კი სტატია განახლდა.


ასევე დაგაინტერესებთ:
"ნინია კაკაბაძის ხუმრობა ონლაინ მედიის ნაწილმა ახალ ამბად გაავრცელა"

 


ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ